ოპტიკური ილუზია ჰაბლისგან — ტელესკოპმა სპირალური გალაქტიკების უნიკალური კადრი დააფიქსირა
ჰაბლის კოსმოსურმა ტელესკოპმა შორეული გალაქტიკების წყვილი გადაიღო, რომელიც ერთი შეხედვით შერწყმის პროცესშია, თუმცა ეს მხოლოდ ოპტიკური ილუზიაა.
ამ უნიკალურ კადრში სინამდვილეში ერთმანეთთან საკმაოდ დიდ დისტანციაზე არსებული ობიექტებია აღბეჭდილი. საქმე იმაშია, რომ ობსერვატორიის პერსპექტივიდან მათი სივრცული განლაგება ნაწილობრივ თანხვედრაშია, რაც გასაოცარ სანახაობას ქმნის.
აღნიშნული გალაქტიკები SDSS J115331-სა და LEDA 2073461-ს სახელითაა ცნობილი, ხოლო მათგან დაახლოებით 1 მილიარდზე მეტი სინათლის წელი გვაშორებს. როგორც ევროპის კოსმოსურ სააგენტოში (ESA) აცხადებენ, მატერიის ეს უზარმაზარი სისტემები გრავიტაციულ ურთიერთქმედებაში არაა.
ფოტოზე უახლოეს გალაქტიკას სრულად ვხედავთ მისი სპირალური შვერილებით, რომლებიც ორ საპირისპირო მხარესაა მიმართული. ერთ-ერთი ასეთი "მკლავი" უკანა ფონზე დაფიქსირებულ ობიექტს ეფარება და პირდაპირ მის ბირთვს ემთხვევა.
სურათი ევროპული კოსმოსური სააგენტოს პროექტ Galaxy Zoo-ს ფარგლებშია გადაღებული, რომელიც ასობით ათას მოყვარულ მეცნიერს აერთიანებს და მათ გალაქტიკების კლასიფიკაციის საშუალებას აძლევს.
"ეს მოხალისეები ტელესკოპების მიერ გადაღებული გალაქტიკების კლასიფიცირებაზე მუშაობენ და ხშირად ამ ასტრონომიულ ობიექტებს პირველები ხედავენ", — ვკითხულობთ ESA-ს განცხადებაში.
კომენტარები