"მიუწვდომელ ვარსკვლავებს მივწვდებით" — NASA-ს ხელმძღვანელი 2023 წლის გეგმებზე
აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტო (NASA) 2023 წელს ახალი ვიდეოთი შეეგება, რომელშიც მომდევნო თვეებში ჩანიშნული უმნიშვნელოვანესი მისიების ნაწილია წარმოდგენილი. ამ გეგმების შესახებ ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ბილ ნელსონმა ისაუბრა.
"2022 ისტორიის წიგნებში ჩაიწერება, როგორც ერთ-ერთი ყველაზე შემდგარი წელი NASA-ს არსებობის განმავლობაში. მან კოსმოსის კვლევის ოქროს ხანას დაუდო საფუძველი", — ამბობს ის.
ერთ-ერთი გამორჩეული მისია, რომელიც შარშან განხორციელდა Artemis 1 გახლდათ. მის ფარგლებში მსოფლიოში უმძლავრესი რაკეტით Space Launch System მთვარისკენ კოსმოსური აპარატი Orion გაუშვეს. მან დედამიწის ერთადერთ ბუნებრივ თანამგზავრს წარმატებით შემოუარა და უკანაც უსაფრთხოდ დაბრუნდა.
რაც შეეხება 2023-ს, ვიდეოდან ვიგებთ, რას უნდა ველოდოთ წელს. მაგალითად, კადრებში ჩანს ჩვენი პლანეტის კლიმატის საკვლევი სატელიტი, სახელად TEMPO. ბილ ნელსონი მნიშვნელოვან სიახლეებს აანონსებს აერონავტიკის სფეროშიც. ასეთია ზებგერითი აპარატი X-59, რომელიც ჰაერში უხმაუროდ გადაადგილებას შეძლებს. ასევე, აღსანიშნავია, რომ უახლოს მომავალში გახდება ცნობილი მისია Artemis 2-ში მონაწილე ასტრონავტთა ვინაობაც.
აპრილშია ჩანიშნული ხომალდ Starliner-ის ფრენა, რომლითაც ასტრონავტები საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე შეძლებენ გამგზავრებას. სექტემბერში დედამიწაზე მისია OSIRIS-Rex-ის ფარგლებში ასტეროიდ ბენუზე მოპოვებულ ნიმუშებსაც ჩამოვიტანთ, ოქტომბერში კი იმავე სახის მისია PSYCHE გაეშვება, რომელიც სავარაუდო პროტოპლანეტური სხეულის ბირთვის ნარჩენს შეისწავლის. დაგეგმილია საერთაშორისო კოსმოსური სადგურის მისიები და Artemis-ის პროგრამისთვის აპარატებისა თუ სკაფანდრების პროტოტიპების შექმნაც.
ვიდეო ნელსონის სიტყვებით მთავრდება. ის კარლ სეიგანს ციტირებს: "გამოკვლევა ჩვენს ბუნებაშია. დავიწყეთ, როგორც მოხეტიალეებმა და მოხეტიალეებადვე დავრჩით. კოსმოსური ოკეანის ნაპირებზე ისედაც დიდხანს დავყოვნდით, ახლა კი მზად ვართ, რომ ვარსკვლავებისკენ გავცუროთ... მიუწვდომელ ვარსკვლავებს მივწვდებით".
ვიდეოს ბოლოში მთვარის გამოსახულებას მარსი ანაცვლებს, რომელიც რამდენიმე წამის განმავლობაში ბრუნავს. ეს მიანიშნებს, რომ შემდეგი გაჩერება სწორედ წითელი პლანეტაა.
კომენტარები