პეტოს პარადოქსი, ანუ რატომაა სპილოებში სიმსივნე იშვიათი — კვლევა
პეტოს პარადოქსი იმაში მდგომარეობს, რომ სიმსივნეს დროთა განმავლობაში უჯრედებზე ასახული გენური მუტაცია იწვევს, თუმცა ისეთ მრავალუჯრედიან და ხანგრძლივად მცხოვრებ ორგანიზმებში, როგორიც სპილო და ვეშაპია, კიბო ბევრად იშვიათად ვითარდება, ვიდრე, მაგალითად ადამიანებში.
ფიქრობენ, რომ სპილოების შემთხვევაში ამას შესაძლოა, გენი, სახელად p53 განაპირობებდეს, რომელიც ძუძუმწოვრებს, მათ შორის ადამიანებს, დაზიანებული დნმ-ის აღდგენაში ეხმარება. ამ ხორთუმიან ცხოველებში აღნიშნული გენის 20 ასლი გვხვდება, რომელიც 40 ცილას წარმოქმნის. ჩვენ მისი ერთი ასლი გვაქვს, რომელიც 2 ცილას ქმნის.
ახალ კვლევაში მეცნიერები ეცადნენ გაერკვიათ, როგორ ახერხებს p53-ის 20 ასლი სპილოებში სიმსივნის რისკის შემცირებას. ისედაც ცნობილია, რომ ეს გენი მავნე უჯრედების გამრავლებას ეწინააღმდეგება, მაგრამ სპეციალისტებმა კონკრეტული მექანიზმები განიხილეს.
პირველ რიგში, სპილოებში p53-ის მრავალი ასლის არსებობა ამცირებს შანსს, რომ მუტაციების გამო მან საკუთარი ფუნქცია ვეღარ შეასრულოს. დამატებით, ისინი განსხვავებული მოლეკულური გამღიზიანებლების მიერ აქტიურდება, შესაბამისად, დაზიანებულ უჯრედებზე სხვადასხვაგვარად რეაგირებს, რაც მუტაციების დაფიქსირებასა და გაუვნებლებას ამარტივებს.
ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ სპილოებში p53-ს მრავალმხრივი მოქმედების საშუალება ეძლევა, რაც შესაძლოა, სიმსივნის თავიდან აცილების ახალი მეთოდების მოძებნაში დაგვეხმაროს. ავტორები ახლა აფრიკული სპილოების სისხლის ნიმუშებს აანალიზებენ და გეგმავენ, რომ შედეგები ადამიანთა ბიოლოგიურ ნიმუშებს შეადარონ.
მეცნიერთა ნაშრომი გამოცემაში Molecular Biology and Evolution გამოქვეყნდა.
კომენტარები