ცაზე მალე გამოჩნდება ობიექტი, რომელიც ბოლოს ნეანდერტალელების პერიოდში იყო ხილული
2022 წლის 2 მარტს ასტრონომებმა პალომარის ობსერვატორიის ფართო არეალის საკვლევი კამერით კომეტა აღმოაჩინეს, რომელსაც მზის გარშემო ორბიტაზე ერთი წრის შემოსავლელად 50 000 წელი სჭირდება. ეს ნიშნავს, რომ ბოლოს, როდესაც ის შეუიარაღებელი თვალით ხილული იყო, დედამიწაზე ნეანდერტალელები ჯერ კიდევ არსებობდნენ. საუბარია ზედა პალეოლითის პერიოდზე, როცა ადამიანმა აზიასა და ევროპაში გავრცელება დაიწყო.
აღნიშნული კომეტის ოფიციალური სახელწოდება C/2022 E3 (ZTF) გახლავთ. ის ახლა ზედმეტად მკრთალია, რომ ტელესკოპის გარეშე დავინახოთ, თუმცა მომდევნო თვეებში ეს შესაძლებელი იქნება. კერძოდ, 2023 წლის იანვრის მიწურულიდან თებერვლის დასაწყისამდე.
კომეტა ამჟამად პერიჰელიუმს უახლოვდება, ანუ მზესთან ყველაზე ახლო წერტილს, სადამდეც ის 12 იანვარს მიაღწევს. საკუთარ ორბიტაზე გადაადგილებისას ობიექტი პერიგეამდე, ანუ დედამიწასთან ყველაზე მცირე მანძილამდე პირველ თებერვალს მოვა. სწორედ ამ დროს ცაში ახედვისას შეუიარაღებელი თვალით მისი ხილვა იქნება შესაძლებელი, თუმცა ისე მკვეთრად არ გამოჩნდება, როგორც კომეტა NEOWISE.
უნდა ითქვას, რომ თავდაპირველად C/2022 E3 (ZTF) ასტეროიდი ეგონათ, სანამ მის კომას, იგივე ნისლოვან გარსს შეამჩნევდნენ. ის ჩვენს პლანეტას სრულიად უსაფრთხო მანძილზე ჩაუვლის, რა დროსაც დისტანცია დაახლოებით 44 მილიონი კილომეტრი იქნება.
კომენტარები