ორსულობას ჩონჩხის სამუდამოდ შეცვლა შეუძლია — კვლევა
კვლევას შესწევს ძალა გვაჩვენოს, რა ცვლილებების შეტანა შეუძლია რეპროდუქციას ადამიანის ძვლოვან ქსოვილებში.
პრიმატი დედის მიერ შვილის გაჩენისას გაღებული მსხვერპლი ჯანმრთელობას კვალს ღრმად ატყობს. მაკაკებზე ჩატარებულმა ახალმა კვლევამ აღმოაჩინა, რომ ორსულობას ჩონჩხის სამუდამოდ შეცვლა შეუძლია.
მშობიარობის შემდეგ მდედრი მაკაკას ძვლებში მნიშვნელოვნად მცირე კალციუმის, ფოსფორისა და მაგნიუმის კონცენტრაციას ვხვდებით იმ ინდივიდებთან შედარებით, რომლებსაც ამის გამოცდილება არ აქვთ.
მიუხედავად იმისა, რომ ეს კონკრეტული კვლევა უშუალოდ ადამიანებს არ ეხება, მას შესწევს ძალა გვაჩვენოს, რა ცვლილებების შეტანა შეუძლია რეპროდუქციას ადამიანის ძვლოვან ქსოვილებში.
შეიძლება ძვლებს სვეტებად წარმოვიდგენთ, რომელზეც რბილი ქსოვილები იზრდება, თუმცა პრიმატების ჩონჩხი საკმაოდ დინამიკურია. ძვლები მთელი ცხოვრების განმავლობაში თანდათან იზრდება, რაზეც გავლენას ცხოვრებისეული ფაქტორები ახდენენ.
დიდი ხანია ცნობილია, რომ ძვლების სიმკვრივე ასაკთან ერთად, განსაკუთრებით მენოპაუზის შემდეგ, თანდათან იკლებს. ამას ემატება ავადმყოფობა, კვების თავისებურებები, კლიმატი და ახლა უკვე ფეხმძიმობაც, რაც კალციფირებულ ქსოვილებზე აისახება.
არსებული მონაცემების მიხედვით, ორსულობის დროს დედის სხეულს ნაყოფის უზრუნველსაყოფად შეუძლია კალციუმი საკუთარ ძვლებს გამოაცალოს, რაც მისი ჩონჩხის მასასა და სიმკვრივეს დროებით ამცირებს.
ლაქტაციის პერიოდში, შეიძლება ითქვას, დედის ძვლები მის სისხლის მიმოქცევის სისტემაში "გაიწოვება", რათა კალციუმით მდიდარი რძე წარმოქმნას. დაკარგული მინერალები მარტივად აღდგება, თუმცა ეს მცირეხნიანი წყვეტა შესამჩნევია.
კრიმინალისტიკასა და არქეოლოგიაში იმის გასარკვევად, იყო თუ არა ვინმე ფეხმძიმედ სიკვდილის მომენტში, ძვლებს ნაკლებად იყენებენ. მშობიარობის შემდეგ მენჯზე დარჩენილი კვალი სანდო ნიშნად არ ითვლება, ამიტომ მეთოდებისა და ინტერპრეტაციების დიაპაზონი დიდია. ეს კვლევა კი გვაჩვენებს იმას, რომ შეიძლება დროა, ძვლებში უფრო ღრმად ჩავიხედოთ.
"ჩვენი კვლევები აჩვენებს, რომ ჩონჩხი ნაყოფიერების შეწყვეტამდეც კი რეაგირებს რეპროდუქციული სტატუსის ცვლილებაზე. მეტიც, ჩვენი აღმოჩენები ხაზს უსვამს მშობიარობის გავლენას ქალის ორგანიზმზე. მარტივად რომ ვთქვათ, რეპროდუქციის კვალი სიცოცხლის ბოლომდე ძვლებზეა აღბეჭდილი", — განაცხადა ანთროპოლოგმა პაოლა ჩერიტომ ნიუ-იორკის უნივერსიტეტიდან
კვლევა დაფუძნებულია ბუნებრივი მიზეზით მკვდარ რეზუსის სახეობის შვიდ მაკაკაზე, რომელთაგანაც 4 იყო მდედრი. ამ მცირე ჯგუფშიც კი ბარძაყის ძვლებმა აჩვენა ცვლილებები, რომლებიც შეიძლება აიხსნას მხოლოდ ფეხმძიმობითა და ლაქტაციით. იმ პრიმატების ძვლებში, რომელთაც ცხოვრებაში ორსულობა გაიარეს, ნაკლები რაოდენობის კალციუმი, ფოსფორი და მაგნიუმი აღმოჩნდა.
კალციუმისა და ფოსფატის ნაკლებობა მკვლევრებმა დააკავშირეს უშუალოდ მშობიარობასთან, ხოლო მაგნიუმის ნაკლებობა ძუძუთი კვებასთან. ბუნებრივია, ჰიპოთეზის დადასტურებას დამატებითი კვლევები კიდევ დასჭირდება.
"რეპროდუქციისა და ელემენტების ცვლილებების კავშირთან დაკავშირებულ მიგნებებს დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან მშობიარობის კვალის მინერალიზებული ქსოვილებით შემჩნევა ჯერ ისევ გამოუკვლევი სივრცეა, რომელსაც ევოლუციის, კონსერვაციისა და არქეოლოგიური კვლევისათვის დიდი მნიშნველობა აქვს". — წერენ ავტორები.
საჭიროა დამატებითი კვლევები, სასურველია ველური პრიმატების პოპულაციების წარმომადგენლებში, რათა ზუსტად დავადგინოთ, შეიძლება თუ არა აღმოჩენის მიგნებების სხვა ცხოველებზე განზოგადება.
კვლევა გამოქვეყნდა ჟურნალ PLOS ONE-ში.
კომენტარები