შექმნეს EV ბატარეა, რომელიც 72 წამში სრულად დაიტენება
ამ ტექნოლოგიას ელექტრომობილების ინდუსტრიის თავდაყირა დაყენება შეუძლია
შვეიცარიულმა სტარტაპმა Morand-მა შექმნა ახალი ტექნოლოგია, რომელიც თქვენი ელექტრო მანქანის სრულად დატენვის შესაძლებლობას იმაზე ნაკლებ დროში მოგცემთ, ვიდრე შიდა წვის ძრავის მქონე ავტომობილებს ბენზინგასამართ სადგურზე დასჭირდებოდათ.
ახალი ტექნოლოგია, რომელსაც ელექტრომობილების 72 წამში დატენვა შეუძლია, ჰიბრიდული სისტემაა და იყენებს ტექნოლოგიას ტრადიციული ბატარეებიდან და ულტრაკონდენსატორებიდან.
ახალი ბატარეის ტექნოლოგია
American Petroleum Institute-ის მიხედვით, საშუალო დრო, რომელიც შიდა წვის ძრავის მქონე ავტომობილის ავზის შევსებას სჭირდება, ორი წუთია. ახალი ჰიბრიდული ბატარეის ტექნოლოგია eTechnology კი ამ დროს თითქმის ანახევრებს, რაც გვაძლევს იმის ვარაუდის საშუალებას, რომ ის EV ინდუსტრიას წინსვლაში ძალიან დაეხმარება.
Morand-ის მიხედვით, eTechnology-ის კიდევ ერთი სარგებელი ისაა, რომ მას ბევრად დიდი ხნით შეუძლია მოემსახუროს მფლობელს, ვიდრე ამას ლითიუმის ბატარეებიანი ავტომობილები გვთავაზობენ.
კომპანია ყოფილმა მრბოლელმა და სარბოლო გუნდის მენეჯერმა, ბენუა მორანმა შექმნა, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ათი წლის წინ ლე მანის რბოლაში მონაწილე პირველი ჰიბრიდული პროტოტიპის, Hope Racing Oreco 01 Hybrid-ის შექმნაში. Morand-ის მიზანია, რბოლისთვის შექმნილი ტექნოლოგიების ყოველდღიურ ცხოვრებაში გადმოტანა, რაც EV-ის მოხმარებას წაახალისებს.
სტარტაპის თქმით, გამოცდის დროს, eTechnology-ის პროტოტიპმა 80%-მდე დამუხტვა 72 წამში, ხოლო 98%-მდე შევსება 120 წამში შეძლო.
მცირე ავტომობილები და და ელექტრო მოწყობილობები
მიუხედავად წარმატებისა, ჯერჯერობით ტექნოლოგია არ არის იმ დონეზე, რომ ეს შედეგი შორ მანძილზე მიმავალ EV-ებზე გაიმეოროს, თუმცა, სტარტაპის თქმით, ის იდეალურია პატარა საქალაქო ელექტრომობილებისათვის, როგორიც, მაგალითად Citroën Ami-ია. ტექნოლოგია გამოსადეგი იქნება დრონებისა და ელექტრო ველოსიპედებისთვისაც.
Morand-ის თქმით, კომპანიამ eTechnology-ის პროტოტიპი დატენვა-განმუხტვის 50000-ზე მეტ ციკლზე გამოსცადა, რაც ნიშნავს, რომ მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა ტრადიციული ლითიუმის ბატარეებზე ბევრად მაღალია. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ისაა, რომ eTechnology-ს ძალიან მაღალ ტემპერატურაზეც შეუძლია გამართულად მუშაობა, რასაც სხვა ბატარეებზე ნამდვილად ვერ ვიტყვით.
კომპანია პარტნიორებთან ერთად ტექნოლოგიის ბაზარზე გასატანად მუშაობს. რა თქმა უნდა, მისი თავდაპირველი ფასი ლითიუმის ბატარეებზე ძვირი იქნება, თუმცა სტარტაპი ამის გამოსასწორებლად ყველაფრის გაკეთებას გვპირდება.
კომენტარები