აღმოაჩინეს მოლეკულა, რომელიც 300-ზე მეტ ანტიბიოტიკ რეზისტენტულ ბაქტერიას ებრძვის
ანტიბიოტიკ რეზისტენტობა, ანუ მედიკამენტების მიმართ მიკრობების მდგრადობა სერიოზული პრობლემაა, რადგან საშიშ პათოგენებთან ბრძოლას აძნელებს. მეცნიერები მათ დასამარცხებლად ახალი გზების მოძიებას ცდილობენ. ახლახან მკვლევრებმა აღმოაჩინეს მოლეკულა, რომელიც ასეთ ბაქტერიებს ეფექტიანად უტევს.
ის ფაბიმიცინის სახელითაა ცნობილი და შესაძლოა, ყველაზე შეუვალი მიკრობების წინააღმდეგ ჩვენს ხელთ არსებული მძლავრი იარაღი იყოს. მისი სამიზნე გრამუარყოფითი ბაქტერიებია, რომელთა შემოჭრაც ადამიანის სხეულში საშარდე გზების, ფილტვებისა და სისხლის ინფექციებსაც კი იწვევს.
მათი რეზისტენტობის უკან დამცავი მემბრანა დგას, რომელიც შიგნით ანტიბიოტიკების შეღწევას ართულებს. ასევე, ერთგვარი ამოსატუმბი მექანიზმი, რომელიც ამ ორგანიზმებს საშუალებას აძლევს, საზიანო ნივთიერებები გამოდევნონ. ფაბიმიცინი ჩამოთვლილ ფაქტორებს გვერდს უვლის, რადგან უჯრედის გარეთა ფენას მარტივად კვეთს და ზემოხსენებულ სადინარებსაც "ემალება". შედეგად, ის ისეთ არეალში გროვდება, საიდანაც ბაქტერიას ყველაზე მეტ ზიანს აყენებს. უნდა ითქვას ისიც, რომ აღნიშნული მოლეკულა სხვა ჯანსაღი ბაქტერიების დახოცვას მაქსიმალურად იცილებს თავიდან, რაც დღევანდელი პრეპარატების კიდევ ერთი პრობლემაა.
მეცნიერებმა კვლევა გრამდადებითი ბაქტერიების საწინააღმდეგო ანტიბიოტიკით დაიწყეს, რომელშიც რამდენიმე სტრუქტურული ცვლილება შეიტანეს, რათა მისი ძალა გრამუარყოფითი პათოგენებისკენ მიემართათ. ცდებში ფაბიმიცინმა დადებითი შედეგი 300-ზე მეტი ტიპის ანტიბიოტიკ რეზისტენტული ბაქტერიის შემთხვევაში აჩვენა და თაგვებში მათი რაოდენობა ინფექციამდელ დონემდე დაიყვანა.
სპეციალისტთა თქმით, გამოვლინდა ისიც, რომ ეს მოლეკულა ვირთხებისა და ადამიანების პლაზმაში ბევრად სტაბილურია. აქედან გამომდინარე, შესაძლოა. რთული, მრავალფეროვანი უჯრედების მქონე ორგანიზმებში მისი ეფექტიანობა იზრდებოდეს.
მეცნიერთა უკანასკნელი აღმოჩენა წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია, თუმცა იმისთვის, რომ ფაბიმიცინი გამოყენებად პრეპარატად ვაქციოთ, ჯერ კიდევ მრავალი კვლევაა საჭირო. მათ შორისაა მისი გამოცდა ადამიანებზე, რაც უკვე იგეგმება.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში ACS Central Science გამოქვეყნდა.
კომენტარები