შეგვიძლია შიმპანზე "ადამიანად" გავზარდოთ? — 1930-იანი წლების უჩვეულო ექსპერიმენტი
ბუნება აღზრდის პირისპირ, ანუ სოციოგენეტიკა ბიოგენეტიკის წინააღმდეგ — ეს არის საკითხი, რომლის გარშემოც საზოგადოების ნაწილში დღემდე დავაა გაჩაღებული, თუ რამდენად ახდენს გავლენას წმინდა ბიოლოგიური მოცემულობა ჩვენს ცხოვრებაზე. რა თქმა უნდა, ყველამ ვიცით, რომ გენეტიკა ორგანიზმის ბევრ მახასიათებელს განსაზღვრავს, მაგრამ ტრავმებთან დაკავშირებული ბოლოდროინდელი კვლევების მიხედვით, ცხოვრებისეული მოვლენები არანაკლებ მნიშვნელოვანია.
ამან ზოგ თქვენგანში შეიძლება კითხვა გააჩინოს: რამდენადაა შესაძლებელი გონიერებით გამორჩეულ ცხოველში ჩვენნაირი ინტელექტი განვითარდეს, თუკი მას ისე გავზრდით, როგორც ადამიანს?
პასუხის გასაგებად, 1931 წელს ამერიკელმა ფსიქოლოგმა, უინტროპ კელოგმა ცოლთან ერთად შიმპანზე, სახელად გუა იშვილა, რომელიც მათ ნამდვილ შვილთან, დონალდთან ერთად იზრდებოდა. სახლში მიყვანისას მაიმუნი 7-ნახევარი თვის იყო, მისი "ძმა" კი — 10 თვის. მათ მშობლები სხვადასხვა უნარებს ერთნაირად ასწავლიდნენ და ყურადღებასაც თანაბრად უნაწილებდნენ.
გარკვეული პერიოდის შემდეგ, გუას მოტორული ფუნქციები და ფიზიკური სიძლიერე სხვა შიმპანზეების მსგავსად ჩამოუყალიბდა. ის გამართული დადიოდა და 20-მდე მარტივ ბრძანებაზე რეაგირებდა. ასევე, ადრეულ ეტაპზე 12 თვის დონალდზე უფრო "ჭკვიანი" იყო, თუმცა სხვაობამ მალევე იჩინა თავი.
თუ დონალდი ადამიანებს ფიზიკური ნიშნებითა და სახეებით ცნობდა, გუა ყურადღებას სუნსა და ტანსაცმელზე ამახვილებდა. 16 თვის ბავშვი უკვე სიტყვებს ამბობდა, მაგრამ მის "დას" ეს არ შეეძლო. ფაქტობრივად, შიმპანზეს ტვინი კელოგის შვილის განვითარებას ვერ დაეწია.
სამაგიეროდ, მოხდა ის, რაც მოსალოდნელიც იყო — დონალდმა გუას მიბაძვა დაიწყო, მაგალითად, მისთვის დამახასიათებელ ხმებს გამოსცემდა. ეს ნიშნავს, რომ ყველაფერი პირიქით მოხდა. შედეგად, ექსპერიმენტი 9 თვეში შეწყდა, შიმპანზე კი ფლორიდაში მდებარე სპეციალურ დაწესებულებაში დააბრუნეს, სადაც ის 1 წელიწადზე ნაკლებ დროში პნევმონიას ემსხვერპლა.
რა თქმა უნდა, დღეს მსგავსი ექსპერიმენტები არაეთიკურად მიიჩნევა, თუმცა ამ შემთხვევიდან ერთი რამ ნამდვილად გავიგეთ: ცხოველები იმაზე გონიერები არიან, ვიდრე 1900-იან წლებში ეგონათ, მაგრამ მათი ტვინი საკმარისად განვითარებული არაა, რომ ადამიანური უნარები სრულად გაითავისოს. ევოლუციამ შიმპანზეებს სხვა ბედი არგუნა.
კომენტარები