კაცი ნაჯახით გაპობილი პირით — მეცნიერებმა შუა საუკუნეების მებრძოლის სახე აღადგინეს
მეცნიერებმა შუა საუკუნეებში მცხოვრები მებრძოლის სახე აღადგინეს. სამგანზომილებიანი გამოსახულებები გვიჩვენებს, რომ კაცს მტერმა პირის მიდამო ნაჯახით გაუპო, რაც, დიდი ალბათობით, მისთვის სასიკვდილო აღმოჩნდა.
მსხვერპლის თავის ქალას არქეოლოგებმა შვედეთში მდებარე კუნძულ გოტლანდზე არსებულ მასობრივ სასაფლაოზე მიაგნეს, კერძოდ, ქალაქ ვისბის მახლობლად, სადაც 1 361 წელს შვედებსა და დანიელებს შორის ხელჩართული ბრძოლა გაიმართა. დანიის 2 500-კაციანი არმია 2 000 ადამიანს დაუპირისპირდა, რომელთა შორისაც, ძირითადად, ბავშვები და ხანდაზმულები იყვნენ.
მათგან 1 800 მებრძოლი დაიღუპა, ერთ-ერთი მათგანი კი სწორედ სახეგაპობილი კაცი იყო, რომელსაც ჭრილობები მარცხნივ, თვალის ზემოთ და ყვრიმალზეც აღენიშნებოდა. დაზიანება, სავარაუდოდ, შუბის მაგვარმა იარაღმა გამოიწვია.
გრაფიკის ბრაზილიელმა ექსპერტმა, სისერო მორაისმა ეს მახასიათებლები ციფრულად აღადგინა და ეცადა, სახის სხვადასხვა ნაწილში კანის პირვანდელი სისქე გაეთვალისწინებინა. შედეგის სრულყოფისთვის სპეციალისტებმა ცოცხალი დონორის მაგნიტურ-რეზონანსული გამოსახულება გამოიყენეს და ის შუა საუკუნეების მებრძოლის ძვლების მოყვანილობას შეუსაბამეს.
მეცნიერებმა ნაკვთების, თვალის ჭრილისა თუ ცხვირის ზომის ზედმიწევნით აღსადგენად სტატისტიკური მონაცემებიც გამოიყენეს, წვერი და კანის ფერი კი სურათებში სუბიექტურადაა წარმოდგენილი. ფოტოები ცხადყოფს, დაახლოებით როგორ გამოიყურებოდა ბრძოლაში დაღუპული მეომარი.
ნაჯახის მიერ მიყენებული ჭრილობა იმ დროისთვის წესით ძნელად სამკურნალო უნდა ყოფილიყო, რაც საშუალებას გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ კაცი სწორედ მას ემსხვერპლა. აღსანიშნავია, რომ ამ კონფლიქტის შემდეგ ქალაქის მოსახლეობა მტერს დანებდა, რათა უფრო დიდი დანაკარგი აეცილებინა თავიდან.
დანიის მეფე ვალდემარ IV-მ კუნძული მიიერთა, თუმცა მრავალი წლის შემდეგ გამართულ ტორსტენსონის ომში საბოლოოდ დაკარგა. ახლა გოტლანდი ისევ შვედეთის ნაწილია.
ახალი ნაშრომი გრაფიკული მასალებისთვის განკუთვნილ მეცნიერულ პორტალ OrtogOnLineMag-ზეა ხელმისაწვდომი.
კომენტარები