Nvidia-ს ამ პროგრამით კამერას თვალს გაუსწორებთ, მაშინაც კი, როცა სხვაგან იყურებით
Nvidia-ს სტრიმინგ პროგრამას ამიერიდან შეუძლია, ე.წ Deepfake ტექნოლოგიის საშუალებით გამოაჩინოს, თითქოს კამერას უყურებთ, თქვენი მზერა კი ამ დროს, შესაძლოა, მასთან ახლოს საერთოდ არ იყოს. ხელოვნური ინტელექტის საშუალებით Eye Contact ფუნქცია, რომელიც Nvidia Broadcast 1.4-ს დაემატა, თქვენს რეალურ თვალებს სიმულაციით შექმნილით ჩაანაცვლებს.
კომპანიის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ფუნქცია იმ კონტენტის კრეატორებისთვის შეიქმნა, რომლებსაც სურთ, კამერაში ყურების პარალელურად ჩანაწერები იკითხონ. ეს ეთიკურ კითხვებს აჩენს — რამდენად გამართლებულია, მუშაობდე სხვა რამეზე, როცა სამსახურის შეხვედრაზე ან კონფერენციაზე ხარ და მოსაუბრეს ჰგონია, რომ ყურადღებით უსმენ? ან როცა ლექციას ესწრები და პარალელურად სხვა რამეს კითხულობ ან უყურებ? მიუხედავად ამ კითხვებისა, ალბათ, ეს სიახლე ძალიან ბევრს გაახარებს.
როგორც ვიდეოში ვხედავთ, ტექნოლოგია ძალიან საინტერესოა, თუმცა იდეალური და უპრობლემო მაინც არ არის. ზოგ შემთხვევაში თვალი არაბუნებრივად სწრაფად მოძრაობს და პროგრამას "ბრმა წერტილები" მაინც აქვს, რომლის აღქმასაც ვერ ახერხებს. როგორც ჩანს, თუ ფრთხილად ვიქნებით, მისი წარმატებით გამოყენება შეიძლება, თუმცა გამოუცდელი მომხმარებელი, შესაძლოა, შარში ძალიან მარტივად გაეხვეს.
Nvidia-ს განცხადებით, ეს ფუნქციის ბეტა ვერსიაა და საზოგადოების მხრიდან გამოხმაურების პარალელურად, ის თანდათან დაიხვეწება. ხელოვნური ინტელექტი ხშირ შემთხვევაში თვალის ფერის იმიტაციასაც წარმატებით ცდილობს, თუმცა ეს ვიდეოზარებისას ისედაც ძალიან რთულად გასარჩევია. კომპანია მომხმარებელს სთხოვს, ფუნქციის გამოყენების შემთხვევაში მოკლე ვიდეოჩანაწერი ატვირთოს, რომელსაც გასაანალიზებლად გამოიყენებენ.
Nvidia Broadcast-ს სხვა მნიშვნელოვანი ფუნქციებიც აქვს. მაგალითად, ასევე AI-ის საშუალებით, თქვენი ფონის სრულყოფილი ჩანაცვლება და მიკროფონში შემომავალი ფონური ხმების გაქრობა შეუძლია.
ანალოგიურ ტექნოლოგიებზე წარსულში Apple და Microsoft-იც მუშაობდნენ.
Broadcast-ის 1.4 ვერსიის გადმოწერა და დაყენება ამჟამად შეუძლია ნებისმიერს, ვისი კომპიუტერიც RTX სერიის ვიდეო ბარათითაა აღჭურვილი.
კომენტარები