მზის ატმოსფეროში ახალი ხვრელი გაჩნდა — მოსალოდნელია სუსტი გეომაგნიტური შტორმი
ჩვენი ვარსკვლავის ატმოსფეროს ზედა ფენაში ახალი კორონალური ხვრელი გაჩნდა, საიდანაც შესაძლოა, მაღალენერგიული მზის ქარი დედამიწისკენ გამოემართოს და ამ ორ დღეში (1-2 დეკემბერი) სუსტი გეომაგნიტური შტორმი გამოიწვიოს.
კორონალური ხვრელი მზის გვირგვინში ფორმირებული უზარმაზარი რეგიონია, რომლის მიმდებარედაც პლაზმა ნაკლებად ცხელი და მკვრივია, ვიდრე სხვა არეალებში. ამის გამო ისინი მნათობის გავარვარებული დისკოს ფონზე შავად ჩანს. მსგავსი ხვრელების გარშემო მაგნიტური ველის ხაზები შიგნით არაა მიმართული, არამედ გარეთაა აღმართული და ნაწილაკებს კოსმოსში 2.9 მილიონი კმ/სთ სიჩქარით აფრქვევს.
ეს მატერია დედამიწის მაგნიტური ველის მიერ შთაინთქმება, ხოლო ამ ურთიერთქმედებისას გეომაგნიტური შტორმი წარმოიქმნება. ნაწილაკები ჩვენი პლანეტის ატმოსფეროში პოლუსებიდან აღწევს, სადაც აზოტისა და ჟანგბადის მოლეკულებთან შედის რეაქციაში. შედეგად პოლარულ ციალს ვიღებთ.
მოსალოდნელი შტორმი ძლიერი არ იქნება. სპეციალისტების პროგნოზით, ის G-1 კატეგორიაში შევა, მსგავსი მოვლენები კი საფრთხის შემცველი არა. ასეთ შტორმებს მხოლოდ ელექტროსისტემებისა და სატელიტების მუშაობის მცირედით შეფერხება შეუძლია. არაა გამორიცხული პოლარული ციალიც.
აღსანიშნავია, რომ გეომაგნიტური შტორმები ყოველთვის ასეთი უვნებელი არაა და მათ კორონალური მასის ამოფრქვევები ან მზის ანთებებიც იწვევს. პირველ შემთხვევაში ნაწილაკები დედამიწამდე 15-18 საათში აღწევს, მეორე შემთხვევაში კი სულ რაღაც 8 წუთში. ყველაზე მძლავრი შტორმი 1859 წელს დაფიქსირდა, რამაც გადამცემი სისტემები გადაწვა და ციალი პოლუსებისგან საკმაოდ შორს წარმოქმნა. ამგვარი რამ დღეს რომ დაგვტყდომოდა თავს, ზარალი ტრილიონობით აშშ დოლარს გაუტოლდებოდა.
შეგახსენებთ, რომ ჩვენი ვარსკვლავი ახლა აქტიურ ფაზაშია, ამიტომ კორონალური ხვრელებისა თუ მზის ლაქების გაჩენა გასაკვირი არაა. ეს აქტიურობა მაქსიმუმს 2025 წელს მიაღწევს, შემდეგ კი დაღმასვლას დაიწყებს.
კომენტარები