ნახეთ: როგორ მიიკლაკნება პლაზმის "გველი" მზის დისკოზე
ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ მზის შესასწავლად გაგზავნილი ზონდის Solar Orbiter მიერ გადაღებული შთამბეჭდავი კადრები გამოაქვეყნა, რომლებიც გვიჩვენებს, როგორ მიიკლაკნება ჩვენი მნათობის დისკოზე გველის მსგავსი პლაზმის ფილამენტი (ძაფისებრი წარმონაქმნი).
ეს უკანასკნელი მზის ლაქაში გაჩნდა, რომელიც ვარსკვლავის შედარებით ცივი რეგიონია, სადაც მაგნიტური ველი გამრუდებულია. პლაზმის უსწორმასწოროდ გადაადგილება სწორედ ამან გამოიწვია. ის ობიექტის დისკოზე 3 საათის განმავლობაში, წამში 170 კილომეტრი სიჩქარით მოძრაობდა. Solar Orbiter-მა მთელი ეს პროცესი გადაიღო, სურათები კი სპეციალისტებმა ვიდეოში გააერთიანეს.
ამ უჩვეულო სანახაობას კორონალური მასის ამოფრქვევა მოჰყვა, რაც მზის ატმოსფეროს ზედა ფენიდან, გვირგვინიდან, პლაზმის გამოთავისუფლებას ნიშნავს. ეს მიუთითებს, რომ ზემოხსენებული 2 ფენომენი ერთმანეთთან გარკვეულ კავშირში შეიძლება იყოს.
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ "მზის გველის" ტემპერატურა გარემომცველ პლაზმისაზე დაბალი იყო. ის მნათობის ზედაპირზე არსებულ მაგნიტური ველის ხაზებს მიუყვებოდა. ამ ხაზების განლაგების შესაბამისად, პლაზმა მიმართულებას ხშირად იცვლიდა და კლაკნილ სტრუქტურას ქმნიდა.
აღნიშნული ამოფრქვევა მზეზე 5 სექტემბერს მოხდა. შედეგად გამოყოფილი ნაწილაკები Solar Orbiter-ზე დამონტაჟებულმა დეტექტორმა დააფიქსირა, რომლისთვისაც ეს ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი მსგავსი მოვლენა იყო. შეგახსენებთ, რომ აპარატი კოსმოსში 2020 წელს გაუშვეს.
ამოფრქვეული ნაწილაკები მზის ზონდმა Parker-მაც დააფიქსირა, რა დროსაც მან ღირებული მონაცემები მოიპოვა. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ამ 2 აპარატის მიერ შეგროვებული ინფორმაციის შეჯერებით ჩვენს ვარსკვლავზე და მისით განპირობებულ კოსმოსურ ამინდზე უფრო მეტს გაიგებენ. ეს მნიშვნელოვანია, რადგან მნათობის აქტივობა, თვალწარმტაცი პოლარული ნათების გარდა, ზოგჯერ დედამიწაზე გეომაგნიტურ შტორმებსაც იწვევს.
კომენტარები