რატომ იქცევიან ადამიანები გმირულად? — მეცნიერებს რამდენიმე ვარაუდი აქვთ
გმირებსა და მათ თვისებებზე არაერთი კომიქსი, ფილმი და სხვა ტიპის ნაწარმოები შექმნილა, მაგრამ არიან რეალურ ცხოვრებაში გმირები ისეთივე პიროვნებები, როგორებსაც კომიქსებით ვიცნობთ?
მას შემდეგ, რაც ტეხასის ქალაქ უვალდეში 18 წლის შეიარაღებულმა მოკლა 19 დაწყებითი სკოლის მოსწავლე და ორი მასწავლებელი, აღელვებულმა მშობლებმა თავიანთი ბრაზი მიმართეს პოლიციელებისკენ, რომლებიც ვერ შევიდნენ კლასში, სადაც ბავშვებს ესროდნენ. მასწავლებელი კი, რომელიც გადაურჩა ჭრილობებს, ოფიცრებს ლაჩრებად მოიხსენიებდა.
შესაძლოა, დარღვეულმა ბრძანების ჯაჭვმა ამ პროცესში უფრო დიდი როლი ითამაშა, ვიდრე სიმამაცის ნაკლებობამ, მაგრამ იმ პოლიციელების მიერ გამოვლენილი მოქმედებები, ანდაც — უმოქმედობა — სრულიად განსხვავდება იმ ჰეროიზმისგან, რომელსაც სხვები ავლენენ ხოლმე მსგავს სიტუაციებში.
მაგალითისთვის, 2015 წლის აგვისტოში სამი ახალგაზრდა ამერიკელი მამაკაცი იმყოფებოდა ხალხმრავალ მატარებელში, რომელიც მიემართებოდა პარიზიდან ამსტერდამისკენ. მატარებელში ასევე იმყოფებოდა მძიმედ შეიარაღებული ტერორისტი. ახალგაზრდები, ისე, რომ საკუთარ უსაფრთხოებაზე არ უფიქრიათ, ტერორისტს მისცვივდნენ და მოახერხეს მისი დამორჩილება. არც მაშინ და არც დღეს არავინ დავობს, რომ ამ ადამიანებმა დაიმსახურეს გმირის წოდება.
როგორც ჩანს, მხოლოდ ზოგიერთ ადამიანს შეუძლია ამგვარი, წამის მეასედში მიღებული გადაწყვეტილებით, ჰეროიზმის გამოჩენა. რა განასხვავებს მათ სხვებისგან?
ფსიქოლოგებმა ეს საკითხი ევოლუციური და პიროვნების ფსიქოლოგიის პრიზმებიდან გამოიკვლიეს. კვლევები აჩვენებს, რომ კაცები უფრო მეტად არიან მზად, დააყენონ საკუთარი თავი ფიზიკური რისკის ქვეშ, რათა დაეხმარონ სხვებს. თუმცა რატომ აკეთებს ამას ზოგიერთი კაცი და არა სხვები, შედარებით რთული საკითხია.
"კაცური საქციელი"?
კარნეგის მედალი არის ჯილდო, რომელიც გადაეცემა შეერთებულ შტატებში ან კანადაში ადამიანებს, რომლებმაც გაბედულად გარისკეს თავიანთი სიცოცხლე სხვების გადარჩენის მცდელობაში. 2022 წელს კარნეგის მედლის 16 მფლობელიდან 15 კაცი იყო.
მკვლევრების აზრით, ეს დამთხვევა არ არის.
რა თქმა უნდა, ჰეროიზმი და სიმამაცე ბევრი ფორმით ვლინდება და ქალებიცა და კაცებიც თანაბრად რისკავენ რეპუტაციას, ჯანმრთელობასა თუ სოციალურ პოზიციას, რათა გააკეთონ ის, რაც სწორად მიაჩნიათ. მსოფლიო მამაცი ქალების ნაკლებობას არ განიცდის. მეტას მამხილებელი ფრენსის ჰაუგენი და 26 წლის კესიდი ჰაჩინსონის ჩვენება პალატის შერჩეული კომიტეტის წინაშე, რომელიც იძიებდა 6 იანვარს შეერთებული შტატების კაპიტოლიუმზე თავდასხმას, ქალების მიერ გამბედაობის გამოჩენის იშვიათი შემთხვევა არ არის.
თუმცა, როცა საქმე ფიზიკურად სარისკო ქცევას ეხება — ტერორისტს მატარებელში ან მძარცველს ბანკში — ხალხი კაცებისგან ელის მოქმედების დაწყებას. ამ სტერეოტიპის არსებობის საფუძვლიანი ევოლუციური მიზეზები არსებობს და, მათ შორის, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შიში მამაკაცებში არის ის, რომ სხვების თვალში ლაჩრად გამოჩნდებიან. რეპუტაცია კაცისა, რომელიც ფიზიკური სიმამაცის გამოვლენაში ვერ იმარჯვებს, უფრო მეტად დაზიანდება, ვიდრე — ქალის შემთხვევაში.
კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში, მაღალი სტატუსის ან დომინანტური პოზიციის მიღწევა იყო ბილეთი, რომელიც კაცებს უნდა აეღოთ, რათა მიეზიდათ პარტნიორები და გამხდარიყვნენ მამები. გმირის რეპუტაციის დამყარება კი სტატუსისა და სასურველობის სწრაფად ასამაღლებლად ერთ-ერთი საუკეთესო გზაა.
ამით მკვლევრები არ ამბობენ, რომ ადამიანები ცნობიერად ანგარიშობენ ყველა შესაძლო სარგებელს, რაც გმირობას მოსდევს. მატარებელში ტერორისტების მოგერიებისას კაცები არ ფიქრობენ იმაზე, რომ "ქალებს კარნეგის მედლის მფლობელებზე მეტად არავინ მოსწონთ." სინამდვილეში, კარნეგის მედლის მქონე მამაკაცებთან ინტერვიუები ცხადყოფს, რომ მათი გმირული ქმედებები იყო ინტუიციური — თუნდაც იმპულსური — ვიდრე გააზრებული განსჯის ნაყოფი.
გამბედაობისა და სიძლიერის აშკარა გამოვლენა დიდი რისკების გაწევითა და გადარჩენით, როგორც ჩანს, სხვებს მიანიშნებს, რომ კაცს განსაკუთრებული თვისებები აქვს, ამიტომ ეს იმპულსები ევოლუციის გზით იქნა შერჩეული, რადგან გმირულმა ქმედებებმა საიმედოდ უზრუნველყო მამაკაცებისთვის შეჯვარების უპირატესობა.
სიმამაცე — როგორც დაწყვილების სტრატეგია
მოსაზრება, რომ სიმამაცე მჭიდროდ არის დაკავშირებული შეჯვარების მოტივებთან, საკმაოდ დიდი ხანია არსებობს. სიუს Rain in the Face-ად წოდებული მეომარი აღწერს იმ ეფექტს, რომელიც ომში ქალების ყოფნამ მოახდინა მამაკაც მეომრებზე: "როდესაც სარდლობაში ქალია, ეს მეომრებს უბიძგებს ერთმანეთს თავიანთი ვაჟკაცობის გამოვლენაში შეეჯიბრონ."
ფსიქოლოგიურმა კვლევამ დაადასტურა, რომ მამაკაცის ალტრუისტული ქცევა ყველაზე მეტად აღმაფრთოვანებელია, როდესაც ის იღებს სარისკო გმირობის ფორმას, რომელიც გამოხატავს გამბედაობასა და ძალას. სხვა კვლევამ კი აჩვენა, რომ მამაკაცები უფრო მეტად იქცევიან გულუხვად საპირისპირო სქესის მიმზიდველი წარმომადგენლის თანდასწრებით. იგივე არ ვრცელდება ქალებზე.
მკვლევრებმა ჩაატარეს ლაბორატორიული კვლევების სერია, რომელმაც აჩვენა, რომ მამაკაცები ყველაზე მეტად მაშინ იტანენ ტკივილს სხვების სასარგებლოდ, როდესაც მათ ქალები უყურებენ და სხვა მამაკაცი ასევე იმყოფება მათთან ახლოს კონკურენტის სახით.
ევროპელი ფსიქოლოგების გუნდმა გამოიკვლია საკითხი, თუ როგორ წარმოადგენს ომი არენას კაცებისთვის, — და არა ქალებისთვის — რომ წარმოაჩინონ თავი მეტოქეებთან და პოტენციურ პარტნიორებთან.
პირველ კვლევაში აღმოაჩინეს, რომ 464 ამერიკელ კაცს, რომლებმაც მეორე მსოფლიო ომის დროს მოიპოვეს ღირსების მედალი, უფრო მეტი შვილი ჰყავდათ, ვიდრე სხვა ამერიკელ სამხედროებს. ეს შეესაბამება ჰიპოთეზას, რომ გმირობა ჯილდოვდება უფრო დიდი რეპროდუქციული წარმატებით.
მეორე კვლევაში ქალებმა მაღალი ნიშნით შეაფასეს იმ მამაკაცების სექსუალური მიმზიდველობა, რომლებიც ომში გმირულად იქცეოდნენ, სხვა ჯარისკაცებთან შედარებით. როგორც ჩანს, ქალები არ მიიჩნევდნენ უფრო მიმზიდველად იმ მამაკაცებს, რომლებიც გმირობას გამოიჩენდნენ სპორტში ან ბიზნესში.
მესამე კვლევამ კი აჩვენა, რომ როდესაც ქალი ჯარისკაცები გმირულად იქცეოდნენ ომში, ეს არ ზრდიდა მათ მიმზიდველობას კაცებისთვის.
გმირი და... ფსიქოპათი?
რა თქმა უნდა, ყველა არ რისკავს საკუთარ სიცოცხლეს სხვების გადასარჩენად.
არსებობს თუ არა პიროვნების ჰეროიკული ფსიქოტიპი?
ადამიანებს აქვთ გარკვეული წარმოდგენა იმაზე, თუ როგორები არიან გმირები. ერთ კვლევაში, ფილმის გმირების პიროვნებების შეფასებისას, მონაწილეები ელოდნენ, რომ ისინი უფრო კეთილსინდისიერი, გამოცდილებისადმი ღია, ექსტრავერტულები, კეთილგანწყობილი და ემოციურად დაცულები იქნებოდნენ, ვიდრე ჩვეულებრივი ადამიანი.
თუმცა რეალური ცხოვრების გმირების კვლევები განსხვავებულ ამბავს მოგვითხრობს.
ზოგიერთი კვლევა, პირიქით, მიუთითებს, რომ ადამიანებს, რომლებიც ამჟღავნებენ გმირულ ქცევას და პირველები რეაგირებენ მეხანძრეების მსგავსად, მაღალი ქულები აქვთ ისეთ პიროვნულ მახასიათებლებში, როგორებიც, ჩვეულებრივ, ასოცირდება ფსიქოპათებთან: გარისკვა, შეგრძნებების ძიება, აუღელვებლობა სტრესულ ვითარებაში და მიდრეკილება სოციალური სიტუაციების მართვისკენ.
თუმცა ფსიქოტიპისა და გმირობის ურთიერთმიმართების შესწავლა საწყის ეტაპზეა. ფსიქოლოგებს ჯერ კიდევ არ შეუძლიათ, იწინასწარმეტყველონ, თუ ვინ მოიქცევა გმირულად საჭიროების შემთხვევაში. ხშირად, გმირი ჩვეულებრივი ადამიანია, რომელიც უჩვეულო სიტუაციაში აღმოჩნდება. ზოგჯერ კი ადამიანები, რომლებიც გმირებად იწვრთნებიან, — მაგალითად, პარკლენდში სკოლის შეიარაღებული მანდატური, რომელიც სკოლაში არ შევიდა, როცა შიგნით თავდამსხმელი ისროდა, — კრიზისულ სიტუაციებში ჰეროიზმს ვერ ავლენენ.
სამწუხაროდ, მსოფლიოში კიდევ ბევრჯერ დადგება დრო, როდესაც ადამიანებს ნამდვილი გმირული ქმედებები დასჭირდებათ. იმედია, ასეთ დროს, სიტუაციისა და პიროვნული ფსიქოტიპების სწორი კომბინაცია ადგილზე იქნება, რათა დღე გადაარჩინოს.
კომენტარები