სომალიში ნაპოვნი მეტეორიტი ჩვენთვის აქამდე უცნობ ორ მინერალს შეიცავს
15-ტონიანმა კოსმოსურმა ქვამ, რომელიც კოსმოსიდან დედამიწაზე 2020 წელს ჩამოვარდა, დედამიწელებს აქამდე უცხო მინერალები ჩამოგვიტანა.
პრესრელიზის მიხედვით, სომალიში 2020 წელს ჩამოვარდნილი მეტეორიტის ნიმუშში ალბერტას უნივერსიტეტის მკვლევრებმა ორი მინერალი აღმოაჩინეს, რომელთაც დედამიწაზე არ ვხვდებით.
დედამიწის ატმოსფეროში ყოველდღიურად ათასობით კოსმოსური მასალა შემოდის, თუმცა მაშინვე იწვის. მათგან ძალიან ცოტა თუ ახერხებს, გაუძლოს ატმოსფეროში გავლას და ხმელეთზე დაეცეს, რის შემდეგაც ამ კოსმოსურ ქვებს მეტეორიტის საპატიო წოდებას ვანიჭებთ.
დიდი მეტეორიტები იშვიათი მოვლენაა, თუმცა მაინც ხდება. ერთ-ერთი ასეთია რამდენიმე წლის წინ სომალიში, ქალაქ ელ ალისთან ჩამოვარდნილი კოსმოსური ქვა, რომელიც 15 ტონას იწონიდა და ჩვენთვის ცნობილ მეტეორთაგან სიდიდით მე-9 იყო.
ორი ახალი მინერალი
კლასიფიკაციისთვის ალბერტას უნივერსიტეტში მეტეორიტის ძალიან მცირე, 70 გრამიანი ნატეხი გაიგზავნა, რომელშიც მკვლევრებმა ორი უცნობი მინერალი აღმოაჩინეს.
"როცა ახალ მინერალს პოულობ, ეს ნიშნავს, რომ რეალური გეოლოგიური პირობები და ქვის ქიმია განსხვავებულია იმისგან, რაც ადრე გვინახავს", — განაცხადა ალბერტას უნივერსიტეტის მეტეორიტების კოლექციის კურატორმა, პროფესორმა კრის ჰერდმა
კალიფორმიის უნივერსიტეტისა (UCLA) და კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მკვლევრებთან ერთად ჰერდმა მეტეორიტს რკინის IAB კომპლექსის კლასიფიკაცია მიანიჭა, რომელიც მეტეორიტული რკინისა და სილიკატური დანამატებისგან შედგება.
ჰერდის კვლევაში მონაწილეობას იღებდა Electro Microprobe Laboratory-იც, სადაც თავდაპირველმა ანალიზმა ორი ახალი მინერალი აჩვენა. ამ ტიპის კვლევა ძალიან დიდ შრომას მოითხოვს, რათა ახალი მინერალის არსებობა საბოლოოდ დადასტურდეს. მიუხედავად ამისა, ამ შემთხვევაში, ეს მინერალები ადრე სინთეზური ფორმით დამზადებული იყო, ამიტომ მკვლევრებს მოუწიათ, უბრალოდ შეედარებინათ მათი შემადგენლობები, რათა აღმოჩენა დაედასტურებინათ.
საინტერესოა, რომ ნაპოვნია მესამე მინერალიც, რომლის კვლევაც მიმდინარეობს და თუ მისი შემადგენლობა რომელიმე ჩვენთვის ნაცნობს არ დაემთხვევა, სიახლე დადასტურდება.
მინერალების სახელები
გავრცელებული ინფორმაციით, მინერალებს ელალიიტი და ელკინსტანტონიტი ერქმევათ. პირველი სახელი ელ ალიდან მოდის, რომელიც მეტეორიტის ჩამოვარდნის ზონასთან მდებარე უახლოესი ქალაქია. მეორე მინერალს კი სახელი არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევრის, ლინდი ელკინს-ტანტონის პატივსაცემად ეწოდა.
"ლინდიმ ძალიან ბევრი იმუშავა იმის კვლევაზე, თუ როგორ იქმნება პლანეტების რკინა-ნიკელის ბირთვები, რისი უახლოესი ანალოგიც რკინის მეტეორიტებია. შესაბამისად, მეცნიერებაში მისი წვლილის ამ სახით აღიარება, ვფიქრობ, გონივრულია". — განაცხადა ჰერდმა
ელკინს-ტანტონი NASA-ს მისია Psyche-ის მთავარი მკვლევარია. Psyche-ის მიზანი ჩვენი მზის სისტემის პლანეტების წარმომავლობის დადგენაა.
სამწუხაროდ, შესაძლოა, ეს უკანასკნელი სიახლეა, რომელსაც ელ ალის მეტეორიტის შესახებ გავიგებთ, რადგან, როგორც ცნობილია, ის ჩინეთში გადაიტანეს და მალე გაიყიდება. თუ ეს მოხდება, არ არის ცნობილი, დართავს თუ არა მეცნიერებს კვლევის ნებას ახალი მფლობელი.
კომენტარები