რა სოციოკულტურულ წინაღობებს აწყდებიან ქალები ალიმენტის მოთხოვნის პროცესში?
განქორწინების/პარტნიორთან დაშორების შემდეგ, ხშირად ქალი ახალი პრობლემების წინაშე დგება — მამა ბავშვზე ზრუნვაში მონაწილეობაზე უარს აცხადებს და ყველანაირი ხერხით არიდებს თავს ალიმენტის გადახდას. კუთვნილი ალიმენტის მოთხოვნა-მიღების პროცესში, ქალის წინაშე უამრავი იურიდიული თუ სოციოკულტურული სახის წინაღობა იჩენს თავს, რისი გადალახვაც, ხშირ შემთხვევაში, ან შეუძლებელია, ან დამატებით უდიდეს ძალისხმევას მოითხოვს. საპირისპიროდ, კაცის არსენალში თავიდანვე მოიპოვება გენდერული ჩაგვრის განმამტკიცებელი უამრავი იარაღი, რომლის დახმარებითაც, მას ამ მორალურ ბრძოლაში "გამარჯვებული" გამოსვლის დიდი შანსი აქვს.
ალიმენტის გადაუხდელობა ეკონომიკური ძალადობის ერთ-ერთი ფორმაა. როდესაც ეს პრობლემა, ყოფილ მეუღლეებს/პარტნიორებს შორის დაპირისპირების საგნად იქცევა, შესაძლოა, იგი მხოლოდ სამართლებრივ სივრცეში მიმდინარეობდეს, ან — სოციოკულტურულში, ანდა სულაც — ორივეში ერთად, და ეს ყველაფერი ერთმნიშვნელოვნად უარყოფითად აისახება დედისა და ბავშვის/ბავშვების ცხოვრების ხარისხზე.
შვილის ღირსეულ პირობებში აღზრდისთვის, დედას ხშირად ჰაერივით სჭირდება ყოველთვიური ფინანსური დახმარება ბავშვის მამისგან, ეს უკანასკნელი კი მთელი მონდომებით ცდილობს, დაუსხლტეს ბავშვზე პასუხისმგებლობას და ქალის ფინანსური პრობლემები თავისთვის სასარგებლოდ გამოიყენოს.
რას ნიშნავს "თავისთვის სასარგებლოდ"?
ეს ნიშნავს ბავშვის დედის დისკრედიტაციას, რომ "უვარგისია და არ შეუძლია ბავშვის მარტო აღზრდა". შესაბამისად, მამა ცდილობს, ბავშვის და საზოგადოების თვალში დედა უსუსურ, არასტაბილურ, პასუხისმგებლობის გამკლავების უუნარო ადამიანად წარმოაჩინოს, რაც მის "სიმართლეს დაადასტურებს". ამრიგად, მას დიდი მორალური უპირატესობა გააჩნია ბავშვის დედასთან შედარებით, რომელიც იძულებულია, მარტო გაუმკლავდეს ქმართან/პარტნიორთან დაშორების შემდეგ არსებულ პრობლემებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დაშორებული მშობლებიდან მამა "ბრალმდებელია", დედა კი — "ბრალდებული". ამ უდავოდ გენდერული სარჩულის მქონე კონფლიქტში, მამა სრულიად გულგრილია იმ საკითხის მიმართ, რომ მნიშვნელოვნად ზარალდება ბავშვი და მისი ინტერესები. ერთ-ერთი რესპონდენტი ყოფილ ქმართან დაპირისპირების პროცესს ასე განმარტავს: "ჩემთვის დარტყმის მოყენება ბავშვის განადგურება რომ იყო, ეს სულ არ ადარდებდაო". სინამდვილეში, დაშორების გამო საკუთარი შვილის დედაზე გაბრაზებული კაცი საბაბს ეძებს და პოულობს, რომ არ იზრუნოს შვილზე, და ეს საბაბი ბავშვის დედასთან კონფლიქტია. "ეს ქალი ისე მეჯავრება, მისი შვილიც აღარ მინდა", — ასე იხსნის მამობის პასუხისმგებლობას ერთ-ერთი რესპონდენტის ყოფილი ქმარი.
ბავშვის გამოყენებას დედის დისკრედიტაციის ინსტრუმენტად, რესპონდენტების თქმით, მამები, ასევე, დაშორების შედეგად ფინანსების კონტროლში ძალაუფლების დაკარგვის გამო მიმართავენ.
"სანამ ცოლ-ქმარი ვიყავით, ცოფდებოდა, როცა საერთო ბარათიდან ვხარჯავდი ფულს და ყოველ მაღაზიაში შესვლაზე სმს მისდიოდა ტელეფონზე. ყველაფერი უნდა სცოდნოდა — რომელ საათზე შევედი აფთიაქში, რომელზე — კარფურში, რამდენი დავხარჯე ბავშვის წიგნებზე ან ჩემს ჰიგიენურ ნივთებზე. შემდეგ აუცილებლად წამომაძახებდა ხოლმე, შენ მარტო ფულის ფანტვა იცი და სულ არ გაინტერესებს, საიდან მაქვს ეს ფულიო, გეგონება, მაგ ანგარიშზე ჩემი ნამუშევარი ფულიც არ ყოფილიყო. დეტალურად მეკითხებოდა, რა მივეცი თმის საღებავში და რატომ არ ვყიდულობ უფრო იაფს. შემდეგ, როცა დავშორდით, ამას ხომ ვერ აკეთებს... თვითონაც ნათქვამი აქვს, რომ გიჟდება იმის წარმოდგენაზე, რომ ვითომ მე მოლებში ვშოპინგობ ალიმენტის ფულით. არც განიხილავს ალიმენტის ან ოფიციალურად, ან არაოფიციალურად გადახდას, მეუბნება, ჩემი ქონება საიმედო ხელშია და შენ მაგისგან არაფერი გეკუთვნის, ტყუილად ნუ შეიწუხებ თავს ალიმენტის მოთხოვნაზეო... ცოტა ხნით უმუშევარი რომ ვიყავი, ქვეყანა ააწრიალა, ბავშვს არ უვლის, უნდა წავართვაო. მადლობა ღმერთს, ახლა ვმუშაობ და მისი არაფერი მინდა... რა ბედნიერებაა, როცა ბარათის გატარებისას, გული შიშით არ გიფართხალებს, რომ ვიღაცას ეს სმს მიუვა და ამის გამო განკითხვის დღეს მოგიწყობს... რამდენი წელია გასული და ეს შიში ვერ მოვიშორე!", — ამბობს 28 წლის ნათია (რესპონდენტთა კონფიდენციალობის მიზნით, სტატიაში ნახსენები სახელები შეცვლილია), რომელიც 3 წელია, რაც განქორწინებულია და ამ ხნის მანძილზე, მის ყოფილ ქმარს სამჯერ არ უნახავს ბავშვი, ფულადი დახმარების გაწევაზე რომ აღარაფერი ვთქვათ.
საქართველოში ალიმენტთან დაკავშირებული სტატისტიკის მოკვლევა რთულია, თუმცა სრულად ხელმისაწვდომიც რომ იყოს, იგი ვერ ასახავდა სინამდვილეში არსებული ვითარების სრულ სურათს, რადგან იმ ქალების მნიშვნელოვანი ნაწილი, ვისაც ალიმენტის მოთხოვნა კანონით შეუძლია, ამ უფლებას არ იყენებს. სამწუხაროდ, ამის მიზეზი ხშირად ის სოციოკულტურული მოცემულობაა, რომელიც განქორწინებულ, ძალადობის მსხვერპლ ქალს კიდევ მეტი მორალური წნეხის ქვეშ ცხოვრებას აიძულებს.
სტატიაზე მუშაობისას, 17 განქორწინებული/პარტნიორს დაშორებული დედა გამოიკითხა. მათგან მხოლოდ ერთი იღებს ალიმენტს, დანარჩენი რესპონდენტებდან, კითხვაზე, რატომ არ აქვთ დანიშნული ალიმენტი 11 ამბობს, რომ არ მოუთხოვია — ("რად მინდა მისი ფული? ძლივს მოვიშორე ჩემი ცხოვრებიდან და ფულს რატომ გამოვართმევ?", ან ამბობენ, რომ ძალიან უნდოდათ სასამართლოს გზით ალიმენტის მოთხოვნა, მაგრამ გადაიფიქრეს, სასამართლოს გადაწყვეტილების აღუსრულებლობაზე ინფორმაციის გამო); 5-მა მოითხოვა, მაგრამ არ მიუღია (ბავშვის მამა გადახდისუუნაროა), ან სასამართლო გარიგება შესთავაზეს ("რად მინდა მისი ასი ლარი, როდესაც წელებზე ფეხს ვიდგამ და ყველაფრით თვითონ უზრუნველვყოფ ჩემს შვილს?").
ქალები, რომლებმაც ალიმენტის მოთხოვნაზე უარი თქვეს, ამის მიზეზად სხვადასხვა ფაქტორს ასახელებენ. ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ რესპონდენტი შიშობს, რომ მის მოძალადე ყოფილ ქმარს ბავშვზე უარყოფითი გავლენის მოხდენა შეუძლია და შესაბამისად, ამით მის დაცვას ცდილობს. გარდა ამისა, ყოფილი ქმარი მუდმივად ემუქრება ბავშვის წართმევით, რადგან საქმრო ჰყავს და დაქორწინებას აპირებს.
"როცა ადამიანი რაღაცაში ფულს ხარჯავს, ეს რაღაც თავის საკუთრებად მიაჩნია, ხომ იცით. ამ მიზნით ვთქვი უარი ჩემი ყოფილი ქმრისგან ალიმენტის მოთხოვნაზე. იმდენად მეზიზღებოდა ეს ადამიანი, რომ მინდოდა, მალე გამქრალიყო ჩემი ცხოვრებიდან და ის საშინელებები, რაც დაგვმართა მე და ბავშვს, დაგვევიწყებინა. მაგრამ ეგრე არ მოხდა. არ დამანება თავი, ბავშვსაც გაუმწარა ცხოვრება, ნარკოტიკით გაბრუებული სკოლაში აკითხავდა და მაკდონალდსში მიჰყავდა ხოლმე. მერე თავისთან წაიყვანდა და აღარ უნდოდა ბავშვის დაბრუნება. უკან დავდევდი, ვეხვეწებოდი, პოლიციაც გამომიძახებია, მაგრამ მეუბნებოდნენ, ბავშვის მამაა და ნახვის უფლებაც აქვს და მაკდონალდსში წაყვანისაცო. ერთხელ ისე გავმწარდი, მეთქი წავალ და ალიმენტს მოვითხოვ ოფიციალურად... ვიცოდი, არაფრის მომცემი არ იყო და ვიფიქრე, იქნებ ასე მაინც დაგვანებოს მეთქი თავი... დავიწყე საბუთების შეგროვება, მაგრამ დედაჩემი, მამაჩემი, ჩემი ძმა ხომ გადამიდგნენ წინ — ეგ რა სამარცხვინო საქციელიაო, მერე ჩემი ყოფილი ქმრის ნათესავებმა ისეთი წიოკი ატეხეს, მაგათი თავი აღარ მქონდა. ახლა გათხოვებას ვაპირებ და მეუბნება, ბავშვი უნდა წაგართვა, შანსი არაა, სხვა კაცთან არ ვაცხოვრებო. ყოველდღე, სანამ სკოლიდან გამოვიყვან, ჯოჯოხეთს გავდივარ...", — ამბობს 31 წლის ეკა.
როგორც ვხედავთ, ალიმენტის კანონიერი მოთხოვნის განზრახვა ჩვენს რესპონდენტს მხოლოდ ქმრის ნათესაობის მხრიდან დამუნათებამ კი არა, საკუთარი ოჯახის წევრების პროტესტმაც გადააფიქრებინა. კდემამოსილი, სათნო, კეთილშობილი ქალის გენდერული როლის შესრულების მოთხოვნის წნეხი საზოგადოებაში იმდენად მაღალია, რომ მას, ჩვეულებრივ, თავად ძალადობის მსხვერპლის დასამუნათებლად და გასაჩუმებლად იყენებენ, მათ შორის — საკუთარი ოჯახის წევრებიც. ამ ჯვრის ზიდვა ნარკოდამოკიდებული კაცის ყოფილ ცოლსაც ეხება, რომელიც ყველანაირად ცდილობდა, ბავშვი მამამისის მიერ ნარკოტიკის მოხმარების პროცესის ხილვისგან დაეცვა.
ეკასგან განსხვავებით, ციცი აღნიშნავს, რომ ალიმენტი მოითხოვა, მაგრამ ყველაფერი სასამართლოში მორიგების შემოთავაზების ისეთი საშინელი ამბით დასრულდა, რომ ამის გახსენებაზეც კი სიბრაზისგან აკანკალებს. "რა ჰქონდა ჩემს ქმარს საიმისო, რომ ალიმენტის თანხა მოსამართლეს 100 ლარი დაენიშნა? მთელი ეს წლებია, თავიდან ბოლომდე მე ვზრუნავ ბავშვის სწავლაზე, დასვენებაზე, ჩაცმაზე — საერთოდ ყველაფერზე, რაც საჭიროა. როცა ჩემი ხელფასი არ მყოფნის, ვსესხულობ, რომ ბიჭს არაფერი მოვაკლო. 100 ლარს გამოვართმევდი მაგ უსინდისოს? მაგაზე ვალაპარაკებდი, ფულს ვაძლევ ბავშვის გაზრდაშიო?! მადლობა, არ მინდა! მოვკვდები და მაგას კაპიკს არ გამოვართმევ!", — ამბობს იგი.
სიტუაცია, როდესაც ქალი ალიმენტის მოთხოვნით სასამართლოს მიმართავს, მაგრამ ეს უკანასკნელი მხარეებს მორიგებას სთავაზობს, ალიმენტად სრულიად მიზერული თანხის დანიშვნის პირობით, იშვიათი როდია. საფარის იურისტის, ნინო ანდრიაშვილის თქმით, მსგავს შემთხვევებში, სასამართლოს ბავშვის საუკეთესო ინტერესები ავიწყდება.
"ხანდახან, როდესაც დედა სასამართლოს ალიმენტის მოთხოვნით მიმართავს, იგი აწყდება ისეთ შემთხვევას, რაც მას აიძულებს, შეტანილი სარჩელი უკან გამოიხმოს. ეს ხდება მაშინ, როდესაც სასამართლო მხარეებს მორიგებას სთავაზობს. მართალია, მორიგებით საქმის დასრულება, საქმეთა ნაკადის სიმრავლიდან გამომდინარე, სასამართლოსთვის პრიორიტეტული საკითხია, მაგრამ სასამართლოს, ხშირ შემთხვევაში, ავიწყდება ბავშვის საუკეთესო ინტერესები და მზად არის, დაამტკიცოს მორიგება ისეთი პირობებით, რომელიც ვერ უზრუნველყოფს ბავშვის ელემენტარულ საჭიროებებსაც კი, და არის საქართველოში დადგენილ საარსებო მინიმუმზე ნაკლები. ასეთ შემთხვევებში, ძალიან ბევრი ქალი მორიგებაზე უარს ამბობს და აცხადებს, რომ ურჩევნია, მამამ საერთოდ არაფერი გადაუხადოს შვილს, ვიდრე მიიღოს სასაცილო 100-150 ლარი, რომელიც ბავშვის არანაირ საჭიროებას არ ფარავს. ვფიქრობ, სასამართლოს პოზიცია ამ კუთხით არ არის სწორი. ნებისმიერი მორიგების აქტი შეიძლება, გაფორმდეს, თუმცა, სოციალურმა სამსახურმაც და სასამართლომაც აუცილებლად მეტი ყურადღება უნდა დაუთმონ ბავშვის საუკეთესო ინტერესებს, რაც, ხშირ შემთხვევაში, არ ხდება", — ამბობს ნინო.
რასაკვირველია, ამ უთანასწორო ბრძოლაში მთავარი დაზარალებული ბავშვია. იგი ძალზე მტკივნეულად აღიქვამს მშობლების დაშორების პროცესს. მაშინაც კი, როდესაც დედ-მამის ურთიერთობაში არ არის ძალადობა, მას რთული ცხოვრებისეული ეტაპის გავლა უწევს, და ეს ყველაფერი ერთიორად მძიმდება მაშინ, როდესაც მშობლების კონფლიქტის მოწმე ხდება. მშობლების დაშორების შემდგომი პერიოდის ბავშვის ფსიქიკაზე ასახვის პროცესის შესახებ ფსიქოლოგი სოფო ტაბაღუა გვესაუბრება:
"ხშირ შემთხვევაში, განქორწინება ორივე მშობლისთვის სტრესულია. განქორწინებას წინ უძღვის ხოლმე უთანხმოება, ზოგჯერ ღალატი, კონფლიქტები. განქორწინების შემდეგ, იწყება ახალი სოციალური როლების მორგება, აწმყოსა და მომავლის გადაწყობა, ზოგჯერ სწრაფად შემოდის ახალი ურთიერთობები. ამ ცვლილებით სავსე პროცესს ბევრი შიში ახლავს თან, ადაპტაციის უამრავი სირთულე. განქორწინების შემდეგ, მამები ამბობენ, რომ თავს ზედმეტად გრძნობენ შვილის და ყოფილი პარტნიორის ცხოვრებაში. სევდის განცდა, რომელიც დანაკარგთან და წარუმატებელ ურთიერთობასთან არის დაკავშირებული, ხშირ შემთხვევაში მათ უბიძგებთ, გაქრნენ იმ ადგილებიდან, რომელიც შემახსენებელი იქნება ამ ემოციების. არ დაგვავიწყდეს წამყვანი ემოცია — ბრაზი და წყენა. ეს ის განცდებია, რაც ხშირად საკუთარი თავის მიმართ, ყოფილ პარტნიორს ოჯახის სხვა წევრების მიმართ აქვთ და რაც ყველაზე სამწუხაროა, შესაძლოა, ბრაზი გაუჩნდეთ ბავშვების მიმართ: ("დედა უფრო უყვარს", "მაინც დედის მხარეს დაიჭერს" და ა. შ.). კიდევ უამრავი მიზეზი შეიძლება განვიხილოთ, რაც უმრავლესობას ან ძალიან მცირე რაოდენობას ახასიათებს, თუმცა არის მაინც რაღაც საერთო — დაშლა ზიანია და ადამიანები ზიანს გავურბივართ. ურთიერთობის რღვევის ფაზაზე, წყვილს სჭირდება მეტი გაცნობიერებულობის შემოტანა. ბავშვის განვითარებისთვის მიყენებული ზიანი მნიშვნელოვნად მცირდება იმ წყვილებში, რომლებიც დაშლის პროცესს ერთობლივ ამოცანად აქცევენ და ახერხებენ შეთანხმებას".
იმ ფაქტორის გათვალისწინებით, თუ რამხელა ზიანის მომტანი შეიძლება იყოს განქორწინებული/პარტნიორს დაშორებული დედისა და მისი ბავშვისთვის სახელმწიფოს მხრიდან ალიმენტის აღსრულების პრობლემის მოუგვარებლობა, ძნელი წარმოსადგენი არაა, რა მდგომარეობაში ცხოვრება უხდება დედას, რომელიც დაშორების შემდეგ დამატებით ამდენ და ასეთი მასშტაბის იურიდიულ თუ სოციოკულტურულ წინაღობას აწყდება. სახელმწიფოს ინდიფერენტულობა და საზოგადოებრივი წნეხის სიმძიმე მოტივაციას გვიჩენს, მსგავს მდგომარეობაში მყოფ დედებს მორალური მხარდაჭერა მაინც ვაგრძნობინოთ და დავეხმაროთ თუნდაც უმნიშვნელო პრობლემების მოგვარებაში. ურთიერთგაძლიერება ამ დროს ერთადერთი შვებისმომგვრელი გამოსავალია, რომელსაც ასე მოუთმენლად ელიან ადამიანები მსგავს სიტუაციებში.
სტატია გამოქვეყნებულია ორგანიზაცია საფარის პროექტის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით და დიდი ბრიტანეთის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით.
-
გადახედვაИнтер РАО: საქართველო საგანგებო სიტუაციის დროს რუსეთში ელექტროენერგიის ექსპორტისთვის მზადაა Интер РАО: საქართველო საგანგებო სიტუაციის დროს რუსეთში ელექტროენერგიის ექსპორტისთვის მზადაა
-
გადახედვასაქართველოს პრეზიდენტი სტრასბურგში "თბილისის შვიდეულს" შეხვდა საქართველოს პრეზიდენტი სტრასბურგში "თბილისის შვიდეულს" შეხვდა
-
გადახედვამაკა ბოჭორიშვილი საქართველოში არაბთა გაერთიანებული საემიროების ელჩს აჰმედ ალნუაიმისს შეხვდა მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში არაბთა გაერთიანებული საემიროების ელჩს აჰმედ ალნუაიმისს შეხვდა
-
გადახედვაევროკავშირმა TikTok-ის წინააღმდეგ რუმინეთის არჩევნებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო ევროკავშირმა TikTok-ის წინააღმდეგ რუმინეთის არჩევნებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
-
გადახედვააქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე გზა გადაკეტეს აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე გზა გადაკეტეს
-
გადახედვაევროპარლამენტი საქართველოს პრეზიდენტის სტრასბურგში გამოსვლასთან დაკავშირებით ინფორმაციას აქვეყნებს ევროპარლამენტი საქართველოს პრეზიდენტის სტრასბურგში გამოსვლასთან დაკავშირებით ინფორმაციას აქვეყნებს
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები პარლამენტთან მიმდინარე აქციას შეუერთდნენ კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები პარლამენტთან მიმდინარე აქციას შეუერთდნენ
-
გადახედვარა მოხდა შავ ზღვაში — ნავთობპროდუქტის ჩაღვრით გამოწვეული პოტენციური ეკოლოგიური კატასტროფა რა მოხდა შავ ზღვაში — ნავთობპროდუქტის ჩაღვრით გამოწვეული პოტენციური ეკოლოგიური კატასტროფა
-
გადახედვაცესკოს განცხადება ინსტიტუციური განვითარების ფარგლებში დაწყებული რეორგანიზაციის თაობაზე ცესკოს განცხადება ინსტიტუციური განვითარების ფარგლებში დაწყებული რეორგანიზაციის თაობაზე
-
გადახედვასხვადასხვა რელიგიური და ეთნიკური ჯგუფები რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის მიმართულების მსვლელობას მართავენ სხვადასხვა რელიგიური და ეთნიკური ჯგუფები რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის მიმართულების მსვლელობას მართავენ
-
გადახედვა"ხელოვნების სახლი" გორის მერიიდან ხელშეკრულების შეწყვეტის სურვილს ნაომარ ქალაქზე ინსტალაციას უკავშირებს "ხელოვნების სახლი" გორის მერიიდან ხელშეკრულების შეწყვეტის სურვილს ნაომარ ქალაქზე ინსტალაციას უკავშირებს
-
გადახედვაპინა პიჩერნო: ქართველი ხალხის ბრძოლა დემოკრატიისთვის ჩვენი ბრძოლაა პინა პიჩერნო: ქართველი ხალხის ბრძოლა დემოკრატიისთვის ჩვენი ბრძოლაა
-
გადახედვაოკუპირებული აფხაზეთი რუსეთისგან ელექტროენერგიის უფასოდ მიწოდებას ითხოვს ოკუპირებული აფხაზეთი რუსეთისგან ელექტროენერგიის უფასოდ მიწოდებას ითხოვს
-
გადახედვასახალხო დამცველი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა სახალხო დამცველი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა
-
გადახედვაკომპანიების უარის გამო, შსს-ს სპეცრაზმისა და პოლიციელებისთვის ლანჩის ტენდერი ჩაეშალა კომპანიების უარის გამო, შსს-ს სპეცრაზმისა და პოლიციელებისთვის ლანჩის ტენდერი ჩაეშალა
-
გადახედვაკიტ კელოგი იანვარში კიევსა და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ვიზიტს გეგმავს კიტ კელოგი იანვარში კიევსა და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ვიზიტს გეგმავს
-
გადახედვადავით ზედელაშვილი: ბატონ თადუმაძეს არ გააჩნია არსებითი უფლება, რომ მოითხოვოს ან მოლოდინი ჰქონდეს, რომ ლიეტუვამ ის თავის ტერიტორიაზე დაუშვას დავით ზედელაშვილი: ბატონ თადუმაძეს არ გააჩნია არსებითი უფლება, რომ მოითხოვოს ან მოლოდინი ჰქონდეს, რომ ლიეტუვამ ის თავის ტერიტორიაზე დაუშვას
-
გადახედვარობინ ვაგენერი: გერმანიის მთავრობა გადახედავს საქართველოსთან თანამშრომლობას რობინ ვაგენერი: გერმანიის მთავრობა გადახედავს საქართველოსთან თანამშრომლობას
-
გადახედვაანდრიუს კუბილიუსი: ქართველ ხალხსა და მათ ევროპულ მისწრაფებებს მხარს მტკიცედ ვუჭერთ ანდრიუს კუბილიუსი: ქართველ ხალხსა და მათ ევროპულ მისწრაფებებს მხარს მტკიცედ ვუჭერთ
-
გადახედვაზელენსკი: არ იქნება სამართლიანი, ყველამ რომ დაიწყოს ლაპარაკი, როგორ უნდა იცხოვროს ქვეყანამ ზელენსკი: არ იქნება სამართლიანი, ყველამ რომ დაიწყოს ლაპარაკი, როგორ უნდა იცხოვროს ქვეყანამ
-
გადახედვააფგან სადიგოვი: რაც არ უნდა მოხდეს ქართველმა ხალხმა არ უნდა დაუშვას, რომ ქვეყანაში დიქტატურა დამყარდეს, რადგან ეს არის ყველა ბოროტების საფუძველი, სიკვდილზე უარესიც კი აფგან სადიგოვი: რაც არ უნდა მოხდეს ქართველმა ხალხმა არ უნდა დაუშვას, რომ ქვეყანაში დიქტატურა დამყარდეს, რადგან ეს არის ყველა ბოროტების საფუძველი, სიკვდილზე უარესიც კი
კომენტარები