ნახეთ NASA-ს ახალი ვიდეო: 133 დღე მზის "ცხოვრებიდან"
NASA-მ ახალი ვიდეო გამოაქვეყნა, რომელიც გვიჩვენებს, როგორ ბობოქრობს ჩვენი მზე 133 დღის განმავლობაში. მასში ვარსკვლავის ქაოსურ ზედაპირს ვხედავთ, რომლიდანაც მაგნიტური ველის ხაზების მიმდებარედ პლაზმის ნაკადებია ამოზრდილი, რაც გასაოცარ სანახაობას ქმნის.
ეს კადრები მზის დინამიკის ობსერვატორიის (SDO) მიერაა გადაღებული, რომელიც კოსმოსში 2010 წელს გაუშვეს. მისი პირველადი მისია 5 წელი გაგრძელდა, თუმცა, სააგენტოს განცხადებით, მოწყობილობა ამ დეკადის ბოლომდე იფუნქციონირებს.
ვიდეოში აჩქარებული, 1 საათში ჩატეული კადრები 108 წამის დაყოვნებით, მაღალენერგიულ ულტრაიისფერ გამოსხივებაზე ორიენტირებული კამერითაა გადაღებული, რომელსაც Extreme Ultraviolet Variability Experiment (EVE) ეწოდება. თავად SDO გეოსინქრონულ ორბიტაზე მოძრაობს, რომელიც დედამიწისგან 22 000 კილომეტრითაა დაშორებული. ის მნათობის მაგნიტურ ველს, შიდა სტრუქტურას, რადიაციას, ცხელ პლაზმასა და გვირგვინს შეისწავლის.
ყოველდღიურად ობსერვატორია დაახლოებით 70 000 სურათს იღებს, რაც 1.5 ტერაბაიტი მოცულობის მონაცემების ეკვივალენტურია. ეს ნიშნავს, რომ SDO ჩვენი ვარსკვლავის შესახებ არსებული ინფორმაციის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი წყაროა. მზის აქტიურობის შესწავლა მნიშვნელოვანია, რადგან ის გავლენას დედამიწაზეც ახდენს და კოსმოსურ ამინდს განსაზღვრავს.
NASA-ს პროგრამა Living With a Star (LWS), რომლის ფარგლებშიც მზის დინამიკის ობსერვატორია გაუშვეს, სწორედ ამ მნათობის შესახებ მეტის გაგებას ისახავს მიზნად. ეს კოსმოსური ამინდის პროგნოზირებაში და მოსალოდნელი გეომაგნიტური შტორმებისთვის მომზადებაში დაგვეხმარება.
ზემოთ ნაჩვენები ვიდეო NASA-მ 2020 წელს გამოაქვეყნა, რათა SDO-ს მეათე წლის იუბილე აღენიშნა. მასში სიმბოლურად ობსერვატორიის 10 მნიშვნელოვანი აღმოჩენა და დაკვირვებაა თავმოყრილი. მაგალითად, მან მზის მძლავრი ამოფრქვევები დააფიქსირა, ახალი ტიპის ტალღა გამოავლინა, აკვირდებოდა მნათობის დისკოს წინ პლანეტების ჩავლასა და მის მიერ კომეტის შთანთქმასაც.
რა თქმა უნდა, მზეს მხოლოდ ის არ იკვლევს. მსგავსი მისია აკისრია ევროპის კოსმოსური სააგენტოს ობსერვატორიებს SOHO და Solar Orbiter, ასევე, NASA-ს ზონდ პარკერს.
კომენტარები