როგორ ეხმარება ახალგაზრდებს ვიდეოები სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე
23 ნოემბერს, თბილისში 12 წლის მოზარდმა იმშობიარა. მანამდე, 2 დღით ადრე, ხელვაჩაურში არასრულწლოვანი გოგო გააუპატიურეს. ამავე საქმეზე დააკავეს მამა, რომელმაც შვილს სახლში გვიან დაბრუნების გამო სცემა.
საქართველოში ბავშვობის ასაკში ქორწინების მაჩვენებელი 14%-ს აღწევს. მონაცემები არ არის სრული, რადგან ადრეულ ასაკში ქორწინება ხშირად რეგისტრირებული არაა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გასული ორი წლის განმავლობაში არასრულწლოვანთან, სავარაუდოდ, ქორწინების მოტივით ჩადენილ, დაახლოებით, 346 საქმეზე დაიწყო გამოძიება, მიმდინარე წლის პირველ 6 თვეში კი — თითქმის 61 საქმეზე.
მსგავსი ფაქტები ყოველ ჯერზე შეგვახსენებს ქვეყანაში სექსუალური განათლების საჭიროებას, რაზეც სფეროს სპეციალისტები, ფსიქოლოგები და არასამთავრობო ორგანიზაციები მრავალია წელია, საუბრობენ.
მიუხედავად იმისა, რომ ყოვლისმომცველი სექსუალური განათლების ფორმალურ საგანმანათლებლო სისტემაში ინტეგრირება UNESCO-ს რეკომენდაციაცაა, საქართველოს ამ კუთხით მნიშვნელოვანი პროგრესი არ აქვს.
ასოციაცია ჰერა XXI, რომელიც სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებზე მუშაობს და ადამიანებს საინტერესო საგანმანათლებლო ინიციატივებს სთავაზობს, ამ ინფორმაციულ დანაკლისთან გამკლავებას სხვადასხვა გზით, მათ შორის, თემატური ვიდეოებით ცდილობს. ანიმაციური გმირები პასუხს სცემენ კითხვებს საკუთარი სხეულის, სექსუალობისა და ურთიერთობების შესახებ.
სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები, უსაფრთხო სექსი, აბორტის უფლება, ექიმის კონფიდენციალურობა, ტამპონები, საფენები და მენსტრუალური ქილები, — ეს მცირე ჩამონათვალია იმ თემებისა, რომლებსაც პროექტ AMAZE-სთან პარტნიორობის ფარგლებში, ასოციაციის მიერ შექმნილი ვიდეოები ფარავს.
რა შედეგის მომტანი აღმოჩნდა ვიდეორესურსები, ამაზე ასოციაციის თანასწორგანმანათლებლები საუბრობენ. ესენი ის ადამიანები არიან, ვინც სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე სასწავლო-საინფორმაციო სესიებს თანატოლებს უტარებენ.
"ვიდეოს ყურების შემდეგ გადაჭრით აღარ ამბობდა, ქალი და კაცი ვერ იქნება თანაბარიო"
ანა თოდუა, თანასწორგანმანათლებელი თბილისიდან, გვეუბნება, რომ ჰერას ვიდეოები მისთვისაც და მისი აუდიტორიისთვისაც ინფორმაციის მნიშვნელოვანი წყაროა, რომელიც მსმენელებამდე სათქმელის მიტანას მაქსიმალურად აადვილებს, ანიმაციების მომხიბვლელი ვიზუალი კი ყურების სურვილს აჩენს.
"როცა მე ვსაუბრობ გენდერზე, შემდეგ კი, როცა ვიდეოს თავიანთი თვალით უყურებენ, სულ სხვანაირი ხიბლია და სულ სხვანაირად აღიქვამენ", — ამბობს ანა თოდუა. იგი თვლის, რომ ანიმაციები ზუსტად იმ ასაკზეა მორგებული, როცა ადამიანს სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე ცოდნა სჭირდება.
თანასწორგანმანათლებელი იხსენებს, როგორ შეცვალა მისი ერთ-ერთი მსმენელის აღქმა სწორედ ამ ვიდეოებმა.
ჰერა XXI-ის თანასწორგანამათლებელი ქუთაისში, მონიკა როხვაძე ამბობს, რომ ვიდეოები უშუალოდ პასუხობს იმ თემებს, რომლებზეც ისინი მოსწავლეებთან საუბრობდნენ.
გამარტივდა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის აღქმა
ნათია ჯანეზაშვილი, თანასწორგანმანათლებელი გორიდან, გვიყვება, რომ ვიდეოები დაეხმარათ, თავიანთი ცოდნა ახალგაზრდებამდე მაქსიმალურად გასაგები ფორმით მიეტანათ.
მისი თქმით, თანასწორგანმანათლებლები იყენებდნენ შეფასების ფურცლებს, საიდანაც ჩანდა, რომ მოსწავლეები მაღალ ქულებს სწორედ ვიდეოებს ანიჭებდნენ.
ქეთი შუღლიაშვილი, თანასწორგანმანათლებელი გორიდან, ამბობს, რომ ამ ვიდეოების მთავარი პლუსი სწორედ ის არის, რომ იმ თემებზეა, რომლებზეც ადამიანები არ საუბრობენ, მაგრამ აინტერესებთ.
სექსუალური განათლება ეთნიკური უმცირესობებისთვისაც ხელმისაწვდომი გახდა
ასოციაცია ჰერა XXI-ის მიერ ვიდეოები ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზეა ადაპტირებული. ასევე, ანიმაციები ხელმისაწვდომია ჟესტურ ენაზეც. თანასწორგანმანათლებლები ამბობენ, რომ ეს ეხმარებათ სექსუალური განათლება ხელმისაწვდომი გახადონ ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ იმ რეგიონებშიც, სადაც ნაადრევი ქორწინებისა და გენდერული უთანასწორობის პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას.
ასოციაცია ჰერა XXI-ის ქუთაისის კოორდინატორი, თეა მარგველაშვილი კი ამბობს, რომ ამ პროექტში ახალგაზრდების ფართო ჩართულობა სწორედ იმან განაპირობა, რომ ვიდეოები ქართულთან ერთად, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზეცაა და სექსუალური განათლების ხელმისაწვდომობის პრობლემა მეტ-ნაკლებად ეთნიკური უმცირესობებისთვისაც მოგვარებულია.
გაადვილდა საუბარი ტაბუდადებულ თემებზე
ყველა თანასწორგანმანათლებელი აღნიშნავს, რომ გაცილებით ადვილია ტაბუდადებულ თემებზე საუბარი მაშინ, როცა ამას ანიმაციური გმირები აკეთებენ. მათი თქმით, აუდიტორიის 90% ვიდეოებს დადებითად ხვდება, რადგან აქ ყველას ინტერესი დაცულია.
როგორც თანასწორგანმანათლებელი გორიდან, გიორგი ცერაძე ამბობს, 2-3-წუთიანი ვიდეოები ხელს უწყობს, რომ მაყურებელმა შინაარსი უკეთ გაიაზროს.
ლამარა თელიაშვილი, თანასწორგანმანათლებელი ახალციხიდან, ამბობს, რომ ვიდეოები ეხმარებოდათ, ტრენინგის პროცესი არ ყოფილიყო საგაკვეთილო ფორმატის.
"როცა იმ თემაზე ვაჩვენებდი ვიდეოს, რა თემაზეც მიმდინარეობდა საუბარი, ეს იყო კარგი საშუალება, რომ აღექვათ თემა და ცოტა განტვირთვაც ჰქონოდათ", — გვეუბნება ლამარა თელიაშვილი.
"როცა მშობელს არ აქვს საკმარისი დრო ან ცოდნა"
თეა მარგველაშვილი, ქუთაისის კოორდინატორი, ასევე, აღნიშნავს, რომ ანიმაციები ეხმარებათ, მოზარდებამდე ინფორმაცია სახალისო ფორმით მიიტანონ.
მისი თქმით, ვიდეოებს ბავშვების მხრიდან დიდი დაინტერესება და უკუკავშირი მოჰყვება ხოლმე.
თეა მარგველაშვილი ამბობს, რომ ვიდეორესურსები ეხმარება იმ მოზარდებს, რომელთა მშობლებსაც არ აქვთ საკმარისი რესურსი იმისთვის, რომ თავიანთ შვილებს სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე სათანადო ცოდნა მისცენ.
პროექტის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად და ვიდეოების სანახავად ესტუმრე YouTube არხს, ხოლო ასოციაცია ჰერა XXI-ისს საგანმანათლებლო რესურსებისა და პროგრამების გასაცნობად გადადი ვებგვერდზე ან ფეისბუქ გვერდზე.
კომენტარები