შესაძლოა, მომავალში დროს "ნახტომი წამები" აღარ დაემატოს — რას ნიშნავს ეს
პარიზში ახლახან წონისა და საზომების გენერალური კონფერენცია გაიმართა, სადაც მეცნიერებმა და მთავრობის წარმომადგენლებმა 2035 წლისთვის "ნახტომი წამის" პრაქტიკის გაუქმებას დაუჭირეს მხარი.
უკვე 50 წელია, რაც ნაკიანი წლის მსგავსად ნახტომი წამები საათს პერიოდულად ემატება, რათა დროის ატომურ და ასტრონომიულ სკალებს შორის მცირედი უზუსტობა გათანაბრდეს.
თავისთავად, ამ დროს ჩვენ ვერაფერს ვგრძნობთ, თუმცა ზოგიერთი სისტემის გამართული მუშაობისათვის დროის შეუფერხებელი დინებაა საჭირო, მათ შორისაა: თანამგზავრული სატელიტური სისტემები, პროგრამული უზრუნველყოფა, ტელეკომუნიკაცია, ვაჭრობა და კოსმოსური მოგზაურობაც კი.
მაგალითისთვის, 2012 წელს ნახტომი წამის დამატების შედეგად პლატფორმა Reddit 40 წუთით გაითიშა, რადგან ცვლილებამ კომპანიის სერვერები დააბნია. მსგავსი შეფერხებების თავიდან ასარიდებლად Facebook-ის მშობელი კომპანია Meta ამ დროს სპეციალურ ტექნიკას ("smearing") იყენებს.
რამდენიმე თვის წინ მათ ბლოგპოსტი გამოაქვეყნეს, რომელშიც პრაქტიკის დასრულებას ითხოვდნენ.
"იმ ადამიანებისათვის, რომლებიც აპარატული უზრუნველყოფის ინფრასტრუქტურებს მართავენ, ყოველი ნახტომი წამი დიდ ტკივილს იწვევს", — წერდა Meta.
ხმის მიცემის საშუალებით აშშ-ის, კანადისა და საფრანგეთის მოხელეებმა 2035 წლამდე ზემოხსენებული პრაქტიკის შეჩერება მოითხოვეს, თუმცა რუსეთმა ხმა შემოთავაზების საწინააღმდეგოდ მისცა. როგორც Nature-თან საუბრისას ფელიციტას არიასმა, წონისა და საზომების საერთაშორისო ბიუროს დროის დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა, განაცხადა, შესაძლოა, ნახტომი წამის პრაქტიკის შეჩერების გამო რუსეთს ახალი სატელიტების გაშვება მოუწიოს.
მანამ, სანამ გადაწყვეტილება საბოლოო სახეს მიიღებს, აზრი საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირმაც (ITU) უნდა დააფიქსიროს. ჯგუფი უნივერსალური დროის ტრანსლირებას ემსახურება.
თუკი ნახტომი წამის პრაქტიკის შეჩერება საბოლოოდ გადაწყდა, მეტეოროლოგებსა და ასტრონომებს ძალიან დიდი დრო და ძალისხმევა დასჭირდებათ, რათა დროის ატომური და ასტრონომიული სკალების შესათანხმებლად ახალი გზები იპოვონ.
კომენტარები