სამყაროს რაღაც მოსალოდნელზე მეტად ანათებს — ეს შესაძლოა, ბნელი მატერია იყოს
როცა კოსმოსური ზონდი New Horizons ჯუჯა პლანეტა პლუტონს გასცდა და მზის სისტემის ბნელ რეგიონს მიაღწია, მან რაღაც უჩვეულო დააფიქსირა — ვარსკვლავთაშორისი სივრცე ძალიან მკრთალად კაშკაშებდა, რასაც კოსმოსური ოპტიკური ფონი ეწოდება. ის ჩვენი გალაქტიკის მიღმა არსებული სხვადასხვა წყაროს სინათლის შედეგია, თუმცა დაფიქსირებული სიკაშკაშე მოსალოდნელზე ძლიერი იყო.
ახალ კვლევაში მეცნიერები გვთავაზობენ ჰიპოთეზას, რომ ეს შესაძლოა, ბნელი მატერიის გავლენით ხდებოდეს, ანუ მასთან ურთიერთქმედების თანმდევი მეორეული პროდუქტი იყოს.
ბნელი მატერია სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე იდუმალებით მოცული რამაა, რომლის შესახებაც ბევრი არაფერი ვიცით, რადგან ის ჩვენთვის უხილავია. სამაგიეროდ, მის არსებობას ჭარბი გრავიტაცია გვაგრძნობინებს, რომელიც მხოლოდ ჩვეულებრივი მატერიით ვერ აიხსნება. მაგალითად, გალაქტიკები იმაზე სწრაფად ბრუნავს, ვიდრე უნდა ბრუნავდეს, მასიური ობიექტების მიერ კი სივრცე მოსალოდნელზე მეტადაა გამრუდებული.
ბნელი მატერიის შესახებ რამდენიმე მოსაზრება არსებობს. ერთ-ერთი მათგანი მის კომპონენტად ელემენტარულ ნაწილაკ აქსიონს მოიაზრებს, რომელიც, გარკვეული მასის შემთხვევაში ზუსტად ისე "იქცევა", როგორც ბნელი მატერიისგანაა მოსალოდნელი. თანაც, მისი დაფიქსირება შესაძლებელია, რადგან ის, თეორიულად, მძლავრ მაგნიტურ ველში 2 ფოტონად უნდა იშლებოდეს.
სინათლის ასეთი ნაწილაკები სამყაროში მრავლადაა, ამიტომ აქსიონის ფოტონთა ამოცნობა ძალიან ძნელია. სწორედ აქ შემოდის კოსმოსური ოპტიკური ფონი, რომლის შემჩნევაც, სიმკრთალის გამო ასევე სირთულეებთანაა დაკავშირებული. ამისთვის New Horizons-ის ხელსაწყო LORRI საუკეთესოა, რადგან ის უფრო შორს წასულ Voyager-ების ინსტრუმენტებზე ბევრად მგრძნობიარეა.
მეცნიერებმა ივარაუდეს, რომ ზონდის მიერ დაფიქსირებული ზედმეტი სინათლე იმ ვარსკვლავებსა და გალაქტიკებს ეკუთვნის, რომელთაც ვერ ვხედავთ. ახალი კვლევის ფარგლებში კი სპეციალისტებმა პოტენციურ წყაროდ ბნელი მატერია მოიაზრეს. მათ მათემატიკური მოდელის მეშვეობით დაადგინეს, რომ 8-20 ელექტრონვოლტი ენერგიის მქონე აქსიონებს გარკვეულ პირობებში დაკვირვებადი სიგნალის წარმოქმნა უნდა შეეძლოს.
ეს ნაწილაკების ძალიან მცირე მასაზე მიუთითებს. აქსიონების მასის დაზუსტება მათ და, ზოგადად, ბნელი მატერიის შესახებ ბევრი რამის გაგებაში დაგვეხმარება. ახალი ნაშრომი გამოცემაში Physical Review Letters გამოქვეყნდა.
კომენტარები