"ლაბორატორია ჩიპზე" და ოპერაცია კოსმოსში — NASA ინოვაციურ პროექტზე მუშაობს
ლუისვილისა და პერდიუს უნივერსიტეტების მკვლევრები მუშაობენ ტექნოლოგიაზე, რომელიც კოსმოსში სისხლდენის მარტივად შეჩერებისა და ოპერაციების ჩატარების საშუალებას მოგვცემს.
NASA-ს განცხადებით, კოსმოსური სააგენტოს პროგრამა Flight Opportunities მხარს უჭერს ინოვაციებს, რომლებიც კოსმოსში მედიცინის პროგრესს წაახალისებს.
"კოსმოსში ოპერაციის ჩატარება ჯერჯერობით არ დაგვჭირვებია, თუმცა რაც უფრო შორს მივდივართ დედამიწისგან, სამედიცინო შესაძლებლობების საჭიროება მით უფრო იზრდება. მიგროგრავიტაციული გარემოს დამსახურებით, ქირურგიული ჩარევა და ჭრილობის მოვლა კოსმოსში ძალიან რთული იქნება", — განაცხადა ლუისვილის უნივერსიტეტის დოქტორმა ჯორჯ პანტალოსმა.
15 და 16 ნოემბერს ლუისვილის უნივერსიტეტეში, მიკროგრავიტაციულ გარემოში, SFMS-ის (Surgical Fluid Management System) უკანასკნელი მიღწევები გამოიცადა.
სისტემა Zero Gravity Corporation-ის მოდიფიცირებულ თვითმფრინავ G-FORCE ONE-ზე გამოიცადა, რომელსაც მცირეხნიანი მიკროგრავიტაციული "აფეთქებების" შექმნა შეუძლია, რათა ტექნოლოგიის გამოცდას დაეხმაროს.
ოპერაცია კოსმოსში
სისხლი და სხვა სითხეები ოპერაციის პროცესში, გრავიტაციის არარსებობის პირობებში, შესაძლოა, კოსმოსური ხომალდის კაბინაში მოხვდეს და დაბინძურება გამოიწვიოს. SMFM-ს აქვს გამჭვირვალე "გუმბათი", რომელიც პაციენტის კანს მჭიდროდ ეკვრის და ქირურგიული ხელსაწყოების გამოსაყენებელ სივრცესაც გვთავაზობს, რაც სითხის გაჟონვას აღკვეთს.
"მთვარეზე, მარსსა და სხვა მიმართულებით ხანგრძლივი მოგზაურობებისთვის აუცილებელია ასტრონავტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი და როცა ამას საჭიროება მოითხოვს, ჩარევაც", — განაცხადა პროფესორმა რიჩარდ მეთისმა, "ჩიპის ლაბორატორიის" მთავარმა მკვლევარმა
მკვლევრებმა სიმულირებული სისხლდენის მაღალი ხარისხის ვიდეო გადაიღეს და შეაგროვეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია სისხლისა და ჰაერის გამიჯვნის ტექნოლოგიებზე, რაც სამომავლოდ ამ სისტემის განახლებისა და დახვეწისთვის მნიშვნელოვანი იქნება.
"ლაბორატორია ჩიპზე"
"ლაბორატორია ჩიპზე" ტექნოლოგია (Lab-on-a-Chip), რომელიც კალიფორნიის, ბერკელისა და იუტას უნივერსიტეტების მკვლევრებმა შექმნეს, პროგრამირებადი მიკროფლუიდური ანალიზატორია, რომელიც კლინიკური კვლევებსა და ქიმიური ანალიზების ავტონომიურად ჩატარებისთვისაა განკუთვნილი. ტექნოლოგიის მიზანი ასტრონავტის კალციუმის კარგვის მონიტორინგთან ერთად, ანთებისა და ინფექციური დაავადების აღმოჩენაა.
რაც ყველაზე მთავარია ტექნოლოგია დიდი არაა, მისი მოცულობა დაახლოებით 10X15X15სმ-ია. ჩიპის ლაბორატორია სხვა ტექნოლოგიებთან ერთად გამოიცადა.
კლინიკური ანალიზებისთვის კოსმოსში დიდი, დედამიწის მსგავსი ლაბორატორიის გამოყენება შეუძლებელია. საპირისპიროდ, ასტრონავტები ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაკონტროლებლად ისეთ კომპაქტურ მოწყობილობებს ეყრდნობიან, როგორიც WetLab-2-ია, რომელიც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ამჟამად გამოიყენება.
კომენტარები