საგა დასრულდა — მასკმა Twitter შეიძინა და წმენდა დაიწყო
მილიარდერის თქმით, "ჩიტი გათავისუფლებულია".
ამჯერად, ეს ნამდვილად მოხდა. მიმების, რამდენიმეთვიანი ქაოსისა და სასამართლო დრამების შემდეგ, ილონ მასკმა პოპულარული სოციალური ქსელი Twitter 44 მილიარდ დოლარად შეიძინა. მილიარდერმა შეთანხმებას ხელი ხუთშაბათ საღამოს მოაწერა, შეიძინა სოცქსელი და სამსახურიდან მაღალი თანამდებობის პირები, მათ შორის აღმასრულებელი დირექტორი პარაგ აგრავალი, გაათავისუფლა.
სამსახურიდან დათხოვნილებს შორის ასევე არიან მთავარი ფინანსური ოფიცერი ნედ სეგალი, იურიდიული და პოლიტიკის საკითხების ხელმძღვანელი ვიჯაია გადე და მთავარი მრჩეველი შონ ეჯეტი. მიუხედავად იმისა, რომ პირველი დღისთვის ძალიან აგრესიული ნაბიჯები გადაიდგა, მასკთან მისი პრინციპული უთანხმოების გამო აგრავალის გათავისუფლება გარდაუვალი იყო. რაც შეეხება გადეს, არც მისი წასვლაა გასაკვირი, რადგან მასკმა ადრე მას ბრალი მარცხენა ფრთის მიმართ მიკერძოებაში დასდო, ტვიტერის პოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხების გამო. ამ უთანხმოების მთავარი მიზეზი ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპის ანგარიშის გაუქმება გახდა. კომპანიის თანადამფუძნებელმა ბიზ სტოუნმა გათავისუფლებულ თანამშრომლებს სამადლობელი ტვიტი მიუძღვნა, რაც არცთუ სტაბილურ საერთო სურათს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.
Twitter-ის ხელმძღვანელობის ცვლილებები ახალი ამბავი ნამდვილად არ არის. აგრავალმა, რომელიც იქამდე ტექნიკური დირექტორის თანამდებობას იკავებდა, აღმასრულებელი დირექტორის პოსტის გადაბარებისთანავე რესტრუქტურიზაცია დაიწყო და ამ პროცესში თანამდებობა დატოვეს კომპანიის მთავარმა დიზაინერმა დენტლი დევისმა და ინჟინერიის განყოფილების ხელმძღვანელმა მაიკლ მონტანომ, რომელიც კომპანიაში 2011 წლიდან მუშაობდა. მალევე კომპანიამ კიდევ ორი ლიდერი დაკარგა: ინფორმაციული უსაფრთხოების დირექტორი რინკი სეთი და უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი პეიტერ ზატკო. მაისში კი აგრავალის მიერ გადადგომის მოთხოვნის პასუხად Twitter გაყიდვების განხოფილების ხელმძღვანელმა ბრიუს ფალკმა დატოვა.
Twitter-ის შეძენისკენ მიმავალი გზა დაბრკოლებებით იყო სავსე. მასკის ბრძოლა აპრილში დაიწყო, როცა სოციალური ქსელის მფლობელობაზე პრეტენზია პირველად განაცხადა და კომპანიის 9.2% 3 მილიარდ დოლარად შეიძინა. თუმცა, მილიარდერი ამით არ დაკმაყოფილებულა, რამდენიმე დღეში Tesla-სა და SpaceX-ის აღმასრლებელმა დირექტორმა საყვარელი ქსელის შეძენა 44 მილიარდ დოლარად გადაწყვიტა. Twitter შემოთავაზებას დათანხმდა, თუმცა მალევე მასკმა გადაიფიქრა და ყველაფერი გააკეთა, რათა შეთანხმებიდან გასულიყო, რამაც მხარეები დელავერის სასამართლომდე მიიყვანა. არაერთ წინასასამართლო უსიამოვნო აღმოჩენასთან შეჯახებისა და სასამართლოსთვის ჩვენების მიცემის მოახლოებისას მასკმა საბოლოოდ განაცხადა, რომ შეთანხმებას ბოლომდე მიიყვანდა.
ბოლომდე ნათელი არ არის, რატომ დაიხია უკან მილიარდერმა და გადაწყვიტა სოციალური ქსელის შეძენა. შესაძლოა, მან და მისმა იურიდიულმა ჯგუფმა სასამართლო პროცესიდან მომავალი უსიამოვნებები განჭვრიტეს. კომპანიამ უჩივლა მასკს შეთანხმებიდან გასვლის გამო, ხოლო ბიზნეზმენი საპასუხო საჩივარში ბრალს დებდა Twitter-ის ხელმძღვანელობას, რომ მათ პლატფორმის ავტომატური ანგარიშების რაოდენობის შესახებ არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს, რაც დაუსაბუთებელ ბრალდებას წარმოადგენდა.
ოქტომბრის დასაწყისში, როცა მასკმა ისევ განაცხადა, რომ შეიძენდა Twitter-ს, თუ ეს მოსალოდნელ სასამართლოს აარიდებდა. მოსამართლემ მისცა ამის უფლება, თუ შეთანხმება 28 ოქტომბრამდე დაიხურებოდა. საპირისპირო შემთხვევაში ნოემბრის დასაწყისიდან ვიხილავდით ახალ სასამართლო დრამას, რომლის ერთ მხარესაც მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი, მეორე მხარეს კი ერთ-ერთი უდიდესი სოციალური ქსელი იდგებოდა.
ჯერ ისევ არ არის ცნობილი, თუ რა გზით აპირებს ილონ მასკი კომპანიის წაყვანას. ქაოსური და ხშირად წინააღმდეგობრივი მილიარდერი წარსულში შეპირდა საზოგადოებას, რომ აღადგენდა დონალდ ტრამპის ანგარიშს, გაათავისულებდა ქსელს ავტომატიზებული ბოტებისგან და მას, სხვა მედიასაშუალებებისგან განსხვავებით, ნეიტრალურ ადგილად აქცევდა.
რეალურად, Twitter ჯერ ისევ არცთუ იდეალური, თუმცა ძალიან პერპექტიული პლატფორმაა, სადაც სახელმწიფოს მეთაურებსის ოფიციალურ განცხადებებსაც შევხვდებით და 18+ კონტენტსაც, თუმცა ხანგრძლივი სტაგნაციის შემდეგ, სოცალურმა ქსელმა მაინც დაიწყო პროდუქტებისა და პოლიტიკის გაუმჯობესება. ჯერ ისევ არ ვიცით რას აპირებს მასკი, გადაახვევს დროს უკან, თუ ბორბალს თავიდან გამოიგონებს, თუმცა მაინც რთულად წარმოსადგენია მისი მიზნების განხორციელება იმის გათვალისწინებით, რომ კომპანიის სამუშაო ძალის უდიდესი ნაწილი სამსახურის დაკარგვის წინაშე დგას. მასკმა უარყო ცნობები იმის შესახებ, რომ დასაქმებულთა 75%-ის გაშვებას გეგმავს, თუმცა ეს ყველასათვის სიმშვიდის საფუძველი არ არის.
მასკი ბევრს საუბრობდა სოციალური ქსელის მოდერაციისა და უსაფთხოების ზომების შემცირებაზეც, თუმცა, როგორც ჩანს, მოგვიანებით გააცნობიერა, თუ როგორ შეიძლება ამ სიახლემ რეკლამის განმთავსებლები შეაშინოს, ამიტომ გამოაქვეყნა ტვიტი, რომლითაც ისინი დაამშვიდა.
"Twitter არ გახდება აბსოლუტურად თავისუფალი სივრცე, სადაც ყველაფრის თქმა იქნება შესაძლებელი შედეგების გარეშე", — განაცხადა მასკმა.
ჩვენ არ ვიცით, რას უმზადებს მომავალი მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს სოციალურ ქსელს, თუმცა ვიცით, რომ მასკმა ისეთი რამ შეძლო, რაზეც იქამდე ფიქრსაც ვერავინ გაბედავდა, მოიპოვა კონტროლი Twitter-ზე 44 მილიარდ დოლარად. ამ რამდენიმეთვიანი საგის დასასრული კი, როგორც ჩანს, ახალი ქაოსის დასაწყისია, რომელშიც უნდა გაეცეს პასუხი კითხვებს: რა არის პლატფორმის რეალური ღირებულება, რისთვის არის ის და რა გეგმები აქვს ილონ მასკს მასთან დაკავშირებით.
კომენტარები