პარალიზებულმა პაციენტებმა სავარძლები ტვინით გადააადგილეს — ახალი კვლევა
კვლევაში სამიდან ორმა პაციენტმა სავარძლები 95-98-პროცენტიანი სიზუსტით გადააადგილა, როცა წინა შედეგი მხოლოდ 43-55 პროცენტი იყო.
პარალიზის ზოგიერთი ფორმა იმდენად მწვავეა, რომ ადამიანებს არცერთი კიდურის მოძრაობა არ შეუძლიათ. ახალი კვლევის ფარგლებში რამდენიმე ასეთმა პაციენტმა შეძლო და ტვინის მეშვეობით ინვალიდის ელექტრული სავარძელი წარმატებით მართა წინაღობებით სავსე ოთახში. ნაშრომი ჟურნალში iScience გამოქვეყნდა.
მართალია, ტვინით კონტროლირებადი სავარძლების შექმნა დიდი მიღწევაა, თუმცა მეთოდი კვლავაც ინვაზიურია და ტვინში იმპლანტანტების ჩამაგრებას მოიცავს. ზოგიერთი ტექნიკა სულაც საკმაოდ მოუხერხებელ გამოსავალს ეფუძნება — მაგალითად, მომხმარებელი ნათებას უნდა მიაშტერდეს იმ მიმართულებით, რომლისკენაც გადაადგილება სურს.
მეცნიერებმა ამჯერად არაინვაზიური მეთოდი შეიმუშავეს, რომელიც მხოლოდ ელექტროდებიანი ქუდის ტარებას მოითხოვს.
"ალბათ, ეს პირველი მცირემასშტაბიანი კვლევაა, რომელმაც საკმაო წარმატებას მიაღწია ტვინში შეჭრის გარეშე", — ამბობს შესაძლებლობების კვლევის ცენტრის მეცნიერი აბი სოიერი, რომელიც კვლევაში ჩართული არ ყოფილა.
კვლევის მონაწილეებს, კერძოდ, კვადრიპლეგია (იგივე ტეტრაპლეგია) ჰქონდათ — პარალიზის ისეთი ფორმა, რომელსაც ხერხემლის კისრის ნაწილის დაზიანება იწვევს და ოთხივე კიდურზე აქვს გავლენა.
ახალი მეთოდის ფარგლებში ქუდი გამოიყენება, რომელიც ტვინიდან მომავალ ელექტრულ სიგნალებს აძლიერებს, შემდეგ კი მათ AI პროგრამა თარგმნის და ბრძანებას სრულყოფილ სახეს აძლევს.
"ცხენზე ჯირითივით მუშაობს", — გვიხსნის კვლევის თანაავტორი ხოსე დელ რ. მილანი, ტეხასის უნივერსიტეტის პროფესორი კომპიუტერულ ინჟინერიასა და ნევროლოგიაში — "მოჯირითეს შეუძლია, ცხენს მარცხნივ შეტრიალება ან ჭიშკარში შესვლა სთხოვოს, თუმცა ცხენს საბოლოო ჯამში ამ ბრძანებათა შესრულებისათვის ოპტიმალური გზის ძიება მოუწევს".
კვლევაში სამიდან ორმა პაციენტმა სავარძლები 95-98-პროცენტიანი სიზუსტით გადააადგილა, როცა წინა შედეგი მხოლოდ 43-55 პროცენტი იყო. ამისათვის მონაწილეებმა სპეციალური წვრთნა გაიარეს, რათა სავარძლის, როგორც თავიანთი კიდურების, მოძრაობის ვიზუალიზაცია შესძლებოდათ. ამას დაახლოებით ხუთი თვე დასჭირდა.
საბოლოო ჯამში, მკვლევრები სიზუსტის ამგვარ გაუმჯობესებას AI-სა და მაკონტროლებელი ადამიანის აზრების დახვეწას მიაწერენ და დროთა განმავლობაში ტვინის აქტივობის მნიშვნელოვან ცვლილებას უსვამენ ხაზს.
მილანის განცხადებით, ნაშრომის მთავარი არსი ისაა, რომ, თუკი ადამიანებს საკმარისად დიდხანს გავწვრთნით, ისინი შეძლებენ და გარკვეულ დონეზე ესოდენ დახვეწილი მოწყობილობების კონტროლს ისწავლიან.
მართალია, შედეგები საკმაოდ დამაიმედებელია და, შესაძლოა, მიღწევამ პარალიზის მქონე ადამიანთა ცხოვრების ხარისხი მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს, თუმცა მოვლენები არ უნდა დავაჩქაროთ. ორმა პაციენტმა გადაადგილება წარმატებით მოახერხა, თუმცა სიზუსტესა თუ ტვინის აქტივობაში მესამეს შემთხვევაში მნიშვნელოვანი გაუმჯობესება არ გვიხილავს.
"რამდენიმე არჩევანი უნდა გვქონდეს და ისიც უნდა გვესმოდეს, რომ იგივე ინტერვენცია ორ ადამიანზე ერთნაირად არ იმოქმედებს", — დასძენს მილანი.
კომენტარები