მეცნიერებმა აღმოაჩინეს ნეირონები, რომლებიც ავადობისას გვასუსტებენ
გაიგეთ, რას შვრება თქვენი ტვინი, როდესაც ავად ხართ და რა მნიშვნელობა აქვს ამას
როდესაც ავად ვართ, მეტად მიდრეკილნი ვართ, ნაკლები მივირთვათ, ვიმოძრაოთ, დავლიოთ. ჩვენ მსგავსად ცხოველებიც ამცირებენ საკუთარ აქტივობებს, როდესაც მათი ორგანიზმი ინფექციას ებრძვის.
ახალი კვლევით დადგინდა, რომ არის ნეირონთა კლასტერი, რომელიც ორგანიზმის მსგავს რეაქციას, ე.წ. დაავადებით განპირობებულ ქცევებს, აკონტროლებს. მეცნიერებმა ვირთაგვებში ხელოვნურად გამოიწვიეს იმუნური რეაქცია და აჩვენეს, რომ თავის ტვინის ღეროს სპეციფიკური ნეირონები დაავადების სამ აშკარა ქცევას იწვევს. როდესაც მათ დაბლოკეს ამ ნეირონთა მოქმედება, ეს ქცევებიც აღარ გამოვლინდა.
კვლევის ეს მიგნებები, რომლებიც Nature-ში გამოქვეყნდა, პირდაპირ აკავშირებს ერთმანეთთან ანთებასა და ქცევების მაკონტროლებელ ნეირონებს და მეტად ნათელს ხდის, როგორ ურთიერთქმედებს იმუნური სისტემა ტვინთან.
"ჩვენ ინფექციისას ტვინის როლის გაგების ჯერ კიდევ ადრეულ ეტაპზე ვართ", — თქვა ჯეფრი ფრიდმანმა, როკფელერის უნივერსიტეტის პროფესორმა. "თუმცა ჩვენს ხელთ არსებული შედეგებით ახლა უკვე გვაქვს უნიკალური შესაძლებლობა, დავსვათ შეკითხვა: როგორ გამოიყურება თქვენი ტვინი, როდესაც ავად ხართ?"
კვლევებმა აჩვენა, რომ დაავადებით განპირობებული ქცევები ცხოველების გამოჯანმრთელებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ადრე ჩატარებული ცდები ამყარებს ამ თეორიას — დაავადებულ ცხოველებში, რომლებსაც ჭამას აიძულებდნენ, სიკვდილიანობა გაცილებით მაღალი იყო. "ინფექციისას აღნიშნულ ქცევით ცვლილებებს გადარჩენისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს", — თქვა მთავარმა ავტორმა, ანოჯ იანგესმა.
ამ დრომდე არ იყო ცნობილი, დაავადებისას როგორ უწევდა კოორდინირებას ტვინი მთელს დანარჩენ ორგანიზმს, რომ ადამიანი ჭამაზე ამბობდა უარს, საწოლში წვებოდა და სხვა. ამიტომ ფრიდმანმა და იანგსმა გადაწყვიტეს, ვირთაგვებში ინფექციისას ტვინის აქტივობა შეესწავლათ.
გუნდმა თავიდან ვირთაგვებში LPS, ბაქტერიული უჯრედის ნაწილი შეიყვანა, რომელმაც გაააქტიურა იმუნური სისტემა და გამოიწვია დაავადებით განპირობებული ქცევები. ბაქტერიის ინიექციიდან მცირე დროის შემდეგ ტვინის უბანი, ცნობილი როგორც DVC (dorsal vagal complex), ძალიან გააქტიურდა. აქ მდებარეობენ ნეირონები, რომლებიც ნეიროპეპტიდ ADCYAP1-ს გამოყოფენ. იმაში დასარწმუებლად, რომ მათ ზუსტად იმ ნეირონებს მიაგნას, რომლებსაც იკვლევდნენ, მეცნიერებმა შემდეგ ჯანმრთელ ვირთაგვებში გაააქტიურეს იგივე ნეირონები და შეამჩნიეს, რომ მათში კვება, მოძრაობა და სითხის მიღება საგრძნობლად შემცირდა. და როდესაც დაავადებულებში ნეირონთა ეს კლასტერი იყო ბლოკირებული, ბაქტერიის შეყვანას მათ გარეგნულ ქცევაზე გავლენა არ ჰქონდა.
"ჩვენ არ ვიცით, ერთი და იგივე ნეირონები აკონტროლებენ თუ არა ამ ქცევებს", — ამბობს ფრიდმანი, "თუმცა ზუსტად ვიცით, რომ ნეირონთა ერთი სპეციფიკური პოპულაცია აკონტროლებს დაავადებით განპირობებულ ამ ქცევებს."
მეორე მხრივ, მეცნიერები დიდად არ იყვნენ გაოცებულნი იმით, რომ დაავადებით განპირობებულ ქცევებში ტვინის ღეროს ეს რეგიონი იყო ჩართული. Dorsal vagal complex ცენტრალური ნერვული სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიზიოლოგიური გზაჯვარედინია, რომელიც, ტვინსა და სისხლს შორის ბარიერის არ არსებობის გამო, ტვინს სისხლში მიმდინარე პროცესებზე პირდაპირ აწვდის ინფორმაციას. "ეს რეგიონი ტვინისთვის ერთგვარ განგაშის ცენტრად იქცა, რომელიც სისხლში მომწამლავი ან მავნე ნივთიერების აღმოჩენისთანავე ამცირებს მადას, კვებას", — ამბობს ფრიდმანი.
უახლოეს პერიოდში ფრიდმანის გუნდი გეგმავს, გააგრძელოს კვლევა, რათა უკეთ გაიგოს კვების რეგულირებაში ფიზიოლოგიური სიგნალებისა და ნეირონული ქსელის როლი. კონკრეტულად მათ აინტერესებთ, რატომ მცირდება კვება ვირთაგვებშიც კი, რომლებიც ბუნებრივად ძირითადად კვებით არიან დაკავებულნი, როდესაც ისინი ავადდებიან.
ამასობაში იანგესი გეგმავს, შეისწავლოს, რა როლი აქვთ ტვინის სხვა მონაკვეთებს ინფექციაზე იმუნიტეტის პასუხისას. "ჩვენ ტვინის მხოლოდ ერთ უბანს დავაკვირდით, მაგრამ ამას გარდა კიდეა ადგილები, რომლებიც ინფექციისას აქტიურდებიან" — თქვა მან. "ეს შესაძლებლობების ახალ კარს აღებს, რათა გავიგოთ, მთლიანობაში რას შვრება ტვინი, როდესაც ავად ვართ".
კომენტარები