სტრესის სიმპტომები, რომლებიც უყურადღებოდ არ უნდა დატოვოთ
სტრესისგან დაზღვეული არავინაა. მისი წყარო, შესაძლოა, ნებისმიერი რამ იყოს, როგორიცაა სამსახური, პრობლემები პირად ურთიერთობებში, არასახარბიელო ფინანსური მდგომარეობა, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები და სხვა.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სტრესი ყოველთვის ცუდი არაა, რადგან ის მსუბუქი და ხანმოკლე ფორმით თავდაცვით ინსტინქტს აუმჯობესებს. თუმცა, თუ ამ მდგომარეობაში დიდი ხნის განმავლობაში ხართ, ეს თქვენს მენტალურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება.
ასეთი რისკის თავიდან ასაცილებლად, პირველ რიგში, საჭიროა, სტრესის სიმპტომები იცოდეთ. წინამდებარე სტატიაში სწორედ იმ გავრცელებულ ნიშნებზე გესაუბრებით, რომლებიც უყურადღებოდ არ უნდა დაგრჩეთ.
რა არის სტრესი?
სტრესი საფრთხის შემცველ სიტუაციაზე ორგანიზმის პასუხია, რომელიც თვითგადარჩენაში გვეხმარება. ამ დროს სხეულში მიმდინარე რეაქციები "ბრძოლისთვის" გვამზადებს. გულისცემა ჩქარდება, კუნთები იძაბება, სუნთქვა ხშირდება, სისხლის წნევა კი იმატებს. ეს ნიშნავს, რომ "შეტევისთვის" უკვე მზად ვართ.
იმას, რაც ერთი ადამიანისთვის სტრესულია, შესაძლოა, მეორემ ყურადღება არც მიაქციოს, შესაბამისად, მისი მაპროვოცირებელი ფაქტორები პიროვნებაზეა დამოკიდებული. განსხვავებულია სტრესთან გამკლავების უნარიც — ზოგს ეს კარგად გამოსდის, ზოგს კი არც ისე. ამის მიუხედავად, არსებობს გარკვეული ზღვარი, რომლის მიღმა გადაბიჯებისასაც ესა თუ ის დაავადება/მდგომარეობა იჩენს თავს.
სტრესის სიმპტომები
ხანგრძლივ და ძლიერ სტრესს გავლენა აქვს როგორც ჩვენს ემოციებსა და ქცევებზე, ასევე, ფიზიკურ კეთილდღეობაზე. პიროვნებიდან გამომდინარე, მისი სიმპტომები სხვადასხვაგვარია, ხოლო ზოგჯერ ერთნაირადაც ვლინდება.
სტრესის სიმპტომები ემოციურ დონეზე:
- მარტივად აღელვება, გაღიზიანება და ცუდ გუნებაზე ყოფნა
- შეგრძნება, თითქოს საკუთარ თავზე კონტროლს კარგავ
- დამშვიდების გაძნელება
- დაბალი თვითშეფასება, მარტოსულობისა და გამოუსადეგრობის შეგრძნება
- სხვებისთვის თავის არიდება
სტრესის სიმპტომები ფიზიკურ დონეზე:
- ენერგიის ნაკლებობა
- თავის ტკივილი
- კუჭ-ნაწლავის პრობლემები
- კუნთების დაძაბულობა
- ტკივილი გულ-მკერდში და აჩქარებული გულისცემა
- ინსომნია
- ხშირი გაციება და ინფექციები
- ლიბიდოს დაქვეითება
- ნევროზულობა, კანკალი, ხმაური ყურებში, ტერფების ოფლიანობა
- პირის სიმშრალე და ნერწყვის ყლაპვის გაძნელება
- ყბების მოჭერა და კბილების ღრჭენა
სტრესის სიმპტომები კოგნიტიურ დონეზე:
- მუდმივი მღელვარება
- შეუჩერებელი ფიქრი
- გულმავიწყობა და არაორგანიზებულობა
- ყურადღების მოკრების გაძნელება
- განსჯის უნარის დაქვეითება
- პესიმისტური განწყობა
სტრესის სიმპტომები ქცევით დონეზე:
- კვებითი ჩვევების ცვლილება (ჩვეულებრივზე ნაკლები ან მეტი საჭმლის მიღება)
- პასუხისმგებლობების თავიდან აცილება
- ალკოჰოლის, თამბაქოს ან ნარკოტიკების გამძაფრებული მოხმარება
- ნევროზული ქცევები (ფრჩხილების კვნეტა, წრიალი)
ხანგრძლივი სტრესის შედეგები
ხანმოკლე სტრესი ჩვენზე გავლენას არ ახდენს, თუმცა, როცა მსგავს მდგომარეობაში დიდი ხნით ვართ, ამან შესაძლოა, ჯანმრთელობის პრობლემებს დაუდოს საფუძველი, მათ შორისაა:
- დეპრესია, შფოთვა და პიროვნული აშლილობები
- გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
- ჭარბწონიანობა ან კვებითი აშლილობები
- მენსტრუალური პრობლემები
- სქესობრივი დისფუნქცია
- კანისა და თმის პრობლემები
- საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები
გახსოვდეთ, რომ სტრესთან ბრძოლისთვის, პირველყოვლისა, სწორედ ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომების ცოდნაა აუცილებელი. თუ ამ მდგომარეობას თქვენით ვერ უმკლავდებით, აუცილებელია, სპეციალისტს რაც შეიძლება მალე მიმართოთ, რათა ჯანმრთელობის გართულებების რისკი შეამციროთ.
რუბრიკის სპონსორია ექიმო. ექიმო არის აპლიკაცია, რომელიც სამედიცინო სერვისების მიღებას გიმარტივებთ. მისი გამოყენებით, შეძლებთ სახლში გამოიძახოთ ლაბორატორიული ანალიზები, დაჯავშნოთ ექიმთან ვიზიტი, რიგში დგომის გარეშე მიიღოთ სამედიცინო მომსახურება, მოძებნოთ მედიკამენტები და ელექტრონულად მიიღოთ კვლევებისა და მედიკამენტების დანიშნულებები, დიაგნოზები და სადაზღვევო მიმართვები.
კომენტარები