მრავალი ხმა — ერთი სამშობლო: მუსიკალური დუეტები, რომლებსაც საქართველოს სიყვარული აერთიანებს
ქართულ პოლიფონიაში ხმები ჰარმონიულ მუსიკალურ მთლიანობას ქმნიან და სწორედ ეს მრავალხმიანობა შეიძლება იყოს ქვეყნის უკეთესი მომავლის შენების გასაღები. ქართული მუსიკა იტევს მრავალფეროვნებას, კონტრასტებს, აერთიანებს მათ და ქმნის რაღაც სასიამოვნოს, საერთოს — ეს კარგი მაგალითი შეიძლება იყოს საზოგადოებისთვის.
Zinc Network, კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის და კრეატიული სააგენტო ლივინგსტონი სწორედ ერთიანობის იდეამ დააკავშირა და შედეგად, ჟანრობრივად, ასაკითა თუ მსოფლმხედველობით განსხვავებული ექვსი მუსიკოსის სამი დუეტი შეიქმნა.
გიორგი უშიკიშვილმა და თამადამ, ნატო მეტონიძემ და დათო ჯიქიამ, ნინო ბაშარულმა და ერეკლე დეისაძემ თავიანთი კოლაბორაციით აჩვენეს, რომ ჩვენი განსხვავებულობა, იქნება ეს იდეოლოგიური, კულტურული თუ ასაკობრივი, ისევე ჰარმონიულად შეიძლება შეერწყას ერთმანეთს, როგორც ეს ქართული პოლიფონიაში ხდება. მათი ნამუშევრების პრეზენტაცია 22 ნოემბერს დედაენის ბარში შედგა.
კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის წარმომადგენლის თქმით, პროექტის იდეა ორგანიზაციების გაერთიანების შეხვედრიდან დაიბადა და მიზანი ის იყო, რომ ფართო აუდიტორია ჩაერთოთ ქვეყანაში არსებული გამოწვევების საპასუხო აქტივობებში.
"კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის საქართველოში ინფორმაციისა და დეზინფორმაციის მიმართულებით მდგრადობის გაძლიერებისთვის მუშაობს. მოგეხსენებათ, რომ გარკვეული რადიკალური, პრორუსული ჯგუფები ისაკუთრებენ პატრიოტიზმს, როგორც ცნებას, პატრიოტულ სიმბოლოებს თუ სიმღერებს და იქმნება განცდა, თითქოს პატრიოტიზმი რაღაც კონკრეტული ჯგუფის საკუთრებაა.
ერთ-ერთ შეხვედრაზე გვქონდა საუბარი, რომ პატრიოტიზმი ყველას ეკუთვნის. განსხვავებული ადამიანები სხვადასხვა გზებით მოქმედებენ ქვეყნის სასარგებლოდ და პატრიოტიზმი სწორედ ესაა. პროექტის მიზანიც ის არის, რომ არა მხოლოდ არასამთავრობო სექტორი იყოს აქტიური, არამედ მოვიცვათ მაქსიმალურად ფართო აუდიტორია, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები გაერთიანდნენ ქვეყანაში არსებული გამოწვევების წინააღმდეგ, ასე მივედით ხელოვნების სფერომდე და მოხარულები ვართ, რომ ამ წამოწყების საჯაროდ პრეზენტაცია შედგა".
პროექტის პარტნიორი ლივინგსტონი იყო. სწორედ ისინი იყვნენ ჩართულები შემსრულებლებისა და მუსიკალური პროდიუსერების შერჩევის პროცესში, რის შედეგადაც ფოლკლორული და თანამედროვე ვარიაციებით სამი მუსიკალური ნაწარმოები შეიქმნა.
ნატო მეტონიძის თქმით, მისთვის სასიამოვნოა ნებისმიერი წამოწყებაში მონაწილეობა, რომელიც საღ აზრს, თავისუფალ სიტყვას, ახალგაზრდა თაობასთან სასიამოვნო კოლაბორაციას გულისხმობს.
"თუ ჩემს პროექტს ან საქმიანობას რაიმე სარგებელი ახლავს, ეს ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია. მგონი, ჩვენი მრავალხმიანობა ამბობს ყველაფერს ჩვენზე, ასე ვიტყოდი მე, როგორც მუსიკოსი. ის უნიკალური მრავალხმიანობა, რაც გვაქვს, უნდა არსებობდეს საზოგადოებაშიც, ისევე როგორც ფოლკლორში. იდეა უნდა იყოს ერთი — ქვეყნისთვის უნდა ვმღეროდეთ ყველა, რომელი ხმაც უნდა იყოს ეს და სადაც უნდა ვმღეროდეთ", — აღნიშნავს ნატო მეტონიძე.
გიორგი უშიკიშვილმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ პროექტით მაშინვე მოიხიბლა, როცა თამადას მიერ დაწერილი სიმღერის ტექსტი ნახა, რადგან ჩათვალა, რომ საქართველოს მრავალ მოქალაქეს აღელვებს ფრაზა "მტერთან კურკურის" შესახებ.
"ბევრია ისეთი ადამიანი, რომელიც მტერთან კურკურობს, შესაბამისად, ჩვენ ხმამაღლა უნდა ვთქვათ, რომ საზოგადოებაში უნდა იყოს ბევრი ხმა, თავისუფალი სიტყვა, მაგრამ როცა საქმე ჩვენი ქვეყნის მომავალს, ერთიანობას და სუვერენიტეტს ეხება, აქ ისე უნდა ვერთიანდებოდეთ, როგორც ქართულ სიმღერაში ბოლო უნისონია. მგონია, რომ საზოგადოებას ზოგჯერ რაღაცების შეხსენება სჭირდება, უფრო მეტად დაფიქრება რაღაცებზე, ვფიქრობ, მუსიკა, პოეზია, ხელოვნება ამის საშუალებას იძლევა", — ამბობს გიორგი უშიკიშვილი.
თამადა კი გვიზიარებს, რომ ისეთ შემსრულებელთან კოლაბორაცია, როგორიც გიორგი უშიკიშვილია, მისთვის გამოწვევა იყო, თუმცა პროცესი მარტივად წარიმართა.
"გიორგის აზრის გაზიარება, მისი ვოკალის ცოცხლად მოსმენა და ამ ყველაფრის საკუთარ მუსიკაში გამოყენება ერთი დიდი სიამოვნება იყო და ბედნიერი ვარ. თანაც, უმნიშვნელოვანესია გზავნილი, რომელიც ამ ნამუშევარში ჩავდეთ. გზავნილი კი ისაა, რომ არ ჩაგვიფარცხონ ის შრომა, რომელსაც სრულიად საზოგადოება ვეწევით, რათა ქვეყანა იყოს დასავლურ მხარეს. ისიც უნდა ითქვას, რომ საკუთარი ფესვების დავიწყება დასავლეთთან ვერ დაგვაახლოებს. კონკრეტულად არავისზე დამიწერია სიმღერა, არავის ვეხები, საზოგადოება თვითონ მიხვდეს, ვინ ვინ არის", — აღნიშნავს თამადა.
ღონისძიების კიდევ ერთი მონაწილე, ნინო ბაშარული აღნიშნავს, რომ გაუხარდა, როცა გაიგო, რომ აღნიშნულ პროექტში ჩართვას და საკუთარი სათქმელის სიმღერის საშუალებით გაჟღერებას შეძლებდა, თანაც, მისთვის გამოცდილ შემსრულებლებთან ურთიერთობა არანაკლებ ამაღელვებელი იყო.
"ჩემთვის ბევრს ნიშნავს, რომ ისეთი დიდი გამოცდილების მქონე არტისტებთან ერთად, როგორიც გიორგი უშიკიშვილი და ნატო მეტონიძე არიან, მეც ვიღებ მონაწილეობას პროექტში. ბავშვივით მიხაროდა, როდესაც პროექტში მონაწილეობა შემომთავაზეს", — გაგვიზიარა ნინო ბაშარულმა და აღნიშნა, რომ სიმღერის წერისას მისი მთავარი მოტივაცია ძველი და ახალი თაობების დამეგობრების იდეა იყო — "ძველი და ახალი თაობები აუცილებლად უნდა დამეგობრდნენ და ჩვენ აუცილებლად უნდა ვუგდოთ ყური, მოვუსმინოთ ახალგაზრდებს, ჩვენ უნდა ვისაუბროთ მათ ენაზე და არა მათ — ჩვენსაზე. იმდენად ბრძენი, ნიჭიერი ახალგაზრდები მოდიან, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გულის კარი გავუღოთ ახალ თაობებს, ერთმანეთს და ერთობლივად აღმოვფხვრათ ის გულგრილობა, რაც საზოგადოებაში არსებობს".
ღონისძიების ადგილი ასევე სიმბოლურად შეირჩა — სიმღერების პრეზენტაცია დედა ენის ბარში შედგა, რომლის დამფუძნებელმა, დათა ლაფაურმა გადაწყვიტა, რომ რუსეთის უკრაინაზე მიტანილი იერიშის საპასუხოდ, ბარში რუსეთის მოქალაქეები მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიშვებოდნენ, თუ ხელს მოაწერდნენ დოკუმენტს, რომლის თანახმადაც, მათი მშობლიური ქვეყანა ოკუპანტია და გმობენ რუსეთის ქმედებებს.
ღონისძიებას ნიკო ნერგაძე უძღვებოდა, რომელთან ერთად მუსიკოსებმა, ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და დედა ენის ბარის დამფუძნებელმა განიხილეს პატრიოტიზმთან და მრავალხმიანობასთან, ქვეყნის სასიკეთოდ გაერთიანების იდეასთან დაკავშირებული თემები. შეხვედრაზე ასევე მათ ისაუბრეს წარსულის პატივისცემასა და სიახლეების მიღებაზე, როგორც ჩვენი ქვეყნის ტრადიციაზე.
კომენტარები