ჰაკერებმა მსოფლიოს ერთ-ერთი მოწინავე ტელესკოპი გათიშეს
European Southern Observatory-ის მიხედვით, 2013 წელს ALMA ხმელეთზე მდებარე უდიდეს ასტრონომიულ პროექტად იქცა
2 ნოემბერს გავრცელებული ცნობების მიხედვით, ჩილეში, ატაკამას უდაბნოში მდებარე ობსერვატორია ALMA-ზე (The Atacama Large Millimeter Array) კიბერშეტევა განხორციელდა, რის შედეგადაც შეიზღუდა ელექტრონული ფოსტით სარგებლობა, ვებსაიტი გაითიშა და დაკვირვებების დროებით შეჩერება გახდა აუცილებელი.
ჩილეს ანდებში, ზღვის დონიდან დაახლოებით 4900 მეტრზე მდებარე ALMA მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი და განვითარებული რადიო ტელესკოპია. ის იყო ერთ-ერთი იმ რამდენიმე რადიო ობსერვატორიას შორის ერთ-ერთი, რომელმაც Event Horizon Telescope შექმნა, რის შედეგადაც 2019 წელს შავი ხვრელის პირველი ფოტო ვიხილეთ.
ასევე იხილეთ: ის, რასაც ამდენ ხანს ველოდით — შავი ხვრელის პირველი ფოტო
საბედნიეროდ, ALMA-ს სამოცდაექვსანტენიანი (რომელთაგან თითოს დიამეტრი, საშუალოდ, 12 მეტრია) არსენალი არ დაზიანებულა და, რაც ყველაზე მთავარია, სამეცნიერო ინფორმაცია და ინსტრუმენტები არ დაკარგულა.
ის, რაც ALMA-ს შეუფასებლად აქცევს, არის მისი შესაძლებლობა, დააკვირდეს კოსმოსის ცივი ობიექტების, გაზისა და მტვრის ნათებას. ამის დამსახურებით, ეს უკანასკნელი გაზის ღრუბლებში პლანეტებისა და ვარსკვლავების ფორმირებაზე დაკვირვებისათვის საუკეთესო კანდიდატია.
European Southern Observatory-ის მიხედვით, 2013 წელს გახსნის შემდეგ, ALMA ხმელეთზე მდებარე უდიდეს ასტრონომიულ პროექტად იქცა.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ტელესკოპის მწყობრიდან დროებით გამოსვლაც კი ძალიან უსიამოვნო მოვლენაა, განსაკუთრებით ათასობით ასტრონომისათვის, რომლებიც მსოფლიოს მასშტაბით კვლევებისათვის ALMA-ს მონაცემებს ეყრდნობიან. რა თქმა უნდა, ობსერვატორიის მუშაობის განახლება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, თუმცა ჯერჯერობით ეს ვერ ხერხდება და ზუსტი დროის დასახელებაც რთულია.
ცნობილი არ არის, ვინ დგას კიბერშეტევის უკან, რა მიზეზი ამოძრავებდა და როგორ მოახერხა ქსელში შეღწევა, თუმცა, ფაქტია, კიბერ საფრთხეების წინაშე ისეთი ისეთი სისტემებიც კი არ არიან აბსოლუტურად დაცული, რომელთა შეუვალობაშიც ეჭვი არასდროს შეგვეპარებოდა.
კომენტარები