გერმანია უკრაინას "მკვლელ რობოტებს" მიაწვდის — რა უნდა ვიცოდეთ
ეს კონკრეტულ სახიფათო ოპერაციებში ცოცხალი ძალის გამოყენების აუცილებლობას მოხსნის
30 ნოემბერს გავრცელებული პრეს რელიზის მიხედვით, რობოტიკისა და ავტონომიური სისტემების დეველოპერმა Milrem Robotics-მა და გერმანულმა კომპანია Krauss-Maffei Wegmann-მა (KMW) მოაწერეს ხელი კონტრაქტს, რომლის თანახმადაც უკრაინაში 14 ერთეული მეხუთე თაობის უპილოტო სახმელეთო სატრანსპორტო საშუალება THeMIS გაიგზავნება.
პროექტს გერმანიის თავდაცვის სამინისტრო სრულად დააფინანსებს.
ასევე იხილეთ: შემაძრწუნებელი მომავალი თუ შესაძლებლობა — რეალური "მკვლელი რობოტები" უკვე აქ არიან
კომპანიის ვებსაიტის მიხედვით, THeMIS Cargo-ის მიწოდების მიზანს ჯარისკაცებისათვის ზედმეტი დატვირთვის მოხსნა და ბრძოლის ველზე დამატებითი შეიარაღებისა და საბრძოლო მასალის უსაფრთხოდ შეტანა წარმოადგენს. ეს მოდელი ქვეითი ძალების მობილურობას საგრძნობლად ზრდის და, შესაბამისად, მათ უფრო ეფექტურს ხდის. THeMIS Cargo შესაძლოა გამოვიყენოთ, როგორც ბაზაზე ლოჯისტიკური საქმიანობისთვის, ასევე ბრძოლის ველზე რისკიანი მონაკვეთბის მომარაგებისთვის.
ტანკის მაქსიმალური სიჩქარე 20 კმ/სთ-ია, შეუძლია 1200კგ-ის გადაზიდვა და მუშაობს დიზელისა და ელექტრო გენერატორზე. THeMIS აღჭურვილია ინფრაწითელი (MIL-STD-810G), თერმული და HDR (High Dynamic Range) კამერებით.
რაც შეეხება უპილოტო ტანკის საბრძოლო ვარიანტს, THeMIS Combat-ს ჯარისკაცებისათვის პირდაპირი საცეცხლე მხარდაჭერის გაწევა შეუძლია. ჩაშენებული, თვითსტაბილიზებადი, დისტანციურად მართვადი შეიარაღების სისტემის საშუალებით, მოწყობილობა მაღალი სიზუსტით გამოირჩევა ნებისმიერ ლანდშაფტზე, დღისით თუ ღამით. ეს შეტაკების საცეცხლე მანძილსა და, შესაბამისად, ცოცხალი ძალის გადარჩენის ალბათობას საგრძნობლად ზრდის. THeMIS Combat შესაძლოა აღიჭურვოს მსუბუქი ან მძიმე ტყვიამფრქვევებით, 40მმ კალიბრის ყუმბარმტყორცნით, 30მმ-იანი ავტომატური ქვემეხითა და ანტისატანკო სარაკეტო გამშვებით.
ევაკუაცია და გზის გაწმენდა
უკრაინაში 7 ერთეული THeMIS წლის ბოლომდე ჩავა და დაჭრილთა და დაღუპულთა ევაკუაციისთვის იქნება ადაპტირებული. დანარჩენი 7 კი, რომელსაც გზის გაწმენდაც კი შეეძლება, რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ მებრძოლ ქვეყანას 2023 წლის პირველ ნახევარში მიეწოდება.
"ევაკუაცია და გზის გაწმენდა ორი აქტივობაა, რომელიც ცოცხალი ძალის ჩართულობას მოითხოვს. ასეთ დროს ჯარისკაცები მოწინააღმდეგის ცეცხლის მუდმივი საფრთხის ქვეშ არიან. ამ ოპერაციების უპილოტო აპარატებით გაავტომატურება კი ამ საფრთხეს ამცირებს და საშუალებას აძლევს მეტ ჯარისკაცს, რომ დარჩნენ უსაფრთხო ზონაში და დაელოდონ უფრო მნიშვნელოვან დავალებებს". — განაცხადა Milrem Robotics-ის თავდაცვისა და R&D დირექტორმა, კაპიტანმა იური პაიუსტემ
უკრაინაში მიმდინარე წლის პირველ ნახევარში CASEVAC THeMIS-ის წინა მოდელები ჩაიყვანეს, რომელიც ბრძოლის ველზე საკმაოდ ეფექტური საშუალება აღმოჩნდა.
"THeMIS UGV-ის უკრაინაში ჩაყვანა ნიშნავს, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შეეძლება, მეტად იზრუნოს თავისი ჯარისკაცების უსაფრთხოებაზე და საშუალება მისცეს უპილოტო საშუალებებს, შეასრულონ დავალებები, რომლებიც ცოცხალ ძალას საფრთხეში აგდებს. სწორედ ეს არის რობოტული სისტემების მიზანი. Milrem Robotics ამაყია, რომ აქვს შანსი, დაეხმაროს უკრაინას აგრესორის წინააღმდეგ ბრძოლაში". — განაცხადა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა კულდარ ვაარსიმ
"ეს მნიშვნელოვანი პროექტი ხაზს უსვამს ჩვენს შესაძლებლობას, რომ უკრაინა განვითარებული ტექნოლოგიებით მოვამარაგოთ. ყველაფერს ვაკეთებთ, რათა მხარი დავუჭიროთ უკრაინას თავდაცვითი მოწყობილობებით. 14 THeMIS UGV-ის სწრაფი მიწოდება ადასტურებს, რომ KMW და Milrem არიან პარტნიორები, რომელთა იმედიც შეგიძლიათ გქონდეთ". — განაცხადა KMW-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, რალფ კეტცელმა
ამჟამად THeMIS UGV-ს 16 ქვეყანა იყენებს, მათ შორის ნატოს წევრი ესტონეთი, საფრანგეთი, გერმანია, ნიდერლანდები, ნორვეგია, ესპანეთი, გაერთიანებული სამეფო და აშშ.
კომენტარები