გასული საუკუნის 70-იანი წლების ბოლოს, ირანელმა ქალმა ფოტოგრაფმა აღბეჭდა აქცია, რომელზეც ქვეყნის სათავეში ახლად მოსული ლიდერის, აიათოლა რუჰოლა ხომეინის მიერ ჰიჯაბის სავალდებულო ტარებაზე მიღებული გადაწყვეტილება გააპროტესტეს.

ეს იყო ბოლო დღე, როდესაც ქალებმა თეირანის ქუჩებში თავსაბურავის გარეშე შეძლეს გავლა

იხსენებს ფოტოგრაფი ჰენგამე გოლესტანი

ამ კადრის გადაღებიდან 43 წელი გავიდა. ირანში კი ისევ იბრძვიან.

ფოტო: ჰენგამე გოლესტანი

ყველაფერი 1979 წელს დაიწყო, პირველ აპრილს, როცა ნაციონალურ რეფერენდუმზე ხომეინის ინიციატივით ირანის ისლამურ სახელმწიფოდ გარდაქმნის საკითხი გამოიტანეს, რასაც მოსახლეობის უმრავლესობამ მხარი დაუჭირა. ამ გზით, შიიტური ისლამი სახელმწიფო მოწყობისა და სამართლებრივი წარმოების უპირატეს დოკუმენტად იქცა. სასულიერო პირებმა კი სახელმწიფო კონტროლისა და მართვის ყველა საჭირო ბერკეტი მიიღეს.

რელიგიური ფუნდამენტალისტების ხელში აღმოჩენილმა ძალაუფლებამ ქალებისთვის წარმოუდგენელი მასშტაბის შეზღუდვები მოიტანა. მათთვის სავალდებულო გახდა ჰიჯაბის ტარება, აიკრძალა ღია ფერის სამოსი. კაცებისთვის "მიუღებელი" თმისა და ტანსაცმლის სტილი შეიზღუდა. წესების კონტროლი ე.წ მორალის პოლიციამ ითავა. ისინი აპატიმრებდნენ ყველას, ვინც კანონს გადაუხვევდა.

მოქალაქეები რეგულარულად უპირისპირდებოდნენ რეპრესიულ მთავრობას, მაგრამ წინა წლებისგან განსხვავებით ეს პროტესტი გაცილებით მასშტაბურია.

მაჰსა ამინი

სტუდენტი, რომელიც 13 სექტემბერს მეტროდან გამოსვლისას ჰიჯაბის "არასწორად" ტარებისთვის დააკავეს, რამდენიმე საათში თეირანის საავადმყოფოში, კომატოზურ მდგომარეობაში მოხვდა. მანამდე ის "ქალების გადამზადების" ცენტრში გადაიყვანეს. ირანის პოლიცია ამტკიცებს, თითქოს ამინი ინსულტით გარდაიცვალა, თუმცა საპირისპიროზე მეტყველებს თვითმხილველთა ნაამბობი — პოლიცია მას ფიზიკურად გაუსწორდა.

ფოტო: Ozan Kose / AFP

ამინის მამაც ამბობს, რომ ხელისუფლება ცრუობს და მაჰსას გულის დაავადებები არ ჰქონია. უარყოფს გაკვეთის შედეგებსაც, რომელმაც სისხლდენა და თავის ტრავმის ნიშნები არ აჩვენა. მისივე თქმით, ექიმებმა გარდაცვლილი შვილის ნახვის უფლება არ მისცეს. ცხედარი კი რომელიც დაკრძალვამდე ნახა, თითქმის სრულად იყო დაფარული, მაგრამ ფეხებზე სისხლჩაქცევების კვალი შეინიშნებოდა.

მაჰსას სიკვდილმა ირანი და მთელი მსოფლიო შეძრა. ქუჩებში ათასობით ქალი გამოვიდა და სიცოცხლის რისკის ფასად, სოლიდარობის ნიშნად ჰიჯაბების დაწვა და თმის შეჭრა დაიწყო. მუხტი იმაზე ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე სტანდარტული ირანული პროპაგანდა ერეოდა, ამიტომ ხელისუფლება ახლა უფრო გამალებით იბრძვის — დეზინფორმაციისთვის აქტიურად იყენებენ სახელმწიფო მედიებს და თავად მოძალადეები აქციის მონაწილეებს "ძალადობის წახალისებაში" სდებენ ბრალს.

პრეზიდენტი რაისი ამინის გარდაცვალების შემდეგ ოჯახს დაჰპირდა, რომ მაჰსას სიკვდილის მიზეზებს გამოიძიებდა, თუმცა იმის მიუხედავად, რომ მის ქვეყანაში პროტესტი ბობოქრობდა, ნიუ-ორკში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას, არც მაჰსა და არც აქციები ახსენა. მეტიც, დასავლეთი ადამიანის უფლებების "ორმაგი სტანდარტების" გამო გააკრიტიკა. იმავე დღეს, გააუქმა CNN-თან ინტერვიუ, რადგან წამყვანმა მისი მოთხოვნა თავსაბურავის გაკეთებაზე, არ დააკმაყოფილა.

რამდენიმე დღეში რაისი დაიმუქრა, რომ შესაბამის პასუხს გასცემდა ყველას, ვინც პროტესტი გაბედა და თავისუფლებისთვის მებრძოლები ქვეყნის უსაფრთხოების წინააღმდეგ ბრძოლაში დაადანაშაულა.

"ძირს დიქტატორი, სიკვდილი ხომეინს"

რევოლუციის შემდეგ და მანამდეც ირანის წინააღმდეგობის პოლიტიკაში ქალებს ცენტრალური ადგილი ეკავათ, ასეა ახლაც. მიუხედავად იმისა, რომ პროტესტში კაცებიც მონაწილეობენ, ავანგარდში ქალები არიან.

"ქალი, ცხოვრება, თავისუფლება" — ამ სიტყვებმა თავისუფლებისთვის მებრძოლი ირანელები გააერთიანა და მათ მთავარ იარაღადაც იქცა. საპროტესტო ტალღა ქვეყნის 31 პროვინციასა და 133 ქალაქს მოედო.

ფოტო: AFP

მთავრობა აქტიურად იყენებს საპოლიციო ძალებსა და სამხედროებს. თუმცა აქციის მონაწილეებს ეს არ აშინებთ — წვავენ ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ხამეინის ქანდაკებებსა და ფოტოებს. აჟღერებენ მთავრობის საწინააღმდეგო ლოზუნგებს და სკანდირებენ: "ძირს დიქტატორი", "სიკვდილი ხომეინს".

მაჰსას სიკვდილმა ბიძგი მისცა მსოფლიო სოლიდარობასაც. იმ ქალების მხარდასაჭერად, რომლებიც ირანში პირდაპირი მნიშვნელობით სიცოცხლეს სწირავენ თავისუფლებისთვის და ქუჩებში მოთარეშე საპოლიციო ძალებს სახეს თამამად უსწორებენ, სხვადასხვა ქვეყანაში ქალები თმას იჭრიან და პროტესტს ასე უერთდებიან.

ფოტო: კადრი Tik-Tok-დან

ფოტო: კადრი Tik-Tok-დან

ფოტო: კადრი Tik-Tok-დან

ირანის ხელისუფლება საპროტესტო მუხტის ჩახშობას ინტერნეტზე წვდომის შეზღუდვითაც ცდილობს. ასეთ ვითარებაში, უფრო და უფრო რთულდება დაღუპულების, დაშავებულებისა და დაპატიმრებულების შესახებ ინფორმაციის გავრცელება.

21 სექტემბერს, იმავე დღეს, როდესაც ირანის მთავრობამ თავისი მოქალაქეებს ინტერნეტზე წვდომა შეუწყვიტა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ირანელი ხალხისთვის ინფორმაციის თავისუფალ გავრცელებას მხარს დაუჭერენ. სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის თქმით აშშ-მ შეამსუბუქა შეზღუდვები ამერიკულ კომპანიებზე, რათა მიეცეთ საშუალება, უზრუნველყონ საკომუნიკაციო სერვისები ირანელებისთვის.

ძალადობა დაგმეს შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირმა და გაერომ. 23 სექტემბერს აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა მორალის პოლიციასა და უსაფრთხოების მაღალჩინოსნებს სანქციებიც დაუწესა.

"მაჰსა ამინი იყო მამაცი ქალი, რომლის სიკვდილმაც მორალის პოლიციის პატიმრობის ქვეშ, კიდევ ერთხელ აჩვენა ირანის რეჟიმის სისასტიკე საკუთარი ხალხის მიმართ", — განაცხადა უწყებამ.

საქართველო

ფოტო: On.ge

პროტესტია საქართველოშიც. აქ მცხოვრები ირანის მოქალაქეები პარლამენტის წინ იკრიბებიან. ლოზუნგს — ქალი, სიცოცხლე, თავისუფლება — აქაც ისეთივე ომახიანად სკანდირებენ, როგორც მათი თანამებრძოლები სამშობლოში. ემოციებსაც ისე გამოხატავენ, როგორც ირანში, ისევე სტკივათ, როგორც იქ.

ფოტო: On.ge

ფოტო: On.ge

ირანის ქუჩები კვლავ მომიტინგეებითაა სავსე. მათ არბევენ, ძალადობრივი მეთოდებით უსწორდებიან, სცემენ, აპატიმრებენ და კლავენ. ადგილობრივმა ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციამ 2 ოქტომბერს განაცხადა, რომ უშიშროების ძალებმა პროტესტის მონაწილე 133 ადამიანი მოკლეს.

მოქალაქეების წინააღმდეგ იყენებენ ცრემლსადენ გაზს, ხელკეტებს, რიგ შემთხვევებში, საბრძოლო მასალასაც. ამ დროს აქტივისტების ხელში ჰამსას სურათია, ღიმილიანი და შავებში შემოსილი 22 წლის გოგოს კადრი, მათ სახეზე კი ერთდროულად ბრაზი, სასოწარკვეთა, იმედგაცრუება, სიმამაცე და მომავლის იმედი იკითხება.

ფოტო: Azad Lashkari / Reuters