საერთაშორისო მედია თიბისის ტექნოლოგიურ ტრანსფორმაციას ეხმაურება
საერთაშორისო პრესტიჟული ტექნოლოგიური გამოცემები The Fintech Times და Financial IT თიბისისა და Kong-ის წარმატებულ თანამშრომლობას ეხმაურებიან.
გამოცემების ფოკუსში ამჯერად თიბისის ციფრული ტრანსფორმაცია და მის მიერ ღრუბლოვან სისტემაზე დაფუძნებული API პლატფორმა Kong Enterprise-ის დანერგვა მოექცა. ამ პლატფორმის დახმარებით, თიბისიმ უკვე გაზარდა ტექნოლოგიური პროცესების ეფექტიანობა და ბაზარზე ახალი, უფრო მოქნილი და დახვეწილი პროდუქტებისა და სერვისების გაშვების დრო 40%-ით შეამცირა.
საერთაშორისო მულტიმედია გამოცემა The Fintech Times ფინტექ საკითხებში მსოფლიოს წამყვან ჟურნალად ითვლება, ხოლო Financial IT ბრიტანული ჟურნალია, რომელიც საბანკო საკითხებზე, ტექნოლოგიებზე, მონაცემებზე, უსაფრთხოებასა თუ სავაჭრო სისტემებზე 2012 წლიდან წერს.
აღსანიშნავია, რომ წარმატების ამ მაგალითზე მხოლოდ საერთაშორისო გამოცემებში არ საუბრობენ. სულ მალე Kong თავად გამოაქვეყნებს სიღრმისეულ კვლევას (Case Study) რომელიც მიმოიხილავს თიბისის IT პროცესებში API პლატფორმის ინტეგრაციის შედეგებს, როგორც კარგი პრაქტიკის მაგალითს.
მანამდე კი ჩვენ გიამბობთ, რა შეცვალა API პლატფორმამ თიბისის პროცესები და როგორ ეხმაურება სიახლეს გლობალური ტექნოლოგიური მედია.
რას წერენ საერთაშორისო გამოცემები?
The Fintech Times-ის სტატიაში ვკითხულობთ, რომ ახლა პროგრამული უზრუნველყოფის თანამედროვე ეპოქა დადგა, რომელმაც უბიძგა თიბისის, ტექნოლოგიური და ციფრული ტრანსფორმაციის გზაზე დამდგარიყო. მათი თქმით, ხანგრძლივი შეფასების და კვლევის შემდეგ, ბანკმა Kong Enterprise შეარჩია, რომლის უპირატესობა სიმარტივესა და ექსპერტული დონის მხარდაჭერაშია.
“Kong-ის ღრუბლოვან სისტემებზე დაფუძნებული API პლატფორმა ორგანიზაციებს საშუალებას აძლევს, სწრაფად უპასუხონ მომხმარებლების მოთხოვნებს და ბაზარზე ტექნოლოგიური გადაწყვეტები API-ისა და სერვისის მარტივი და დაცული დაკავშირების ხარჯზე დანერგონ. ღრუბლოვანი სისტემებისთვის შექმნილი პლატფორმა, რომელიც მიკრო სერვისებსაც ითვალისწინებს, მთლიანად აქრობს იმ სირთულეებს, რომლებიც ძველი და ახალი ტექნოლოგიების ერთდროულად გამოყენებას მოჰყვებოდა და საშუალებას აძლევს დეველოპერებს, API-ზე სხვადასხვა არქიტექტურებს შორის უფრო სწრაფად, უკეთ და მეტად დაცულად იმუშაონ", — ამბობენ Financial IT-ში.
სტატიებში განხილულია, თუ როგორ მუშაობდა თიბისის IT სისტემა მანამდე, სანამ კომპანია Kong-ის პლატფორმაზე გადავიდოდა. გამოცემები აღნიშნავენ, რომ დროთა განმავლობაში, თიბისის IT ინფრასტრუქტურა და პროცესები კომპლექსური გახდა. ახალ სერვისებთან და პროდუქტებთან დაკავშირებული ყველა მოთხოვნა, მათი ზომისდა მიუხედავად, თიბისის ცენტრალური ინტეგრირების გუნდთან იგზავნებოდა, რომელიც თითოეულ ამ მოთხოვნას ცალ-ცალკე ამუშავებდა. ეს კი ინოვაციური პროდუქტების შემუშავებასა და მომხმარებლებისთვის გამარტივებული სერვისების შეთავაზებას აფერხებდა.
სანაცვლოდ კი, როგორც ორივე გამოცემა აღნიშნავს, Kong-ის დანერგვის შემდეგ, თიბისიმ შექმნა და გაუშვა API-ზე დაფუძნებული სრულყოფილი სასესხო პროდუქტი, რის შედეგადაც API გახდა ბანკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არხი ასიათასობით მომხმარებელთან დასაკავშირებლად.
რა შეიცვალა თიბისიში Kong-ის ტექნოლოგიების დანერგვის შემდეგ?
Kong Enterprise-ის დანერგვის შემდეგ სულ რაღაც სამი თვე დასჭირდა ბანკს, API-ზე დაფუძნებული წარმატებული და გამართული პროდუქტი შეექმნა. ეს პროდუქტი თიბისის მობაილ და ინტერნეტ ბანკის ბიზნეს მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, წვდომა ჰქონდეთ და აკონტროლონ სესხები. "24/7-ზე ხელმისაწვდომობით და ყოველდღე 700 ათასი მომხმარებლის მოთხოვნის დამუშავებით, API ბანკის ყველაზე მნიშვნელოვანი არხი გახდა მომხმარებლებთან კავშირის დასამყარებლად", — აღნიშნავენ საერთაშორისო გამოცემებში.
თიბისის ტექნოლოგიური მიმართულების ხელმძღვანელი, ბიძინა მაცაბერიძე ამბობს, რომ წინა სისტემა გუნდის წევრებისთვის საკმაოდ რთულად გამოსაყენებელი იყო, ხოლო Kong მარტივია და თანამშრომლებს საშუალებას აძლევს, საკუთარი ინოვაციური გეგმები ისე შეასრულონ, რომ ცენტრალიზებულ ინტეგრაციის პროცესებზე დამოკიდებულნი არ იყვნენ.
EMEA, Kong-ის ვიცე პრეზიდენტის კარლ მეტსონის თქმით კი, ფინანსური სერვისების ინდუსტრია სწრაფად ვითარდება, შესაბამისად, ბანკებს სწრაფი ადაპტაცია სჭირდებათ, რომ კონკურენტუნარიანობა შეინარჩუნონ.
"ცენტრალიზებული ინტეგრირებული სისტემის ჩამოცილების შემდეგ, თიბისი უფრო მოქნილი გახდა და ახლა იგი უკეთეს პოზიციაშია, რომ ახალი და განახლებული შეთავაზებები შეიმუშაოს და მუდმივად ცვალებადი მომხმარებლის მოთხოვნებს მოერგოს", — კარლ მეტსონი.
თიბისი, რომლის მისია მომხმარებლების ცხოვრების გამარტივებაა, უკვე წლებია, აქტიურად ნერგავს ახალ ციფრულ პროდუქტებსა და სერვისებს. იგი უკვე იქცა კავკასიასა და ცენტრალური აზიის რეგიონში მოწინავე ტექნოლოგიურ კომპანიად, რომელსაც ბაზარზე შემოაქვს ინოვაციები და ზრუნავს IT სფეროს პოპულარიზაციაზე. ამ პროცესის ნაწილია API პლატფორმის ინტეგრაციაც, რომელიც მილიონზე მეტ მომხმარებელს საბანკო პროდუქტების გამოყენებას უმარტივებს.
კომენტარები