ნახეთ: ჯეიმს ვების ტელესკოპის მიერ გადაღებული უდიდესი მოზაიკური სურათი
მეცნიერთა გუნდმა, რომელიც ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის მონაცემებზე მუშაობს, მსოფლიოში უმძლავრესი ობსერვატორიის ახლო ინფრაწითელი კამერის მიერ გადაღებული 690 კადრისგან შედგენილი მოზაიკური სურათი გამოაქვეყნა.
Epoch 1-ის სახელით ცნობილ ფოტოზე შორეული გალაქტიკებია ნაჩვენები, რომელთა სინათლემაც კოლოსალურ მანძილზე მოგზაურობისას ხილულიდან ინფრაწითელ სპექტრში გადაინაცვლა.
ასევე, მასზე გამოსახულია მეისის გალაქტიკა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ძველი ასეთი ობიექტია, რადგან, სავარაუდოდ, დიდი აფეთქებიდან სულ რაღაც 290 მილიონ წელში უკვე არსებობდა.
სურათზე აღბეჭდილია გრავიტაციულად ურთიერთმოქმედი გალაქტიკების ჯგუფი, ზეახალი ვარსკვლავის აფეთქება და შედარებით პატარა გალაქტიკების ერთგვარი თაღიც.
"Epoch 1 ჩვენთვის ცის საკვლევი არეალის ნახევარზე ნაკლებს ფარავს. ფოტოებმა ახალ აღმოჩენებამდე უკვე მიგვიყვანა, ისევე, როგორც აქამდე უცნობ უამრავ გალაქტიკამდე, რომელთა გამოჩენაც მოულოდნელი იყო", — ვკითხულობთ მეცნიერთა განცხადებაში.
საშუალო და მაღალი გარჩევადობის გამოსახულებების გადმოწერას პროექტზე მომუშავე გუნდის ოფიციალური ვებგვერდიდან შეძლებთ. ისინი გირჩევენ, რომ ფაილების სიდიდიდან გამომდინარე, პერსონალური კომპიუტერი ან ლეპტოპი გამოიყენოთ.
მეცნიერთა თქმით, ჯერ დაგეგმილი კვლევის ნახევარიც კი არაა განხორციელებული და უკვე ასეთი გასაოცარი შედეგი მივიღეთ. ეს იმას ნიშნავს, რომ მომავალში ბევრ საინტერესო სიახლეს უნდა ველოდოთ
კომენტარები