NASA-ს კამერამ მთვარეზე გადაიღო ადგილი, სადაც მზე არასდროს ანათებს
სამხრეთკორეულ კოსმოსურ აპარატზე Danuri დამონტაჟებულმა NASA-ს კამერამ მთვარეზე პირველი სურათი გადაიღო, რომელიც დედამიწის ბუნებრივ თანამგზავრზე არსებულ, მუდმივად ჩრდილში მოქცეულ ადგილს გვიჩვენებს.
აღნიშნული ხელსაწყო ShadowCam-ის სახელითაა ცნობილი და ისეთი არეალების აღსაბეჭდადაა შექმნილი, სადაც მზის პირდაპირი სხივები არ ხვდება. მისი მეშვეობით ვხედავთ, როგორია მთვარის სამხრეთ პოლუსის მიმდებარედ განლაგებული შეკლტონის კრატერის მიდამოები.
ShadowCam იმ 6 სამეცნიერო მოწყობილობას შორისაა, რომელიც Danuri-ზე გვხვდება. ეს უკანასკნელი კოსმოსში 2022 წლის აგვისტოში გაუშვეს, ხოლო მან დანიშნულების ადგილამდე, ანუ მთვარის ორბიტამდე დეკემბერში მიაღწია. აპარატის მიერ დაფიქსირებული პირველი კადრები ცოტა ხნის წინ ვიხილეთ და მათზე დედამიწის საოცარი გამოსახულებებია ნაჩვენები.
ახალი სურათის ზედა ნაწილზე შეკლტონის კრატერის ციცაბო კედელია აღბეჭდილი, ქვედა მხარეზე კი მის ფსკერს ვხედავთ. ფოტოზე მაღლა ჩანს კვალიც, რომელიც 5 მეტრი დიამეტრის მქონე ლოდმა ჩამოგორების შედეგად დატოვა. მეცნიერები ამბობენ, რომ ShadowCam-მა მხოლოდ ჩაღრმავებული ადგილის შიდა არეალი გამოავლინა და არა კიდეები, რადგან მზის პირდაპირი სხივების მიმართ ძალიან მგრძნობიარეა.
მთვარეს, დედამიწისგან განსხვავებით, უმნიშვნელო ღერძული დახრა აქვს, რაც ნიშნავს, რომ ამ ციურ სხეულზე ზოგიერთ რეგიონს მზის პირდაპირი სხივები ვერ სწვდება. ShadowCam სინათლის მიმართ იმდენად მგრძნობიარეა, რომ ზედაპირიდან სულ მცირედით არეკლილი ნათების მეშვეობით "სიბნელეში ხედავს".
მის მონაცემებს, კერძოდ, მაღალი გარჩევადობის სურათებს, ისეთი სამომავლო მისიების დასაგეგმად გამოიყენებენ, როგორიც NASA-ს მთვარემავალი VIPER-ია.
კომენტარები