მეცნიერებს დისტანციურად მართვადი ტარაკნების სამაშველო მისიებში გამოყენება სურთ
მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა შექმნა კიბორგი ტარაკნები, მათ ნერვულ სისტემაზე მიბმული ელექტრონიკით. ამით მკვლევრებმა ტარაკნების დისტანციურად მართვა შეძლეს.
მკვლევრებმა მადაგასკარის ტარაკნების ზურგზე უკაბელო მართვის მოდულები დაამონტაჟეს, რომლიც ბატარეებით იკვებება. ტარაკნების ეს სახეობა სიგრძეში 6 სანტიმეტრს აღწევს.
ტარაკნების ნერვული სისტემის სტიმულირებით მეცნიერებმა შეძლეს მწერების მოტორიკის გაკონტროლება. ეს შეიძლება გამოიყენონ სამძებრო-სამაშველო მისიების დროს ან გარემოს მონიტორინგისთვის.
მზის ზურგჩანთა
მსგავს კიბორგ მწერებზე მეცნიერებს ადრეც უმუშავიათ, მაგრამ კვლევის ავტორების თქმით, მათი ახალი მიგნება ინოვაციურია. ახალი მეთოდის გამოყენებით მწერების კონტროლი უფრო მარტივია და ბევრად უფრო დიდი ხნითაც შეიძლება.
კერძოდ, ერთ-ერთი ინოვაცია ბატარეების გამძლეობაშია. პატარა და ძალიან თხელი მზის ელემენტი უზრუნველყოფს ბატარეის დატენვას, რაც მკვლევრებს საშუალებას აძლევს დისტანციურად აკონტროლონ ტარაკნები დიდი ხნის განმავლობაში.
"სხეულზე დამონტაჟებული ულტრათხელი ორგანული მზის უჯრედების მოდული აღწევს სიმძლავრეს 17,2 მიკროვატამდე, რაც 50-ჯერ აღემატება აქამდე არსებულ მსგავს ტექნოლიგიებს", — თქვა რიკენის უნივერსიტეტის უფროსმა მკვლევარმა კენჯირო ფუკუდამ.
ბუნებრივია, მსგავსი ტარაკნების გამოყენება მომავალში სამძებრო და სამაშველო მისიებისთვის ნამდვილად სასარგებლო იქნება. თუმცა, ამ ყველაფერს დრო დასჭირდება.
"ამჟამინდელ სისტემას აქვს მხოლოდ უსადენო მოძრაობის მართვის სისტემა, ამიტომ ის საკმარისი არ არის კომპლექსური სამაშველო სამუშაოების ჩასატარებლად. სხვა საჭირო მოწყობილობების ინტეგრირებით, როგორიცაა სენსორები და კამერები, ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ჩვენი კიბორგი მწერები ასეთი მიზნებისთვის", — ამბობენ მკვლევრები.
მათი თქმით, იგივე ტექნოლოგია შეიძლება გამოიყენონ ხოჭოებზეც.
ეს ძალიან საინტერესო და ფუტურისტული ხედვაა: დისტანციურად კონტროლირებადი კიბორგი მწერების არმია, რომლებსაც შეუძლიათ შეაღწიონ ძნელად მისადგომ ადგილებში ან დააკვირდნენ ამა თუ იმ ლოკაციას. თუმცა, ამისთვის შემდგომი კვლევები იქნება საჭირო. ვნახოთ, რა იქნება შემდეგი.
კომენტარები