ნახეთ: ტვინის უჯრედებმა პინგ-პონგის თამაში ისწავლეს
ფოტო: dribbble
ალბათ, ყველას გსმენიათ პინგ-პონგის, იგივე მაგიდის ჩოგბურთის შესახებ და შესაძლოა, გითამაშიათ კიდეც. ოდესმე წარმოიდგენდით, რომ სიმულაციურ გარემოში მოთამაშეების ადგილს, არც მეტი, არც ნაკლები, ტვინის უჯრედები დაიკავებდნენ და მას ალღოს სულ რაღაც 5 წუთში აუღებდნენ?
ამის წარმოდგენა სულაც არ გჭირდებათ, რადგან ეს რეალურად მოხდა, რაც მიანიშნებს, რომ ნეირონებს ერთგვარი ინტელექტი გააჩნიათ. მსგავსი უსხეულო მგრძნობელობის მოდელის მეშვეობით, მეცნიერებს ცნობიერების ფუნდამენტური ბუნებისა და ნევროლოგიური დარღვევების უკეთ გამოკვლევის საშუალება ეძლევათ.
"ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ცოცხალ ბიოლოგიურ ნეირონებთან ურთიერთქმედება ისეთი გზით შეგვიძლია, რომელიც მათ თავიანთი აქტიურობის შეცვლისკენ უბიძგებს. ამას ინტელექტის მსგავს ფენომენთან მივყავართ", — აცხადებენ ავტორები.
სპეციალისტებმა თაგვისა და ადამიანის ტვინის უჯრედების ერთობლიობა ელექტროდთა წყების ზემოთ მოათავსეს, რომლის ფუნქციაც მათი სტიმულირება და აქტივობის ჩაწერა იყო. თამაშის ჩართვის შემდეგ, მოწყობილობა ნეირონებს ბურთის მდებარეობის შესახებ ელექტრული იმპულსების მეშვეობით აწვდიდა ინფორმაციას, რაც "მოთამაშეებს" შეთანხმებულ სვლაში ეხმარებოდა.
მკვლევრები ამბობენ, რომ ასეთი მიზანმიმართული, თვითორგანიზებული, შედეგზე ორიენტირებული მოქმედების უნარი "სინთეზური ბიოლოგიური ინტელექტია". ამგვარი გონიერების გამოსავლენად მეცნიერები პინგ-პონგს ხშირად იყენებენ, მაგალითად, ცხოველების გამოსაცდელად, თუმცა ჯილდოზე დაფუძნებული სწავლების მეთოდით. მათგან განსხვავებით, იზოლირებულ ნეირონებს საჩუქრებით ვერ წავახალისებთ.
მათი მოტივაცია თავისუფალი ენერგიის პრინციპით აიხსნება, რადგან ეს უჯრედები თავიანთ გარემოში არაპროგნოზირებულობის, ანუ ენტროპიის თავიდან აცილებას ცდილობენ. მაგიდის ჩოგბურთში ბურთისთვის აცილება უდიდესი ენტროპიაა, ხოლო მისთვის დარტყმა პირიქით, სამიზნეს ადვილად პროგნოზირებადი მიმართულებით გაისვრის, რაც თამაშის საერთო ენტროპიას ამცირებს.
მომდევნო ეტაპზე მეცნიერები გეგმავენ, ეთანოლის გამოყენებით ნეირონები "დაათრონ" და გაიგონ, რამდენად იმოქმედებს ეს თამაშის ხარისხზე. ახალი ნაშრომი გამოცემაში Neuron გამოქვეყნდა.
კომენტარები