ნახეთ: როგორი იქნება ჩინეთის პირველი ეკიპაჟიანი დაშვება მთვარეზე
ჩინეთი გეგმავს, რომ ასტრონავტები მთვარეზე დასაშვებად ამ დეკადის ბოლომდე გაგზავნოს. ქვეყნის ცენტრალური ტელევიზიის ეთერში ცოტა ხნის წინ საზოგადოებამ ადგილობრივი კოსმოსური სააგენტოს თავმჯდომარის, უ იანშენის საკმაოდ ვრცელი პრეზენტაცია იხილა, რომელშიც ახალი თაობის კოსმოსური აპარატებისა და ხომალდების კონცეფციებია წარმოდგენილი.
ასევე, იხილეთ: NASA-ს ხელმძღვანელის თქმით, ჩინეთმა შესაძლოა, მთვარე მიისაკუთროს
ვიდეოში ნაჩვენებია ანიმაცია, თუ როგორ უერთდება ერთ-ერთი ასეთი ხომალდი სხვა აპარატს, შემდეგ კი ვხედავთ, როგორ დგამს ასტრონავტი ფეხს მთვარეზე. დედამიწის ერთადერთი თანამგზავრის ზედაპირზე ჩინეთის დროშასაც ადვილად შენიშნავთ, რომლის მახლობლადაც, სავარაუდოდ, მთვარემავალია განლაგებული.
მართალია, ეს მხოლოდ ანიმაციებია, თუმცა ცნობილია, რომ ჩინეთი მთვარის მისიებში დიდ ძალისხმევას დებს და აღნიშნულ ციურ სხეულზე წარმატებით დასაშვებად მისიების ყოველ დეტალს ზედმიწევნით აანალიზებს. ქვეყნის კოსმოსური სააგენტო ახალ რაკეტაზეც მუშაობს, რომელიც 90 მეტრი სიმაღლის იქნება და ორბიტაზე 27 000 კილოგრამი წონის ტვირთის ატანას შეძლებს.
ასევე, სპეციალისტები ეკიპაჟის გასამგზავრებლად განკუთვნილი კაფსულის შექმნასაც ცდილობენ, რომელიც ორი მოდულისგან იქნება შედგენილი. ასევე, დამზადების პროცესშია მთვარეზე დასაშვები აპარატიც.
ბოლო წლებში ჩინეთი კოსმოსის ათვისებაში მთელი ძალებითაა ჩართული და არაერთი წარმატებული მისიაც განახორციელა. ამასთან, ქვეყანამ დედამიწის ორბიტაზე ახალი კოსმოსური სადგურიც განათავსა, სახელად Tiangong, რომელიც უკვე ფუნქციონირებს.
კომენტარები