ნახეთ: ჯეიმს ვების ტელესკოპმა თვალწარმტაცი კოსმოსური ფენომენი დააფიქსირა
ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი არ ჩერდება, ახლა მან გასაოცარი და გამორჩეულად შთამბეჭდავი კოსმოსური ფენომენი დააფიქსირა, რომლის ასეთი გამოსახულებაც აქამდე არასდროს მიგვიღია.
ეს გახლავთ ჩვენგან 5 600 სინათლის წლით დაშორებული, გედის თანავარსკვლავედში მდებარე მნათობი, რომლის გარშემოც სინათლის კონცენტრირებულ რგოლებს ვხედავთ. ისინი სივრცეში ტალღების მსგავსად ვრცელდება და თვალწარმტაც სანახაობას ქმნის.
სურათზე ნაჩვენები იშვიათი ობიექტი ვოლფ-რაიეს ვარსკვლავი გახლავთ, სახელად WR 140, რომელიც შეჯახებადი ქარების ბინარულ სისტემაში ასევე იშვიათ O ტიპის კომპანიონთან ერთად მოძრაობს. მათი ურთიერთქმედების შედეგად მტვრის პერიოდული ამოფრქვევები ხდება და ეს მატერია გარე მიმართულებით ფართოვდება. რგოლები ინფრაწითელ სპექტრში კაშკაშებს, რამაც ვების მგრძნობიარე ხელსაწყოს (MIRI) მათი დეტალურად აღბეჭდვის საშუალება მისცა.
ვოლფ-რაიეს ვარსკვლავები ძალიან ცხელი, ნათელი და ხნიერი, სიცოცხლის უკანასკნელ ეტაპზე მყოფი ობიექტებია, რომელთა შემადგენლობაშიც უკვე წყალბადის სიმწირეა, სამაგიეროდ, აზოტი და ნახშირბადი დიდი რაოდენობით გვხვდება. მათი მასა ძალიან სწრაფად იკარგება. რაც შეეხება O ტიპის მნათობებს, ისინი ასევე ცხელი და ნათელია, უზარმაზარი მასის გამო კი მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა მცირეა.
ორივე მათგანს სწრაფი ვარსკვლავური ქარი ახასიათებს, რომელიც კოსმოსში 3 000 კმ/წმ სიჩქარით გადაადგილდება. საინტერესოა ისიც, რომ თითოეული ამ ობიექტის ორბიტა ელიფსურია, რომელზე მოძრაობისასაც ერთმანეთის მიმართ ახლო (აპასტრონი) და შორ (პერიასტრონი) წერტილებზე ხვდებიან.
მიახლოებისას მათი ქარები იკვეთება, რაც გარშემო არსებულ მატერიას ბიძგს აძლევს, ნაწილაკებს აჩქარებს და ენერგიულ რადიაციას იწვევს. ამ მატერიის გაცივება ნახშირბადული მტვრის წარმოქმნას უწყობს ხელს, რომელიც ულტრაიისფერ გამოსხივებას შთანთქავს, ცხელდება და თერმულ რადიაციას გამოყოფს. მას კი ვები აფიქსირებს.
ქარის გავლენით ეს მტვერი შორს იბნევა, რა დროსაც კონცენტრირებული რგოლების ტემპერატურა ეცემა და სიმკვრივეც მცირდება. ეს პროცესი ყოველ 7.94 წელში ერთხელ ხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველაზე გარეთა რგოლის ასაკის გამოთვლა შეგვიძლია. სისტემაში 20 ასეთი წარმონაქმნია ხილული, რაც 160 წელს შეესაბამება. უკანასკნელ პერიასტრონს 2016 წელს დააკვირდნენ.
ვები WR 140-ისკენ მეცნიერთა გუნდის ინიციატივით მიმართეს. ისინი ახლა ნაშრომს ამზადებენ, რომლითაც შეიძლება ზემოხსენებულ სისტემაზე ახალი რამ შევიტყოთ.
კომენტარები