ილჰამ ალიევი დასავლეთისკენ იყურება
მთიანი ყარაბაღის მეორე ომის და განსაკუთრებით უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა აჩვენა ნიშნები იმისა, რომ ქვეყანას დასავლეთთან უფრო ღრმა თანამშრომლობისკენ წაიყვანს.
ილჰამ ალიევი ყოველთვის ძალიან მოქნილი პოლიტიკური ფიგურა იყო და ხშირად მიმართავდა მოლაპარაკებებს როგორც რუსეთთან, ასევე დასავლეთთან. თუმცა მისი ბოლო გამოსვლები და დაანონსებული პროექტები, განსაკუთრებით, უკრაინაში ომის მიერ გამოწვეული ევროპული ენერგეტიკული კრიზისის ფონზე, არა მხოლოდ არსებითად პროდასავლურია, არამედ ამას, შესაძლოა, გავლენა ჰქონდეს აზერბაიჯანის საშინაო ვითარებაზეც.
წერილში, სადაც ალიევმა აშშ-ის პრეზიდენტს დამოუკიდებლობის დღე მოულოცა, აღნიშნა, რომ აზერბაიჯანში დასავლეთის უფრო მეტ ჩართულობას მიესალმება, მათ შორის, აშშ-ის მონაწილეობას სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტში.
"იმ დროს, როცა სამხრეთ კავკასიაში არსებული პირობები ხელს უწყობს მშვიდობის დამყარებასა და ეკონომიკურ პროგრესს, ჩვენ გვჯერა, რომ აშშ-ს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების ნორმალიზებაში, კომუნიკაციის გახსნასა და ხალხთა შორის კონტაქტის ჩამოყალიბებაში", — აღნიშნული იყო წერილში.
29 აპრილს ბაქოში, ADA-ს უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლის დროსაც ალიევმა ხაზი გაუსვა ევროკავშირთან აზერბაიჯანის მჭიდრო ურთიერთობას და დისტანცირდა ეუთოს მინსკის ჯგუფისგან, ამ უკანასკნელის მუდმივი მხარდაჭერის მიუხედავად.
მინსკის ჯგუფი, აშშ-ის, რუსეთისა და საფრანგეთის თავმჯდომარეობით, 1990-იანი წლების დასაწყისში ჩამოყალიბდა, რათა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში შუამავლის როლი შეესრულებინა.
"ჩვენთვის ევროკავშირი ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია. სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი არასდროს ყოფილა ამის ნაწილი, რადგან მას მინსკის ჯგუფი ედგა სათავეში და ევროკავშირი დისტანცირდა", — განაცხადა ალიევმა.
"ვაჭრობის, ენერგეტიკისა და ტრანსპორტირების" საკითხებზე თანამშრომლობის მოტივით, მან დაამატა, რომ აზერბაიჯანი ევროკავშირს "სამართლიან შუამავლად" მიიჩნევს და მედიაციაში მათ ძალისხმევას მიესალმება.
ერთი თვის შემდეგ, აზერბაიჯანმა და ევროკავშირმა ევროპაში ბუნებრივი გაზის ნაკადის გაზრდის, ასევე, ნავთობის ტრანსფერის გრძელვადიან პერსპექტივაში განვითარების შესახებ შეთანხმება გააფორმეს.
ალიევმა შეთანხმებას "მომავლის საგზაო რუკა" უწოდა, ხოლო ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა მოიწონა ევროკავშირის გადაწყვეტილება, რომ უფრო "სანდო პარტნიორებს" მიმართოს.
"თავისუფალი სივრცე" პოლიტიკური აქტივისტებისთვის
ზოგიერთი მიიჩნევს, რომ ბრძოლის ველზე რუსეთის ბოლოდროინდელმა წარუმატებლობებმა და უპრეცედენტო ეკონომიკურმა იზოლაციამ დიდი როლი ითამაშა ალიევის პროდასავლურებისკენ ცვლილებაში. ამის მიზეზად ასახელებენ ევროპაში რუსული ბუნებრივი აირის ექსპორტის მკვეთრ ვარდნასაც.
"ალიევი მსოფლიოში არსებულ გეოპოლიტიკურ პროცესებში ძალაუფლების ბალანსის ცვლილების მოწმეა. ვფიქრობ, რუსეთ-უკრაინის ომის კონტექსტში, არიან ქვეყნები, რომლებსაც სურთ აზერბაიჯანი ენერგო უსაფრთხოების სერიოზულ გარანტორად დაინახონ", — უთხრა OC Media-ს ლონდონში მოღვაწე პოლიტიკის მეცნიერმა და პოლიტიკის დამოუკიდებელმა ექსპერტმა, ლეილა ალიევამ.
ალიევამ აღნიშნა ისიც, რომ ბაქოსა და ბრიუსელს შორის ჯერ კიდევ არის დისტანცია, რომელიც უნდა დაიფაროს, განსაკუთრებით, ეს ეხება აზერბაიჯანში არსებულ პოლიტიკურ თავისუფლებასა და დემოკრატიული რეფორმების საკითხებს.
აზერბაიჯანელი პოლიტიკური აქტივისტის, ბაჰრუზ სამადოვის განცხადებით, აზერბაიჯანისა და დასავლეთის მზარდი "დაახლოება" დიდ ბერკეტს აძლევს ამ უკანასკნელს, რომ "სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ პრობლემებში მედიატორის როლი ითამაშოს".
სამადოვის თქმით, რუსი სამშვიდობოების გათვალისწინებით, არ სჯერა, რომ დასავლეთის ქვეყნებმა მთიანი ყარაბაღის საკითხში "პირდაპირი" ჩარევა შეძლონ.
"დასავლეთმა ძალიან კარგად იცის, რომ მთიანი ყარაბაღის ტერიტორია უკვე რუსეთის კონტროლის ქვეშაა", — თქვა მან.
მისი განცხადებით, ამის ნაცვლად, დასავლეთი აქცენტს აზერბაიჯანის საშინაო ვითარებაზე გააკეთებს.
"დასავლეთი მოლაპარაკებების მაგიდასთან აზერბაიჯანში არსებულ ადამიანის ფუნდამენტური უფლებების საკითხს დააყენებს, რაც გულისხმობს რეფორმებს, რომელთა განხორციელებაც ალიევისთვის რთული არ იქნება და რომელიც განხორციელდება", — აღნიშნა სამადოვმა და დაამატა, რომ "უზრუნველყოფილი იქნება აქტივისტების მიერ მოთხოვნილი ზოგიერთი "პრივილეგია", როგორიცაა შეკრების მეტი თავისუფლება.
თუმცა სამადოვმა აღნიშნა, რომ ეს არანაირად არ გამოიწვევს აზერბაიჯანში "ავტორიტარიზმიდან დემოკრატიაზე გადასვლას". მისი თქმით, რეფორმები უბრალოდ შეასრულებს იმ "თავისუფალი სივრცის" შექმნის ფუნქციას, რომელზეც მთავრობამ გადაწყვიტა, რომ სოციალური აქტივიზმისთვის შესაფერისი იქნება.
ის მიუთითებს, რომ ალიევი არ გარისკავს ისეთი რამის გაკეთებას, რაც რუსეთთან დაძაბულობას მკვეთრად გაზრდის, ნაწილობრივ, ქვეყნის ძალის გამო და ასევე, იმიტომ, რომ "ალიევს რუსეთის პოლიტიკურ ელიტასთან მჭიდრო კავშირები აქვს".
ენერგო პოლიტიკა
მაშინ, როცა დასავლეთის ქვეყნები აზერბაიჯანს უყურებენ, როგორც ნავთობისა და ბუნებრივი გაზის სანდო წყაროს, ზოგიერთი აღნიშნავს, რომ შესაძლოა, მან დასავლეთის ენერგო საჭიროებების დაკმაყოფილება ვერ შეძლოს, სულ მცირე, მოკლევადიან პერიოდში.
"არსებულ ვითარებაში, თავისი წარმოების რაოდენობითა და ინფრასტრუქტურით, აზერბაიჯანი მნიშვნელოვან როლს ვერ ითამაშებს. არ იქნება სწორი, რომ ამას მომავალ სამ წელში ველოდოთ, ეს აუცილებლად მოითხოვს დიდ ინვესტიციას და დროს", — უთხრა აზერბაიჯანის პოლიტიკის ეკონომისტმა, გუბად იბადოღლუმ OC Media-ს.
ასევე არსებობს კითხვები იმ გაზის რეზერვების რეალურ ზომასთან დაკავშირებით, რომელსაც აზერბაიჯანი აკონტროლებს.
"ნება მომეცით, ასევე, გითხრათ, რომ აზერბაიჯანში ამჟამად ბევრი გაზი არ არის", — განაცხადა აზერბაიჯანში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა, მეთიუ ბრაიზამ ამერიკის ხმასთან ინტერვიუში.
ბრაიზა აღნიშნავს, რომ გაზის მიწოდების ნაცვლად, აშშ აზერბაიჯანს ხედავს, როგორც თურქმენეთიდან გაზის შესაძლო სატრასპორტო პუნქტად. თუმცა, შესაძლოა, დამაბრკოლებელი ფაქტორი იყოს პროექტის მიმართ რუსეთისა და ირანის განგრძობითი წინააღმდეგობა.
აზერბაიჯანსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის ურთიერთობა ცალმხრივი არ აირს — როგორც დასავლეთს სჭირდება აზერბაიჯანის წიაღისეული, ასევე, აზერბაიჯანს სჭირდება დასავლური ბაზრები და ტექნოლოგიები.
"სხვადასხვა სექტორის განვითარება ძლიერ არის დამოკიდებული დასავლეთის ბაზარზე წვდომაზე. დასავლეთთან თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს აზერბაიჯანის ეკონომიკის მოდერნიზაციაზე", — განაცხადა გუბად იბადოღლუმ.
იბადოღლუმ ასევე ხაზი გაუსვა, რომ ეჭვი ეპარება საშინაო რეფორმებში, რომელიც, შესაძლოა, პროდასავლური შემობრუნების შედეგად დადგეს.
"დასავლეთი კარგად იცნობს აზერბაიჯანს. დასავლეთის ინტერესები არ არის დამოკიდებული აზერბაიჯანში საჭირო დემოკრატიული ღირებულებების განვითარებაზე. ავტორიტარულ რეჟიმში ერთ ადამიანთან პრობლემების მოგვარების შესაძლებლობა დროს გიზოგავს და ასევე, გაძლევს საშუალებას, მიიღო ის, რაც გსურს", — თქვა მან.
"დასავლეთს არ სჯერა, რომ აზერბაიჯანში არსებული რეჟიმი მალე შეიცვლება და მის შესაცვლელად ნაბიჯებს არ დგამს".
მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
OC Media-ს რედაქცია ამჯობინებს, არ გამოიყენოს ისეთი ტერმინები, როგორიცაა "დე ფაქტო", "არაღიარებული" ან "ნაწილობრივ აღიარებული", როდესაც სტატია ეხება ოკუპირებულ აფხაზეთს ან ე.წ. სამხრეთ ოსეთს, ასევე, მთიან ყარაბაღს. ეს არ ასახავს რედაქციის პოზიციას მათ სტატუსთან დაკავშირებით.
კომენტარები