სიცოცხლე, რომელიც თავს ინადგურებს? — რა დაემართათ მარსელ მიკროორგანიზმებს?
ახალი კვლევა ვარაუდობს, რომ მარსის მიკროორგანიზმებმა ატმოსფეროს შეცვლით საკუთარი თავი განადგურებამდე მიიყვანეს.
ფრანგი მეცნიერების აზრით, მარსს, შესაძლოა, ჰქონოდა შესაბამისი გარემო, სადაც მიკროსკოპული ორგანიზმები მიწისქვეშა სამყაროს შეაფარებდნენ თავს. თუმცა, მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ თუკი ეს მიკროორგანიზმები მართლაც არსებობდნენ, ისინი იმდენად შეცვლიდნენ ატმოსფეროს, რომ მარსზე გამყინვარებას გამოიწვევდნენ, რითიც საკუთარ არსებობას თავადვე დაასრულებდნენ.
ეს აღმოჩენები გვაძლევს ბუნდოვან ხედვას იმაზე, თუ როგორ მუშაობს სამყარო. სიცოცხლემ, ისეთი მარტივი ფორმითაც კი, როგორიც მიკრობია, "შეიძლება რეალურად გამოიწვიოს საკუთარი დაღუპვა", — თქვა კვლევის წამყვანმა ავტორმა, ბორის სოტერიმ, სორბონის უნივერსიტეტის პოსტ-დოქტორანტმა.
"შედეგები დამამწუხრებელი, მაგრამ, ამავდროულად, მასტიმულირებელიცაა. ისინი გვაძლევს გამოწვევას, რომ გადავიაზროთ ბიოსფეროსა და მისი პლანეტის ურთიერთქმედების გზა", — დასძინა მან.
ჟურნალ Nature Astronomy-ში გამოქვეყნებულ კვლევაში, სოტერიმ და მისმა გუნდმა განაცხადეს, რომ მათ გამოიყენეს კლიმატისა და რელიეფის მოდელები მარსის ქერქის დასახლებულობის შესაფასებლად 4 მილიარდი წლის წინ, როცა წითელი პლანეტა ითვლებოდა წყლით სავსედ და ბევრად უფრო სტუმართმოყვარედ, ვიდრე დღესაა.
მკვლევრები ვარაუდობენ, რომ წყალბადის მშთანთქმელი, მეთანის წარმომქმნელი მიკრობები შესაძლოა მრავლად ყოფილიყვნენ იმ დროს ზედაპირის ქვეშ, რამდენიმე ათეული სანტიმეტრი ჭუჭყის ქვემოთ, რაც საკმარისზე მეტია, რომ ისინი რადიაციისგან დაცულები ყოფილიყვნენ. მარსზე ყინულისგან თავისუფალი ნებისმიერი ადგილი, შესაძლოა, ამ ორგანიზმებით იყო სავსე, ისევე როგორც ადრეულ დედამიწაზე.
თუმცა, ადრეული მარსის, სავარაუდოდ, ნოტიო, თბილი კლიმატი, საფრთხის ქვეშ იქნებოდა ამდენი წყალბადის შთანთქმის გამო თხელი, ნახშირორჟანგით მდიდარი ატმოსფეროდან. როდესაც ტემპერატურა თითქმის -200 გრადუსზე დაეცა, ნებისმიერი ორგანიზმი ზედაპირზე ან მის მახლობლად, სავარაუდოდ, უფრო ღრმად ჩავიდოდა გადარჩენის მცდელობისას.
ამის საპირისპიროდ, აზოტის დომინანტური ატმოსფეროს გათვალისწინებით, დედამიწაზე არსებულ მიკრობებს, შესაძლოა, ხელი შეეწყოთ ზომიერი პირობების შენარჩუნებისთვის.
SETI ინსტიტუტის პლანეტოლოგმა კავე ფაჰლევანმა თქვა, რომ მარსის კლიმატის მომავალი მოდელები ფრანგული კვლევის განხილვას საჭიროებს.
ფაჰლევანი ხელმძღვანელობდა სხვა კვლევას, რომლის მიხედვითაც, მარსი თავდაპირველად წყლიანი პლანეტა იყო და მასზე თბილი ოკეანეები მილიონობით წლის განმავლობაში არსებობდა. ატმოსფერო მაშინ მკვრივი და, ძირითადად, წყალბადისგან შემდგარი იქნებოდა, რომელიც შეასრულებდა სითბოს დამჭერი სათბურის გაზის ფუნქციას და საბოლოოდ ტრანსპორტირდებოდა ზღვის დონიდან მაღლა და დაიკარგებოდა კოსმოსში.
ფრანგულმა კვლევამ შეისწავლა სავარაუდოდ არსებული მიკრობების ეფექტი კლიმატზე, როდესაც მარსის ატმოსფეროში დომინირებდა ნახშირორჟანგი და, ამდენად, ეს კვლევა არ შეესაბამება ადრეულ პერიოდს.
"მაგრამ მათი კვლევა ცხადყოფს, რომ თუ (ეს) სიცოცხლე მარსზე არსებობდა" ამ ადრეულ პერიოდში, "მას დიდი გავლენა ექნებოდა გაბატონებულ კლიმატზე", — დასძინა მან.
სად უნდა ვეძიოთ ამ წარსული სიცოცხლის ფორმების კვალი? ფრანგი მეცნიერები ვარაუდობენ, რომ გამოუკვლევი Hellas Planitia და Jezero კრატერი Isidis Planitia-ს ჩრდილო-დასავლეთ კიდეზე, სადაც NASA-ს მარსმავალი Perseverance აგროვებს ქანებს დედამიწაზე დასაბრუნებლად ათწლეულების შემდეგ, კარგი ადგილებია კვლევის წარმოებისთვის.
შესაბამისად, სოტერის შემდეგ დავალებას იმის გარკვევა წარმოადგენს, არსებობს თუ არა შანსი, რომ მიკროორგანიზმები დღესაც იყვნენ მარსზე. შესაძლებელია თუ არა მარსი დღესაც დასახლებული იყოს ამ პრიმიტიული ბიოსფეროდან მომდინარე მიკროორგანიზმებით? და თუკი ეს შესაძლებელია, მაშინ სად არიან ისინი?
კომენტარები