მეცნიერებმა ადამიანის მონათესავე გადაშენებულ სახეობაში გორილას მსგავსი ნიშნები გამოავლინეს
ფოტო: Cicero Moraes/Wikimedia Commons/CC-BY-SA 4.0
არქეოლოგებმა ადამიანის მონათესავე გადაშენებული სახეობის, სახელად Paranthorpus boisei-ის, ხელის ნამარხები აღმოაჩინეს, რომლის თითებშიც ადამიანისა და გორილას მსგავსი ნიშნების ნარევი შეინიშნებოდა.
კენიაში ნაპოვნი 1.5 მილიონი წლის ნამარხების შესახებ ინფორმაცია ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა. ამ გვარის პირველი ნიმუში დოქტორმა რობერტ ბრუმმა 1938 წელს სამხრეთ აფრიკაში აღმოაჩინა. სახელი Paranhropus "ადამიანის გვერდით მყოფს" ნიშნავს და იმ ფაქტს ასახავს, რომ იგი ადამიანების უძველეს ნათესავთან ერთად თანაარსებობდა.
რაც შეეხება ამ ახლად ნაპოვნ სახეობა, Paranthropus boisei-ს, იგი პირველად 1959 წელს მერი და ლუის ლიკებმა კენიაში, ოლდუვაის ხეობაში აღმოაჩინეს. მისი მასიური ქვედა ყბისა და კბილების გამო მას მეტსახელი "მაკნატუნა" შეერქვა. მის კბილებს მოლარის ფორმა ჰქონდა, რამაც კვების რაციონზე საინტერესო ინფორმაცია მოგვაწოდა. მეცნიერები აცხადებენ, რომ იგი მკვრივ და ბოჭკოვან საკვებს, დიდი ალბათობით მცენარეულობას ჭამდა, რაც ინტენსიურ ღეჭვას მოითხოვდა.
Paranthropus ჩვენი სახეობის წარმომადგენლების მსგავსად ორ ფეხზე მოსიარულე ჰომინიდი იყო და ზომაშიც ჩვენნაირი იყო. იგი დაახლოებით 800 ათასი წლის წინ გადაშენდა.
მეცნიერები ჰომინიდების ორ შტოს ყველა ფაქტორის მიხედვით ადარებდნენ, რათა დაედგინათ, თუ რომელი ნიშნები უზრუნველყოფდა ჰომოს გვარის გადარჩენას. ჰომოს სიცოცხლისუნარიანობა მის დიდ ტვინს, პატარა კბილებსა და ხორცზე დაფუძნებულ დიეტას მიეწერებოდა.
Paranthropus თავისი დიდი კბილებითა და პატარა ტვინით ხშირად ევოლუციურად "მეორეხარისხოვან" არსებად განიხილება, რადგან ცვალებად სამყაროში გადასარჩენად ადაპტირების არასაკმარისი უნარი ჰქონდა. ამის მიუხედავად, აქამდე არ არსებობდა არანაირი მტკიცებულება იმის შესახებ, თუ კონკრეტულად როგორ იყენებდა Paranthropus თავის სხეულსა და ტვინს.
კენიაში ნაპოვნი ახალი ნამარხები კი გვიჩვენებს, რომ Paranthropus boisei არც მოუქნელი იყო და თავის ცხოვრების წესთანაც კარგადაც ადაპტირდებოდა. ნაშთები, რომლებიც დაახლოებით 1.52 მილიონი წლითაა დათარიღებული, კიდურების ძვლებს მოიცავს და ისინი უკვე დადასტურებულად Paranthropus boisei-ის ყბებისა და კბილების გვერდით იქნა ნაპოვნი. აღმოჩენის წყალობით ჩვენ პირველად შეგვიძლია ამ სახეობის მასიური საღეჭი აპარატი იმ კიდურებსა და ხელებთან დავაკავშიროთ, რომლებიც მას ფუნქციონირებაში ეხმარებოდა.
მრავალი მეცნიერის თვალსაზრისით თითები გორილისას უფრო ჰგავს, ვიდრე ადამიანისას, მაგრამ ფეხები ჰომო საპიენსის ქვედა კიდურებს ძალიან წააგავს. ახალი აღმოჩენა გვაცნობს არსებას, რომელსაც აღმოსავლეთ აფრიკის შერეულ ღია ჰაბიტატებში ორ ფეხზე გადაადგილება და სავარაუდოდ მარტივი იარაღების დამზადებაც კი შეეძლო.
ამის მიუხედავად, ჰომოს გვართან აშკარა განსხვავებებიც ფიქსირდება. Paranthropus boisei-ს ცერა თითი ჩვენსაზე მოკლე იყო, რაც სიარულის განსხვავებულ მანერაზე მიუთითებს. მათი ნეკა თითები მაიმუნებთან შედარებით უფრო სწორი და ხისტი იყო, მაგრამ არც ისე დახვეწილი, როგორც ჰომო საპიენსისაა.
Paranthropus boisei-ს ფეხი აჩვენებს, რომ 1.5 მილიონი წლის წინ ორ ფეხზე სიარული ყველა ჰომინიდის საერთო საფუძველი იყო და არა უნიკალური უპირატესობა. ჰომინიდების ევოლუციური გზები არა მოძრაობის, არამედ ცხოვრების წესის გამო გაიყო. მაშინ როცა ჰომო საპიენსი სულ უფრო მეტად იყენებდა ტვინს, იარაღებსა და გუნდურ მუშაობას, Paranthropus-მა აქცენტი სიძლიერეზე გააკეთა. მკველვრების შეფასებით სწორედ ამიტომ გადარჩნენ ჰომო საპიენსები, ხოლო Parantropus-ის გვარი ევოლუციური ხიდან სამუდამოდ გაქრა.


კომენტარები