ხელოვანი AI-ის გამოყენებით ქმნის ფილმებს, რომლებშიც სიუჟეტს მაყურებელი ირჩევს — როგორ
"მარილი" ბერლინელი ხელოვანის ინტერაქციული ფილმების სერიაა, რომელიც AI-ის საშუალებით იქმნება, მაყურებელს კი შეუძლია, სიუჟეტის განვითარებაში შეიტანოს წვლილი.
"მარილი" წააგავს 70-80-იანი წლების დასაწყისის ბევრ სამეცნიერო ფანტასტიკურ ფილმს, კოსმოსური ხომალდების 35 მმ-იანი კადრებითა და უცხოპლანეტური პეიზაჟებით. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ის ძველ ფილმებს მოგვაგონებს, მისი შექმნის გზა მიუთითებს იმაზე, თუ რა შეიძლება იყოს ახალი მიჯნა ფილმების გადაღებისთვის.
"მარილი" ფაბიან შტელცერის შემოქმედებაა. ფაბიანი არ არის კინორეჟისორი, მაგრამ ბოლო რამდენიმე თვეა ის ძირითადად ხელოვნურ ინტელექტს ეყრდნობა მოკლემეტრაჟიანი ფილმების სერიის შესაქმნელად, რომელსაც ის Twitter-ზე აქვეყნებს დაახლოებით ყოველ რამდენიმე კვირაში.
შტელცერი ქმნის სურათებს გამოსახულების გენერირების ხელსაწყოებით, როგორიცაა Stable Diffusion, Midjourney და DALL-E 2. ასევე ქმნის ხმებს ძირითადად AI ხმის გენერირების საშუალებით, როგორიცაა Synthesia ან Murf, ხოლო სკრიპტის დასაწერად GPT-3 ტექსტის გენერატორს იყენებს.
აღსანიშნავია, რომ მის ფილმში აუდიტორიის მონაწილეობა მნიშვნელოვანია. ყოველი ახალი ნაწილის შემდეგ მაყურებელს შეუძლია ხმა მისცეს და გადაწყვიტოს, როგორ განვითარდება სიუჟეტი. შტელცერი იღებს ამ გამოკითხვების შედეგებს და აერთიანებს მათ მომავალი ფილმების სიუჟეტში, რომელიც მას, ტრადიციულ კინორეჟისორებთან შედარებით, შეუძლია უფრო სწრაფად გამართოს, რადგან იყენებს AI ხელსაწყოებს.
"ჩემს პატარა სახლის სტუდიაში, თუ მსურს, შემიძლია გადავიღო 70-იანი წლების სამეცნიერო ფანტასტიკური ფილმი", — თქვა შტელცერმა CNN Business-თან ინტერვიუში. "და რეალურად მე შემიძლია გავაკეთო მეტი, ვიდრე სამეცნიერო ფანტასტიკური ფილმი. შემიძლია ვიფიქრო, თუ რა არის ფილმი ამ პარადიგმაში, სადაც განხორციელება ისეთივე მარტივია, როგორც იდეის ქონა?"
სიუჟეტი, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით, ბუნდოვანია. როგორც თრეილერი გვიჩვენებს, ის ძირითადად ფოკუსირებულია შორეულ პლანეტაზე, Kaplan 3-ზე, სადაც მინერალური მარილის სიჭარბე იწვევს სახიფათო სიტუაციებს, როგორიცაა მოახლოებული კოსმოსური ხომალდისთვის როგორღაც საფრთხის შექმნა. სიუჟეტი უფრო დამაბნეველი (და დამაინტრიგებელი) რომ გახდეს, ასევე შემოტანილია სხვადასხვა ნარატიული თემა და, შესაძლოა, დროებითი ანომალიებიც კი.
შედეგად მიღებული ფილმები ლამაზი, იდუმალი და საშიშია. ჯერჯერობით, თითოეული ფილმი ორ წუთზე ნაკლებია, რაც შეესაბამება ვიდეოს მაქსიმალურ ხანგრძლივობას თვითერზე — 2 წუთსა და 20 წამს. ზოგჯერ შტელცერი თვითერში აქვეყნებს უძრავ სურათსა და წარწერებს, რომლებიც ეხება სერიალის უცნაურ, არამიწიერ მითოლოგიას.
ისევე, როგორც ხელოვნური ინტელექტის გამოსახულებების გენერატორებმა უკვე შეაშფოთა ზოგიერთი მხატვარი, შტელცერის ექსპერიმენტი გვთავაზობს მაგალითს იმის შესახებ, თუ რამდენად კონკურენტული შეიძლება იყოს ხელოვნური ინტელექტის სისტემები ფილმების გადაღებისთვის. გამომდინარე იქიდან, რომ ხელოვნური ინტელექტის ხელსაწყოები, რომლებსაც შეუძლიათ სურათების, ტექსტისა და ხმების წარმოება, უფრო მძლავრი და ხელმისაწვდომი ხდება, შეიძლება შეიცვალოს ჩვენი აზროვნება იდეების გენერირებასა და ხორცშესხმაზე და დასვას საკითხი, თუ რას ნიშნავს შექმნა და შემოქმედობა. მიუხედავად იმისა, რომ შტელცერის ვიდეოების გამომწერების რაოდენობა შეზღუდულია, ზოგიერთი ადამიანი ტექნოლოგიების სფეროში მას ყურადღებით ადევნებს თვალს და უფრო მეტს მოელის.
"ახლა იგი ემბრიონულ სტადიაზეა, მაგრამ მე მაქვს იდეების მთელი სპექტრი იმის შესახებ, თუ სად მინდა მივიყვანო ის", — თქვა შტელცერმა.
იდეებისა და ნარატივის ესკიზები
"მარილის" იდეა გაჩნდა შტელცერის ექსპერიმენტებიდან Midjourney-სთან, მძლავრ, საჯაროდ ხელმისაწვდომ AI სისტემასთან, რომლის საშუალებითაც მომხმარებლებს შეუძლიათ ტექსტური მოთხოვნის მიწოდება და საპასუხოდ სურათის მიღება. მისი სისტემისთვის მიცემული მოთხოვნები წარმოქმნიდა სურათებს, რომლებიც, შტელცერის თქმით, "ჰგავდა კინოსამყაროს", რომელიც ასახავდა ისეთ რაღაცეებს, როგორიცაა უცხო მცენარეები, ჩრდილში ჩასაფრებული იდუმალი ფიგურა და უცნაური შესახედაობის კვლევითი სადგური უწყლო პლანეტაზე. ერთი სურათი მარილის კრისტალებსაც მოიცავდა.
შტელცერის თქმით, როცა ეს ყველაფერი ნახა, იფიქრა, რომ ამ იდუმალ სამყაროს ბევრი საინტერესო ამბის მოყოლა შეეძლო. სწორედ ასე გაჩნდა იდეებისა და ნარატივის ესკიზები და ჩაისახა ამბავი.
შტელცერს აქვს გამოცდილება ხელოვნური ინტელექტის სფეროში — მან 2009 წელს დააარსა კომპანია EyeQuant, რომელიც გაიყიდა 2018 წელს. მიუხედავად ამისა, მან ბევრი რამ არ იცის ფილმების გადაღებაზე, ამიტომ დაიწყო შესწავლა და შექმნა "მარილის" თრეილერი, რომელიც განათავსა თვითერზე 14 ივნისს წერილობითი შესავლის გარეშე (თუმცა თვითში გამოყენებული იყო მარილის ემოჯი).
ამას მალევე, რამდენიმე დღის შემდეგ, მოჰყვა პირველი ეპიზოდიც. მას ჯერჯერობით გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე ეპიზოდი უამრავ ფოტოსურათთან და რამდენიმე მოკლე კლიპთან ერთად. ის იმედოვნებს, რომ "მარილის" ნაწილებს ერთ სრულმეტრაჟიან ფილმად აქცევს და დააფუძნებს კომპანიას, რომელიც ფილმებს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით გადაიღებს. მისი თქმით, თითოეული ფილმის გადაღებას დაახლოებით ნახევარი დღე სჭირდება.
ვინტაჟური სამეცნიერო ფანტასტიკური ატმოსფერო ნაწილობრივ პატივის მიგებაა იმ ჟანრისთვის, რომელიც შტელცერს ძალიან უყვარს, თუმცა ნაწილობრივ წარმოადგენს აუცილებლობასაც, რადგან ხელოვნური ინტელექტის გამოსახულების გენერატორების ტექნიკური ლიმიტები ჯერ კიდევ არ იძლევა საშუალებას მაღალი ხარისხის ტექსტურებით სურათების შესაქმნელად. იმისთვის, რომ ხელოვნურ ინტელექტს გამოსახულებების გენერირება დაავალოს, ის აკეთებს მოთხოვნებს, რომლებიც მოიცავს ფრაზებს, როგორებიცაა "სამეცნიერო ფანტასტიკური კვლევითი ადგილი სამთო გამოქვაბულთან ახლოს", "35 მმ კადრები", "მუქი და კრემისფერი ატმოსფერო" და "კედელზე მარილის ქერქები".
ფილმის ვიზუალური მხარე ასევე შეეფერება შტელცერის, როგორც მოყვარული ავტორის, მონტაჟის სტილს. გამომდინარე იქიდან, რომ ის იყენებს ხელოვნურ ინტელექტს "მარილის" უძრავი სურათების შესაქმნელად, შტელცერი მიმართავს რამდენიმე მარტივ ტექნიკას, რათა სცენები ანიმაციური იყოს, მაგალითად, გამოსახულების ნაწილების ჟღერადობას, რათა გამოჩნდეს გადაადგილება ან მასშტაბირება. ეს უხეში, მაგრამ ეფექტური საშუალებაა.
"მარილის" მიმდევრები
"მარილს" მცირე რაოდენობის, მაგრამ ერთგული გამომწერები ჰყავს. ოთხშაბათს "მარილის" ანგარიშს თვითერზე 4500 გამომწერი ჰყავდა. ზოგიერთი მათგანი შტელცერს იმის ახსნასაც სთხოვდა, თუ როგორ ქმნიდა ფილმებს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით.
სავანა ნაილსს, AR და VR გამოცდილების შემქმნელი Magnopus-ის პროდუქტისა და დიზაინის დირექტორს, გამოწერილი აქვს "მარილის" გვერდი თვითერზე და ამბობს, რომ "მარილს" ხედავს, როგორც მომავლის ამბის თხრობის პროტოტიპს — როდესაც ხალხი აქტიურად მონაწილეობს და წვლილი შეაქვს თხრობაში, ხოლო AI მას ხორცს ასხავს. ის იმედოვნებს, რომ ისეთი ხელსაწყოები, როგორებსაც შტელცერი იყენებს, საბოლოოდ გააიაფებს და დააჩქარებს ფილმების წარმოებას, რაშიც დღეს შეიძლება ჩართული იყოს ასობით ადამიანი, მოიცავდეს რამდენიმეწლიან შრომას და დაჯდეს მილიონობით დოლარი. სავანას აზრით, მალე "მარილის" მსგავს ბევრ ფილმს ვიხილავთ.
დევიდ გუნკელმა, ჩრდილოეთ ილინოისის უნივერსიტეტის პროფესორმა, რომელიც ფილმებს თვითერის საშუალებით უყურებდა, თქვა, რომ მან ადრე გამოიყენა მოკლე სამეცნიერო ფანტასტიკური ფილმი "მზის გაზაფხული", რათა თავისი სტუდენტებისთვის გამოთვლითი კრეატიულობის შესახებ ესწავლებინა. ეს ფილმი, რომელიც 2016 წელს გამოვიდა, ითვლება პირველ ფილმად, რომლის სცენარიც AI-იმ დაწერა. ამ ფილმის გარდა, დევიდ გუნკელი ასევე გეგმავს, რომ მის სტუდენტებს "მარილიც" აჩვენოს.
"ის ქმნის სამყაროს, რომელშიც გრძნობ, რომ მთლიანად ხარ ჩართული", — აღნიშნა მან.
როგორც შტელცერი აღნიშნავს, "მარილის" სიუჟეტის ზოგად აგებულებაზე გარკვეული იდეა აქვს, თუმცა მისი გამჟღავნება არ სურს, რაც, ნაწილობრივ, იმითაა განპირობებული, რომ სიუჟეტის განვითარებაში წვლილი თავად მაყურებლებსაც შეაქვთ.
"არ ვარ დარწმუნებული, რომ ის ამბავი, რომელიც გონებაში მაქვს, გათამაშდება და ჩემთვის ექსპერიმენტის ხიბლი, ინტელექტუალური კუთხით, განპირობებულია სწორედ ცნობისმოყვარეობით, რომ დავინახო, რას მოვიგონებთ მე, როგორც შემქმნელი, და საზოგადოება ერთად", — თქვა შტელცერმა.
კომენტარები