კიდევ 5 სლოგანი, რომელიც მერიას საახალწლოდ გამოადგება
უკვე გეცოდინებათ, რომ წელს მერიამ თბილისს "მშვიდობის ქალაქი" დაარქვა. 20%-იანი ოკუპაციის, ჩვენივე ტერიტორიაზე მოქალაქეების გატაცების, უფლებების დარღვევისა და უკანონო ბორდერიზაციის პირობებში, საკმაოდ უცნაურია, როცა დედაქალაქს მშვიდობის ქალაქს ვუწოდებთ.
ესეც რომ არ იყოს, მოქალაქეებს არც ის გამოჰპარვიათ, რომ ქალაქის ცენტრში არა საახალწლო, არამედ მმართველი გუნდის მესიჯბოქსი და არაერთხელ გაჟღერებული ნარატივი გვექნება გამოფენილ-განათებული; რადგან უკრაინაში ომის დაწყების დღიდან იმეორებენ, რომ "ომის პარტიას მეორე ფრონტის გახსნის საშუალება არ მისცეს" და მათი წყალობით ავირიდეთ ომი. მგონი, უნდა გვიხაროდეს, რომ იქვე, საკრებულოს შენობაზე "აბა, ომი გინდათ" არ მიგვიწერეს.
ამ სლოგანზე ოპოზიციისა და საზოგადოების კრიტიკასა და შენიშვნებს მმართველმა გუნდმა, რა თქმა უნდა, ირონიით უპასუხა და სპეკულაციები დააბრალა. მაგალითად, ირაკლი კობახიძემ შემოგვთავაზა, ერთწლიანი მორატორიუმი გამოვაცხადოთ მშვიდობის სადღეგრძელოზე.
ქალაქის მერი კი გვიმტკიცებდა, რომ მათი სლოგანი არ არის ნიშნისმოგება უკრაინელების მიმართ, რომლებიც ახლა სასტიკ ომში არიან.
"სწორედ მშვიდობაა მთავარი სიკეთე, რომელიც თბილისელებს 2022-მა წელმა გვაჩუქა და რომელსაც დამდეგი 2023 წლისგან ყველა ქართველი ისურვებდა. ამასთან, პირველი, ვისაც თითოეული ჩვენგანი, თითოეული თბილისელი და ქართველი ერთმანეთის შემდეგ მშვიდობას უსურვებდა, სწორედ ჩვენი კიეველი და უკრაინელი მეგობრები არიან.
რა ვქნათ, მეგობრებო, არ ჩავიფიქროთ მშვიდობა, არ გავუშვათ ეს ყველასთვის სანუკვარი სურვილი თბილისიდან მსოფლიოს ყველა ქალაქის მიმართულებით?" — გვითხრა კალაძემ.
რაკი საქმე ასეა, რომ თბილისის ცენტრში სანუკვარი სურვილების სლოგანად გამოფენა შეგვიძლია, ქალაქს გადავხედოთ და მომდევნო წლებისთვის კიდევ რამდენიმე ფრაზა შევარჩიოთ, რომელიც "რეალობასაც ასახავს" და ადგილობრივების სურვილსაც.
თავისუფალი ქუჩების ქალაქი
წლების წინ "სიცოცხლით სავსე თბილისი" და "სიყვარულით სავსე თბილისი" გვერქვა. მოდი, 2023-ში თბილისის თავისუფალი ქუჩები ვაქოთ.
ზოგადად, შეგვიძლია ეს საკითხი ტურისტებისთვის სავიზიტო ბარათადაც ვაქციოთ და შევთავაზოთ ტურები თბილისის ქუჩებში, მეტროს ჩასასვლელში, მეტროში ან ავტობუსის გაჩერებასთან, სადაც საერთოდ არ არის საცობები.
უწყვეტი წყალმომარაგების ქალაქი
ესეც კარგი ტურისტული სლოგანია. შეგვიძლია უცხო ქვეყნიდან ჩამოსულებს ვუამბოთ ლამაზი ისტორია იმაზე, რომ ჰიდრორესურსებით მდიდარი ქვეყანა ვართ, ვასეირნოთ რიონის, არაგვის, მტკვრის პირას და დავუმალოთ იმ თბილისელების პოსტები, რომლებიც მუდმივად GWP-ის ლანძღავენ ავარიულად ან რეაბილიტაციის გამო წყლის 24, 48, ან 72 საათით გათიშვაზე.
ყველაზე მწვანე ქალაქი
შეიძლება ბევრი მაღალი შენობით ვერავინ გავაოცოთ, მაგრამ მაინც შევძლებთ, მოვიხდინოთ სლოგანი — მწვანე ქალაქი. ბოლოს და ბოლოს, მერიამ ხომ ამდენი სკვერი გახსნა და ხე დარგო.
პროვოკატორები კი ერთმანეთსაც და ტურისტებსაც გავუზიარებთ უკონტროლო მშენებლობების, გენგეგმის და საბჭოთა შენობების პრობლემას. თან ვაჩვენებთ თბილისის არც თუ ისე საოცარ ხედებს. თუ საჭირო გახდა, ბათუმშიც გავასეირნებთ.
იერსახის დამახინჯების წინააღმდეგ მებრძოლი ქალაქი
გეთანხმებით, სლოგანისთვის ნამდვილად რთული ფრაზაა, მაგრამ როგორ უნდა დავუკარგოთ დედაქალაქს ანტიოკუპაციური წარწერებისა და პოსტერების წინააღმდეგ გაცხარებული ბრძოლა? ნუთუ დავივიწყებთ რა მონდომებით შლიან "რუსეთი ოკუპანტიას", "პუტინ ხუილოს", "სიყვარული სიყვარულიას" და სხვა წარწერებს იმ კედლებიდან, სადაც წლების განმავლობაში თავს იწონებს "ყ*ე", "თავისუფლება ცოტნეს", "სოხუმი — ჩემი იერუსალიმი", "ნიკას+თიკა=13" და მრავალი სხვა.
კომფორტული საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქალაქი
და ბოლოს, იმედი მაქვს ამ სლოგანს ავტობუსში ცალ ფეხზე მდგომი და საბურთალოს ხაზზე საცობში გაჭედილი არ კითხულობთ, რადგან, როგორც თბილისის მერი ამბობს:
"დღეს დედაქალაქს ჰყავს ყველაზე ახალი, ყველაზე მოწესრიგებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი, შეიძლება ითქვას, მთელს ევროპაში".
კახა კალაძე გვაძლევს პირობას, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჩვენს ქალაქში იქნება ყველაზე სწრაფი, ყველაზე კომფორტული და ყველაზე ხელმისაწვდომი.
და თუ ეს დღე დადგება, ალბათ, მსგავს სლოგანსაც ვიხილავთ ნაძვის ხეზე.
კომენტარები