თანამედროვე "სიზმრების დამჭერი": ნეირომეცნიერების ახალი კვლევა ტკბილ ძილს გაჩუქებთ
ნეირომეცნიერებმა პატარა ექსპერიმენტში წარმოაჩინეს ტექნიკა, რომლითაც ადამიანებს რეალურად შეუძლიათ ცუდი სიზმრების მოშორება.
დაახლოებით საუკუნენახევრის წინ ინდიელებმა ე.წ. "სიზმრის დამჭერები" შექმნეს, რათა ადამიანები, განსაკუთრებით, ბავშვები, ძილის დროს კოშმარებისგან დაეცვათ. სიზმრის დამჭერების ეფექტურობა საეჭვოა, თუმცა ცოტა ხნის წინ ნეირომეცნიერებმა პატარა ექსპერიმენტში წარმოაჩინეს ტექნიკა, რომლითაც ადამიანებს რეალურად შეუძლიათ ცუდი სიზმრების მოშორება.
Current Biology-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, კოშმარული აშლილობის სტანდარტული მკურნალობის გაძლიერებამ მეხსიერების გასაუმჯობესებელი ტექნიკებით, შეამცირა ყოველკვირეული კოშმარების რაოდენობა, საშუალოდ, 3-დან 0-მდე, რამდენიმე ათეულ ადამიანს შორის.
კოშმარული აშლილობის მქონე ადამიანებს ეშინიათ ღამის დადგომის არა საწოლის ქვეშ მყოფი, არამედ სიზმრის ურჩხულების გამო. ხშირი, შემზარავი სიზმრები არღვევს ძილს და გავლენას ახდენს სიფხიზლის დროს კეთილდღეობაზეც კი. კოშმარული აშლილობის მკურნალობას წარმოადგენს გამოსახულების რეპეტიციური თერაპია, იგივე — IRT. ამ მკურნალობისას პაციენტები ხელახლა წარმოიდგენენ კოშმარებს და მათ ახალ, პოზიტიურ სიუჟეტს აძლევენ. ეს პროცესი ამცირებს საზარელი სიზმრების რაოდენობას ადამიანების უმეტესობისთვის, მაგრამ ადამიანების თითქმის 1/3-ზე ის არ მუშაობს.
ასევე იხილეთ: შუაღამის შემდეგ ფხიზლად ყოფნა თქვენი ტვინისთვის შეიძლება საზიანო იყოს
IRT-ის ძალის გასაუმჯობესებლად, ჟენევას უნივერსიტეტის ნეირომეცნიერმა სოფი შვარცმა და მისმა კოლეგებმა გამოიყენეს სასწავლო ტექნიკა, რომელსაც ეწოდება მიზნობრივი მეხსიერების რეაქტივაცია, იგივე — TMR. ამ ტექნიკით, ადამიანი ფოკუსირებულია რაღაცის სწავლაზე, სანამ გარკვეული მელოდიაა ჩართული; იგივე მელოდია ჩართულია ძილის დროს. ძილის დროს მელოდიის განცდამ, რომელიც მნიშვნელოვანია მეხსიერების შესანახად, შესაძლოა გაააქტიუროს და გააძლიეროს ასოცირებული მეხსიერება.
ახალ კვლევაში, ნეირომეცნიერებმა კოშმარული აშლილობის მქონე 36 ადამიანს ჩაუტარეს ტრენინგი IRT-ში; მათგან ნახევარი შემთხვევითობის პრინციპით გაანაწილეს ჯგუფში და დაავალეს, რომ სიჩუმეში გაემეორებინათ კოშმარი. მეორე ნახევარი კი იხსენებდა კოშმარს მაშინ, როდესაც ფორტეპიანოს მოკლე აკორდი, TMR cue, უკრავდა ყოველ 10 წამში ხუთი წუთის განმავლობაში.
ორი კვირის განმავლობაში მონაწილეები ყოველდღიურად ვარჯიშობდნენ IRT-ში და აწარმოებდნენ სიზმრების დღიურს. სანამ მათ ეძინათ, სენსორებით აღჭურვილი თავსაბურავი აღრიცხავდა მათი ტვინის ელექტრულ აქტივობას და აკონტროლებდა მათ ძილის ეტაპებს. ფორტეპიანოს აკორდი სიზმრების ფონური მუსიკის როლს ასრულებდა; თავსაბურავი ყოველ 10 წამში უკრავდა, თვალის სწრაფი მოძრაობის ფაზის დროს, როცა ადამიანი სიზმარს ხედავდა. ეს პროცესი ყველა მონაწილისთვის ერთნაირი იყო, თუმცა მათგან მხოლოდ ნახევარმა დაუკავშირა მელოდია IRT-ის ვარჯიშისას წარმოსახულ სცენარს.
ჯგუფს, რომელიც IRT-ში ვარჯიშის განმავლობაში აკორდს ისმენდა, უკეთესი შედეგები ჰქონდა — კოშმარების რაოდენობა კვირაში 3-დან 0,2-მდე შემცირდა და, ამავდროულად, გაიზარდა კარგი სიზმრების რაოდენობა. მეორე ჯგუფს, რომელიც მხოლოდ IRT-ში ვარჯიშობდა, ასევე გაუმჯობესებული შედეგები ჰქონდა, თუმცა, საშუალოდ, კვირაში 1 კოშმარს მაინც ხედავდა.
TMR-IRT კომბინაცია ასევე უფრო დიდხანს ძლებდა; სამი თვის შემდეგ, ამ ჯგუფის საშუალო მაჩვენებელი მხოლოდ ოდნავ გაიზარდა კვირაში დაახლოებით 0.2-დან 0.3 კოშმარამდე, ხოლო მხოლოდ IRT ჯგუფისა — 1.5-მდე.
უფრო დიდი კვლევებია საჭირო იმის შესამოწმებლად, თუ რამდენად განზოგადებულია მკურნალობის ეს კომბინაცია. ამ კვლევაში მონაწილეობდა ადამიანების მცირე რაოდენობა, ყველა ახალგაზრდა 20-დან 35 წლამდე, რომლებსაც ჰქონდათ კოშმარული აშლილობა და არ გააჩნდათ სხვა ფსიქიატრიული მდგომარეობა. კვლევამ ასევე არ შეადარა IRT და TMR მკურნალობის არარსებობას, თუმცა, მეცნიერების თქმით, წინა კვლევებმა უკვე აჩვენა, რამდენად ეფექტურია IRT.
იმ შემთხვევაშიც კი, თუ TMR-IRT კომბინაციის ეფექტურობა დამტკიცდება მომავალ კვლევებში, მას ჯერ კიდევ აქვს გასავლელი გზა, სანამ ფართოდ ხელმისაწვდომი გახდება. საათები და კომერციულად ხელმისაწვდომი ძილის თრექერები ჯერ ვერ ასხვავებს ძილის ეტაპებს ისე ზუსტად, როგორც ტვინის მონიტორინგის ხელსაწყოები.
მიუხედავად ამისა, შედეგები დამაიმედებელია და მომავალმა კვლევებმა შეიძლება შეამოწმოს, შეუძლია თუ არა TMR-IRT კომბინაციას, დაეხმაროს ადამიანებს პოსტტრავმული სტრესული აშლილობით, იგივე — PTSD-ით — როცა კოშმარები ტრავმატულ მომენტებს იმეორებენ.
კომენტარები