5 ნოემბერს ატმოსფეროში კონტროლდაკარგული ჩინური რაკეტა შემოვა — რა უნდა ვიცოდეთ
წინა სამ შემთხვევაში ნარჩენები დასახლებულ პუნქტებთან ძალიან ახლოს მოხვდა, თუმცა არავინ დაშავებულა
5 ნოემბერს თბილისის დროით 06:21 სთ-ზე დედამიწის ატმოსფეროში რაკეტის უკონტროლო ცენტრალური საფეხური შემოვა. სამწუხაროდ, ეს უკვე მეოთხე შემთხვევაა, როცა ჩინური Long March 5B ტიპის რაკეტა ადამიანების სიცოცხლეს საფთხეს უქმნის.
Long March 5B ხაინანში მდებარე ვენჩანგის სადგურიდან 31 ოქტომბერს აფრინდა. რაკეტის საფეხურების უმრავლესობის ჩამოვარდნისას იყენებენ ხელახლა ამუშავებად ძრავებს, რათა დასახლებულ ადგილს საფრთხე მოარიდონ. ჩინეთის კოსმოსური სააგენტო ამ კუთხით უპასუხისმგებლოდ მოიქცა, რადგან არ მიმართა უსაფრთხოების ამ ზომას, შესაბამისად, არ ვიცით, თუ სად ჩამოვარდება ატმოსფეროში შემოსული ობიექტი.
შესაბამისად, იძულებულები ვართ, სავარაუდო მდებარეობა მიახლოებით გავთვალოთ. როგორც წინა შემთხვევებში, ამაზე ახლაც CORDS (Center for Orbital Reentry and Debris Studies) ზრუნავს. კომპანიის ვარაუდით, შემოსვლა 5 ნოემბერს თბილისის დროით 06:21 სთ-ზე მოხდება.
მიუხედავად ამისა, ჯერ ისევ ძალიან ადრეა იმის ზუსტად თქმა, თუ სად ჩამოვარდება ნარჩენები. ვარაუდის არეალი თანდათან დავიწროვდება, თუმცა შედარებით ზუსტად ლოკაცია ვერ გვეცოდინება, სანამ ჩამოვარდნამდე რამდენიმე წუთი არ დარჩება. კოსმოსიდან მომავალი ობიექტების სიჩქარე 28164 კმ/სთ-ს აღწევს, რაც შემოსვლის სავარაუდო დროში 1 საათიანი ცდომილების შემთხვევაში სავარაუდო არეალის 28164 კმ-ით გადაწევას ნიშნავს. მიუხედავად CORDS-ის გამოთვლისა, ცდომილება 16 საათიანიც კი შეიძლება იყოს.
როგორც უკვე ვახსენეთ, ეს Long March 5B-ის უკონტროლო შემოსვლის მეოთხე შემთხევა იქნება. წინა სამ შემთხვევაში ნარჩენები დასახლებულ პუნქტებთან ძალიან ახლოს მოხვდა: აფრიკის აღმოსავლეთ სანაპიროზე, ინდოეთის ოკეანეში მალდივების მახლობლად და ჩრდილოეთ ბორნეოზე. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა და დაღუპულა, თუმცა მეცნიერები შიშობენ, რომ ამ ტემპით ეს აუცილებლად მოხდება.
კომენტარები