მეცნიერებმა ცილის ინექციით გულის შეტევით დაზიანებული ქსოვილის აღდგენა შეძლეს
გლობალურად გულსისხლძარღვთა დაავადებები ადამიანების სიკვდილის მიზეზი ყველაზე ხშირად ხდება.
გულის შეტევის შედეგად ხშირად გულის კუნთი ზიანდება, რომელიც დროთა განმავლობაში "ნაიარევად" ყალიბდება. ეს დაზიანებული ქსოვილები დროთა განმავლობაში სისხლის მიმოქცევის პრობლემებს იწვევს, რადგან არ გააჩნია ისეთი ელასტიკურობა, როგორიც ჯანმრთელ კუნთს.
ეს დღემდე ასე იყო, თუმცა ისტორიაში პირველად, სიდნეის უნივერსიტეტის მკვლევრებმა ახალი მეთოდი შეიმუშავეს. მათ ცილის ინექციის საშუალებით დაზიანებულ კუნთს ძველებური ელასტიკურობა დაუბრუნეს.
პრეს რელიზის მიხედვით, ამ ნივთიერებას, ტროპოელასტინს, "საათის უკან გადაწევა" შეუძლია. როგორც ჩანს, ის ნაიარევებს უფრო წელვადად აქცევს და გულის შეკუმშვის შესაძლებლობას აუმჯობესებს.
ეს პირველი შემთხვევაა, როცა ტროპოელასტინი ამ მიზნით გამოიყენეს.
ცილის პოტენციალის კვლევა
"ეს კვლევა აჩვენებს, რომ გულის სამკურნალოდ ტროპოელასტინის გამოყენებას პოტენციალი ნამდვილად გააჩნია და ამ კუთხით დამატებით შრომას გასაოცარი შესაძლებლობების გამოჩენა შეუძლია", — განაცხადა უესტმიდის სამედიცინო კვლევის ინსტიტუტის მთავარმა მკვლევარმა, პროფესორმა რობერტ ჰიუმმა.
კლინიკურ კვლევებამდე, მეცნიერებმა ტროპოელასტინი ინფარქტგადატანილი ვირთხების გულზე გამოცადეს.
ამ ოპერაციის ჩასატარებლად მეცნიერებმა ახალი ქირურგიული მეთოდი გამოიყენეს, რომლის ფარგლებშიც ულტრაბგერით მართვადი ნემსი გულის კედელში შეჰყავთ. ეს აქამდე ცნობილ მეთოდებზე ნაკლებად ინვაზიურია.
28 დღის შემდეგ, დაზიანებულმა კუნთმა ელასტიკურობა აღიდგინა და ისევე დაიწყო მუშაობა, როგორც ამას გულის შეტევამდე აკეთებდა.
დამატებითი კვლევების შედეგად მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ტროპოელასტინმა ნაიარევის ზომაც შეამცირა. დამატებით, გულის ფიბრობლასტებს პეტრის ჯამში დააკვირდნენ. ტროპოელასტინით მკურნალობის შემდეგ აღმოჩნდა, რომ უჯრედები ელასტინს აგენერირებდენ, რაც ადამიანის ქსოვილს ელასტიურობას და წელვადობას ანიჭებს.
კვლევა ჟურნალ Circulation Research-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები