კონფერენცია, რომელზეც ყოველწლიურად დედამიწის მომავალი წყდება — გაეცანით COP27-ის შედეგებს
გაეროს 27-ე მხარეთა კონფერენციას, რომელიც წელს ეგვიპტეში, შარმ ელ შეიხში გაიმართა, მსოფლიოს 200-მდე ქვეყნის დელეგატები ესწრებოდნენ, მათ შორის პოლიტიკოსები, ბიზნესმენები, აქტივისტები და ა.შ. კონფერენცია 19 ნოემბერს დასრულდა და, მიუხედავად იმისა, რომ წინასწარ ყველამ იცოდა, რომ ამ COP-ზე სასურველი მოთხოვნების მიღწევა რთული იქნებოდა, იგი მაინც იმედისგამაცრუებელი შედეგით დასრულდა.
ქვემოთ გთავაზობთ COP27-ის ძირითად შედეგებს, რომლებზეც ყურადღების გამახვილება ნამდვილად ღირს. ბოლოსდაბოლოს, არც მეტი არც ნაკლები, მთლიანი პლანეტის აწმყოსა და მომავალს ეხება საქმე.
ფონდი კლიმატის სამართლიანობისთვის
ეს ტერმინი ჯერ თუ არ გსმენიათ, აქვე გეტყვით, რომ სათბურის აირების ემისიები სახელმწიფოების მიხედვით მკვეთრად განსხვავდება და ამ მიმართულებით მსოფლიოს ყველაზე მდიდარი და განვითარებული ქვეყნები ლიდერობენ. თუმცა, კლიმატის ცვლილება, რომელსაც სწორედ ზემოთ აღნიშნული აირების გაფრქვევები იწვევს, მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებსა და ქვეყნებზე არათანაბარ გავლენას ახდენს. სამწუხაროდ, ეს პროცესი ყველაზე მძიმედ სამხრეთში მდებარე და სხვა დაბალშემოსავლიან ქვეყნებზე ზემოქმედებს.
ამ უპირობო უსამართლობას უპირისპირდება კლიმატის სამართლიანობა, რომელიც მიზნად ისახავს კლიმატის ცვლილებით გამოწვეული რიგი პროცესებისა და მათთან გამკლავების პასუხისმგებლობის თანაბარ და სამართლიან განაწილებას.
აქედან გამომდინარე, მარტივად რომ ვთქვათ, ვისაც ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის სათბურის აირების გაფრქვევაში, კლიმატის ცვლილებასთან გამკლავებასა და ადაპტაციაზე ყველაზე დიდი პასუხისმგებლობაც იმან უნდა აიღოს!
სწორედ ეს იყო COP27-ის ერთ-ერთი მთავარი მიზანი და მაღალშემოსავლიანმა ქვეყნებმა ამ მიმართულებით ასე თუ ისე დამაკმაყოფილებელ შეთანხმებას მიაღწიეს. მიუხედავად იმისა, რომ მათი სოციო-ეკონომიკური წინსვლისკენ გადადგმული ნაბიჯები სხვებს არამხოლოდ უკან ხევს ამ მიმართულებით, არამედ შიმშილისა და კონფლიქტების პრობლემასაც ამწვავებს, ისინი წლების მანძილზე არიდებდნენ თავს პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას.
შედეგად შეიქმნა ფონდი, რომელიც იმ განვითარებადი ქვეყნებისთვის უზრუნველყოფს ფინანსურ დახმარებას, რომლებიც კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ბუნებრივი კატასტროფების შედეგად დიდ ზარალს განიცდიან. აღნიშნული კატასტროფები მოიცავს ტყის ხანძრებს, წყალდიდობებს, გვალვას, ქარიშხალსა და სხვას.
მიუხედავად იმისა, რომ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა, ფონდის მართვასა და განაწილებაზე დეტალების განსაზღვრას რამდენიმე წელი დასჭირდება. საჭირო გახდება გეგმის შემუშავება, რომლითაც განისაზღვრება, თუ როგორ განაწილდება ფინანსური რესურსი და როგორ მოხდება იმ ქვეყნების შერჩევა, რომლებსაც დახმარება ესაჭიროებათ.
წიაღისეული საწვავის მოხმარება და 1.5°C ნაზრდი
მხარეთა კონფერენციის მთავარი მიზანი კლიმატის ცვლილებასთან გამკლავება და ადაპტაციაა. თუმცა, COP27-ზე რიგი სახელმწიფოების მთავარი საზრუნავი არა პრობლემის გადაჭრა, არამედ პასუხისმგებლობის თავიდან არიდება და პარიზის კონფერენციაზე მიღებული სამიზნე მაჩვენებლის — 1.5°C ტემპერატურული ნაზრდის ნიშნულის კიდევ უფრო გაზრდაა.
პარიზის შეთანხმების მიხედვით, 2050 წლამდე დედამიწაზე გლობალური ტემპერატურის ნაზრდმა, ინდუსტრიულ რევოლუციამდელ დონესთან შედარებით, 1.5°C-ს არ უნდა გადააჭარბოს. აღსანიშნავია, რომ ინდუსტრიალიზაციის შემდეგ დედამიწაზე ტემპერატურა უკვე 1.1°C-ით გაიზარდა.
ასევე იხილეთ: ყველაფერი, რაც პარიზის კლიმატის შეთანხმებაზე უნდა იცოდეთ
COP27-ზე ამ მიმართულებით მიღწეულმა შედეგმა კრიტიკის ტალღა დაიმსახურა. საბოლოო შეთანხმებაში არ ჩანს სახელმწიფოების ძალისხმევა, დასახონ უფრო ამბიციური გეგმები ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის გაზრდისთვის და წიაღისეული საწვავის მოხმარების შემცირებისთვის.
თუმცა, კონფერენციის გამოსვლებსა და საბოლოო შეთანხმებაზე დაფუძნებით შეიძლება ითქვას, რომ ახლო მომავალში წიაღისეული საწვავის მოხმარებას და, შესაბამისად, კლიმატის სწრაფ ცვლილებას არაფერი ემუქრება.
ერთი მხრივ COP27-ის საბოლოო ტექსტის მიხედვით მხარეები განახლებად ენერგიას უჭერენ მხარს, მასში ასევე ხაზგასმითაა აღნიშნული "დაბალი ემისიების" მქონე ენერგია, რომელიც, კრიტიკოსების აზრით, ბუნებრივ აირს ნიშნავს, ამ უკანასკნელის მოხმარება კი ისევ სათბურის აირების გაფრქვევას უკავშირდება. რადგან ქვეყნების მიზნები, შეემცირებინათ სათბურის აირების ემისიები, ზედმეტად არაამბიციური იყო, ისინი შარშან გლაზგოში გამართულ კონფერენციაზე ასევე შეთანხმდნენ, ყოველწლიურად გაეძლიერებინათ ეს მიზნები. COP27-ზე რამდენიმე ქვეყანა ეცადა, უარი ეთქვა 1.5°C შეზღუდვაზე და აღნიშნული ყოველწლიური მიზნების გაძლიერების შეთანხმებაც გაეუქმებინათ. მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხში მათ წარმატებას ვერ მიაღწიეს, კონფერენციაზე შეთანხმდნენ, ამოეღოთ რეზოლუცია, რომლის მიხედვითაც ემისიები 2025 წელს პიკს მიაღწევდა და ამის შემდეგ ეს ნიშნული დაიკლებდა, გაუქმდა, რამაც ბევრის უკმაყოფილება გამოიწვია.
ასევე იხილეთ: რა მოხდა გლაზგოს კლიმატის სამიტზე — COP26-ის შედეგები
მეტიც, მომავალი წლის COP28-ის მასპინძელი ქვეყნის — არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიდ ალ-ნაჰიანმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა გააგრძელებს ნავთობისა და ბუნებრივი აირის მოპოვებას იქამდე, სანამ ეს მსოფლიოში ამ რესურსების საჭიროება იქნება. ცალსახაა, წლევანდელი კონფერენციის მსგავსად, არც შემდეგი წლის კონფერენციისთვის უნდა გვქონდეს მაღალი მოლოდინები და გადარჩენაზე ფიქრი 2024 წლისთვის უნდა გადავდოთ.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთი ელექტროენერგიით ღარიბი სახელმწიფოს წარმომადგენლები აფრიკიდან იბრძოდნენ თავიანთი უფლებისთვის, განევითარებინათ ბუნებრივი აირის საბადოები, ვინაიდან ისინი ისეთი პრობლემების წინაშე დგანან, როგორიც გვალვაა.
ახალი პრეზიდენტის არჩევის შემდეგ ბრაზილია COP-ს უბრუნდება
ლუის ინასიუ ლულა და სილვამ კონფერენციაზე განაცხადა, რომ ბრაზილია მხარეთა კონფერენციას კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში ისევ უერთდება და ისიც დაიფიცა, რომ 2025 წელს COP30-ს ბრაზილია უმასპინძლებს.
მემარცხენე პრეზიდენტისთვის, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნები მემარჯვენე ლიდერს, ჟაირ ბოლსონაროს მოუგო, COP27 პირველი პროფესიული ვიზიტი იყო საზღვარგარეთ პრეზიდენტის როლში. აღსანიშნავია, რომ მემარჯვენე პრეზიდენტმა, რომლის მმართველობის პერიოდშიც ჯუნგლების დიდი ნაწილი განადგურდა, 2019 წელს ბრაზილიაში დაგეგმილი COP-ის მასპინძლობაზე უარი განაცხადა.
გარდა ამისა, ბრაზილია ინდონეზიასა და კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასაც შეუერთდა ტყის შენარჩუნების მიმართულებით თანამშრომლობის დასაწყებად. სამეულის კავშირის შესახებ მოლაპარაკებები ათწლეულის განმავლობაში მიმდინარეობდა მაშინაც კი, როდესაც ქვეყნების ეროვნული სატყეო პოლიტიკა და ქვეყნის ლიდერები იცვლებოდნენ. არსებობს მოლოდინი, რომ ისინი მაღალშემოსავლიან ქვეყნებს ტყეების შენარჩუნებისთვის გადასახადს მოსთხოვენ, რაც, ცალსახად, საინტერესო ამბავია.
აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ აშშ-მ და ჩინეთმა ურთიერთობა გამოასწორეს — ტაივანის დაძაბულობის შემდეგ, სახელმწიფოების მეთაურები შეთანხმდნენ, კლიმატის ცვლილებასთან ბრძლის მიმართულებით თანამშრომლობა განაახლონ.
შეუსრულებელი დაპირებების კიდევ ერთი წელი
პარიზის შეთანხმება განვითარებულ ქვეყნებს სთავაზობს გზას, რომლითაც ისინი შეძლებენ დაეხმარონ განვითარებად სახელმწიფოებს კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლასა და ადაპტაციაში. შეთანხმება ასევე ქმნის ჩარჩოს გამჭვირვალე მონიტორინგისთვის, ანგარიშებისთვის და მისი მიზნების ინდივიდუალური თუ კოლექტიური გამკაცრებისთვის.
ჯერ კიდევ 2020 წელს განვითარებული სახელმწიფოები შეთანხმდნენ, ყოველწლიურად 100 მლრდ. დოლარი გამოყონ კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლის საქმეში, როგორც ინვესტიცია გლობალურად სათბურის აირების ნულოვანი ემისიების მიღწევაში. შარშან, გლაზგოში გამართულ კონფერენციაზე ქვეყნები ამ მაჩვენებლის გაორმაგებაზეც შეთანხმდნენ, თუმცა ამ პირობას ჯერჯერობით არავინ ასრულებს. კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციისთვის წლიურად დაახლოებით 20 მილიარდი დოლარი იხარჯება.
აქედან გამომდინარე, გასაკვირი არაა, რომ COP27 ბევრის აზრით წარუმატებლად დასრულდა. კონფერენციაზე გაკეთებული განცხადებებიდან, მიღებული გადაწყვეტილებებიდან და მსოფლიო ლიდერების უდარდელი განწყობიდან გამომდინარე კი, შეიძლება ითქვას, რომ კარგ შედეგს არც მომავალ წელს უნდა ველოდოთ.
კომენტარები