NASA-ში აცხადებენ, რომ ამოუცნობი მფრინავი ობიექტების შესწავლა მათთვის პრიორიტეტულია
ივნისში აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნულმა სააგენტომ (NASA) განაცხადა, რომ ამოუცნობი მფრინავი ობიექტების, იგივე ამოუცნობი საჰაერო ფენომენების (UAP) შესახებ სამეცნიერო მონაცემების მოპოვებას შეეცდება. ახლა კი სპეციალისტები ამბობენ, რომ ეს მათთვის პრიორიტეტულია.
მთავარი მიზანი მონაცემების შეგროვებაა ისეთი შემთხვევების შესახებ, რომლებსაც ჩვენთვის ცნობილ აპარატებთან ან ბუნებრივ მოვლენებთან ვერ აკავშირებენ. ასევე, სამომავლო დაკვირვებებისთვის საუკეთესო მეთოდების შემუშავება და ინფორმაციის ანალიზი.
კვლევას, რომლის ბიუჯეტიც 100 000 აშშ დოლარს აჭარბებს, ასტროფიზიკოსი დევიდ სპერგელი უხელმძღვანელებს. ეს პროცესი შემოდგომაზე დაიწყება და დაახლოებით 9 თვეს გასტანს. საბოლოო ანგარიში საჯაროდ ხელმისაწვდომი იქნება, რაც გამჭვირვალობის პოლიტიკის ნაწილია.
17 აგვისტოს გამართულ შეხვედრაზე, სადაც NASA-ს სამეცნიერო მისიების დირექტორატის (SMD) პროგრამები განიხილეს, სააგენტოს წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ცდილობენ, განრიგს მიჰყვნენ.
"საქმეში სრული ძალით ვართ ჩართულნი. ეს ჩვენთვის მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია და მას მაღალ პრიორიტეტად განვიხილავთ", — ამბობს SMD-ის ხელმძღვანელის მოადგილის დამხმარე, დანიელ ევანსი.
ის აღნიშნავს, რომ პროექტზე მომუშავე ჯგუფი 15–17 ინდივიდისგან იქნება შედგენილი, მათ შორის მსოფლიოს წამყვანი მეცნიერებისგან, მონაცემთა მეცნიერებისგან, ხელოვნური ინტელექტის მკვლევრებისგან და საჰაერო კოსმოსური უსაფრთხოების ექსპერტებისგან. კანდიდატებს NASA-ს ხელმძღვანელი, ბილ ნელსონი გაესაუბრება და საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.
ევანსი იმედოვნებს, რომ ეს ოქტომბრამდე, საუკეთესო შემთხვევაში კი უფრო ადრე მოესწრება. მისი აზრით, NASA-ს მსგავსი კვლევისთვის საჭირო მონაცემები და მეცნიერული ხელსაწყოები აქვს, რომელთა მეშვეობითაც დაადგენენ, რა დგას ასეთი ფენომენების უკან.
"სხვა არცერთი სააგენტო სარგებლობს საზოგადოების ისეთი ნდობით, როგორიც ჩვენ გვაქვს", — აცხადებს ის.
კომენტარები