ქირურგებმა 3D პრინტერით დაბეჭდილი ცხვირი პაციენტის ხელზე გაზარდეს, შემდეგ კი სახეზე გადაუნერგეს
ტულუზის უნივერსიტეტის საავადმყოფოში მომუშავე ქირურგთა გუნდმა, კლაუდიუს რეგოს სახელობის ინსტიტუტში მოღვაწე კოლეგებთან თანამშრომლობით, ცხვირის რეკონსტრუქციის ინოვაციური მეთოდი წარმატებით გამოიყენა. მათ სამგანზომილებიანი პრინტერით დაბეჭდილი ყნოსვის ორგანო ონკოლოგიური პაციენტის ხელზე გაზარდეს, შემდეგ კი მას სახეზე გადაუნერგეს.
3D ტექნოლოგია თანამედროვე მსოფლიოში აქტიურად გამოიყენება, მაგალითად, სახლების ასაშენებლად, სხვადასხვა ნივთისა თუ ხელსაწყოს დასამზადებლად და სისხლძარღვების დასაბეჭდადაც კი. მისი მეშვეობით მეცნიერებმა ამჯერად ცხვირის ხრტილის შესაბამისი ბიომატერია შექმნეს.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი ქსოვილები ჩვენს ორგანიზმში სხვადასხვა ქიმიური ნაერთის საშუალებით იზრდება და საჭირო ფორმას იღებს. ასეთია ჰიდროქსიაპატიტი და ტრიკალციუმის ფოსფატი, რომლებიც სპეციალისტებმა სამგანზომილებიან პრინტერში გამოიყენეს
როგორც ცნობილია, პაციენტს ცხვირის ღრუს სიმსივნე დაუდგინდა, რის გამოც ამ ორგანოს დიდი ნაწილი დაკარგა და წლების განმავლობაში ასე ცხოვრობდა. ქალს კანიც გადაუნერგეს, თუმცა პროცედურამ არ გაამართლა, პროთეზის ტარება კი მისთვის გარკვეულ სიძნელეებთან იყო დაკავშირებული.
ქირურგებმა გადაწყვიტეს, ინოვაციური მეთოდი ეცადათ. მათ პირველ ეტაპზე 3D პრინტერით პაციენტისთვის ცხვირის ხრტილი დაბეჭდეს და ის მის ხელზე გადაიტანეს. შემდეგ საფეთქლიდან აღებული კანი გადაუნერგეს, რათა ის სისხლძარღვებიანად გაზრდილიყო.
2 თვეში მათ ქალს სახეზე უკვე სრულად კანით დაფარული ცხვირი გადაუნერგეს და მიკროქირურგიული ჩარევის შედეგად სისხლძარღვები ერთმანეთთან დააკავშირეს. პაციენტი საავადმყოფოში 10 დღე დარჩა, რასაც ანტიბიოტიკებით 3-კვირიანი მკურნალობა მოჰყვა. ამჟამად ის თავს კარგად გრძნობს.
კომენტარები