12 წლის ბიჭმა ორი სავარაუდო ასტეროიდი აღმოაჩინა
ფოტო: ESA-Science Office
ონტარიოში მცხოვრები მოზარდი ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა კანადელი გახდა, რომელმაც ასტეროიდი აღმოაჩინა. 12 წლის სიდჰარტ პატელმა სექტემბერში ორი ისეთი ობიექტი დააფიქსირა, რომელიც, შესაძლოა, სწორედ ასტეროიდის კატეგორიას მიეკუთვნებოდეს.
ის სამოყვარულო ასტრონომების პროექტშია ჩართული, რომელიც NASA-თან თანამშრომლობით მიმდინარეობს. სავარაუდო ასტეროიდები 2024 RX69 და 2024 RH39-ია. ისინი საერთაშორისო ასტრონომიული გაერთიანების მცირე პლანეტათა ცენტრის კატალოგშია შეტანილი. ამ ცენტრის მთავარი მიზანი ბუნებრივი წარმომავლობის მომცრო ობიექტების აღრიცხვაა.
სიდჰარტმა მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ ასტრონომია ძალიან აინტერესებს და ტელესკოპს 5 წლის ასაკიდან იყენებს. ამაში მას მშობლებიც უწყობენ ხელს, რომელთაც რაიმე მსგავსი გამოცდილება არ აქვთ. ბიჭი ცას სასკოლო აქტივობების შემდეგ აკვირდება, რადგან, როგორც ის ამბობს, სკოლაში კოსმოსის შესახებ ბევრს არ ასწავლიან.
"სკოლა აკადემიურ საქმიანობას მოიცავს, ამის შემდეგ კი დგება დრო, როცა ჩემს ინტერესებსა და ოცნებებს მივყვები", — ამბობს სიდჰარტი.
ამ ორი კანდიდატი ასტეროიდის ავთენტურობის დადასტურებას შეიძლება ათწლეულიც კი დასჭირდეს. ეს ბიჭს სულაც არ ანაღვლებს, რადგან მომავალში ასტრონავტობა სურს. იგი სამეფო კანადურ საჰაერო კადეტთა ახალგაზრდულ რიგებს უკვე შეუერთდა, რათა თვითმფრინავის მართვა ისწავლოს. უნდა ითქვას, რომ ზუსტად ასე დაიწყო ისეთი კანადელი ასტრონავტების კარიერაც, როგორიც, მაგალითად, ჯერემი ჰანსენია. ის მომავალ წელს NASA-ს ისტორიულ მისია არტემის 2-ის ფარგლებში მთვარის გარშემო იმოგზაურებს.
რაც შეეხება სიდჰარტის მიგნებას, მან შესაძლო ასტეროიდები საერთაშორისო ასტრონომიული ძიების კოლაბორაციული პროგრამის ფარგლებში დააფიქსირა. მასში ჩართული მოყვარული ასტრონომები Pan-STARRS ტელესკოპთა სისტემისა და Catalina Sky Survey-ის მონაცემებს იყენებენ.
ბიჭის მიერ გამოვლენილი ორივე სხეული მარსსა და იუპიტერს შორის არსებულ ასტეროიდთა სარტყელში მოძრაობს. ამის გარდა, პროექტის მონაწილეებს დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდებისა და ნეპტუნისმიღმა ობიექტების აღმოჩენაც შეუძლიათ.
ეს სიდჰარტის პირველი წარმატება არაა. კომეტა C/2023 A3-ისა და ირმის ნახტომის გალაქტიკის სურათების წყალობით მან ბნელი ცის წლევანდელ საერთაშორისო ფოტოკონკურსში ხალხის რჩეულის პრიზიც მოიპოვა.
კომენტარები