ნახეთ: რა ემართება ვარსკვლავს, როცა ის ზემასიურ შავ ხვრელს ზედმეტად უახლოვდება
ჰაბლის კოსმოსურმა ტელესკოპმა ვარსკვლავის სიცოცხლის აღსასრული დააფიქსირა. მნათობი ზედმეტად მიუახლოვდა ჩვენგან 300 მილიონი სინათლის წლით დაშორებულ ზემასიურ შავ ხვრელს, რომლის უმძლავრესმა გრავიტაციამაც მისი მთლიანობა დაარღვია და დისკოდ გარდაქმნა.
ეს ESO 583-G004-ის სახელით ცნობილი გალაქტიკის ცენტრში მოხდა, რასაც ულტრაიისფერი გამოსხივების ძალიან ძლიერი ნაკადი მოჰყვა. სწორედ მისი მეშვეობით დაადგინეს ასტრონომებმა იმ ადგილის მდებარეობა, სადაც ვარსკვლავი განადგურდა.
როდესაც შავი ხვრელი "მსხვერპლს" იხელთებს, ამ უკანასკნელზე მისი გრავიტაციის გავლენით მოქცევის ძალა მოქმედებს. ეს პროცესი უფრო მეტად აისახება იმ რეგიონებზე, რომლებიც შავ ხვრელთან უფრო ახლოსაა, რაც ე.წ. სპაგეტიფიკაციას ედება საფუძვლად, ანუ მნათობის გრძივად დანაწევრებას და ამ ძლევამოსილი ობიექტის გარშემო შრეებად შემოხვევას.
იქ ფორმირებული დისკოსებრი პლაზმა შავი ხვრელის ირგვლივ სწრაფად მოძრაობას იწყებს და მაღალენერგიულ ნაკადს წარმოქმნის, რომელიც ძალიან კაშკაშაა. ეს ოპტიკური და რენტგენული ობსერვატორიების, ასევე, რადიოტელესკოპების მიერ მის დაფიქსირებას ხდის შესაძლებელს. მათ შორისაა ჰაბლიც, რომლის მონაცემებმაც მეცნიერებს ზემოხსენებულ მოვლენაზე დაკვირვების საშუალება მისცა, თანაც, ობიექტის განსაკუთრებული სიკაშკაშიდან გამომდინარე, ჩვეულებრივზე დიდი ხნით.
"ჩვენ ვხედავთ ვარსკვლავურ ქარს, რომელიც შავი ხვრელიდან მომდინარეობს და აქეთკენ 32 მილიონი კმ/სთ სიჩქარით მოემართება", — აცხადებენ მეცნიერები.
ვარსკვლავისთვის სპაგეტიფიკაცია ნიშნავს, რომ, პირველ რიგში, მას ატმოსფეროს გარეთა ფენები შორდება. მათი შემადგენელი აირი შავი ხვრელის გარშემო გადაადგილდება და დისკოს ფორმირებას უწყობს ხელს. შემდეგ იგივე ხდება მნათობის დარჩენილი პლაზმის შემთხვევაშიც. აღსანიშნავია, რომ ვარსკვლავური მატერიის უდიდესი ნაწილი შავ ხვრელში სულაც არ ჩაედინება, არამედ ღია სივრცეში იფანტება.
კვლევის შედეგები მეცნიერებმა ამერიკული ასტრონომიული საზოგადოების რიგით 241-ე შეხვედრაზე წარადგინეს.
კომენტარები