როგორ მოქმედებს სიცხე ჩვენს ორგანიზმზე და როდის ხდება ის საშიში — რა უნდა ვიცოდეთ
ცხელა და ეს ასე არ არის მხოლოდ თქვენს მშობლიურ ქალაქში, თითქმის მთელს მსოფლიოში რეკორდული სიცხეებია. აქვეა გლობალური დათბობა და რაიმე გასაოცარი თუ არ მოხდა სიცხეები გაგრძელდება. ყოველი შემდეგი ზაფხული უფრო ცხელი იქნება, ყინული გადნება, ეს ყველაფერი კი ადამიანებს კიდევ უფრო მეტ პრობლემას შეუქმნის.
მომავალი სულ უფრო ცხელი და ნოტიო იქნება
"ჩვენ ვიცით, რომ კლიმატის ცვლილების შედეგად, სიცხის ტალღები გახდება უფრო ინტენსიური, გახშირებული და ხანგრძლივი. და რაც დრო გავა, ეს ყველაფერი უფრო გამძაფრდება", — თქვა დენ ვესელიომ, პენის შტატის ჯანმრთელობისა და მედიცინის კოლეჯის პოსტდოქტორანტმა.
კვლევების მიხედვით, 2050 წლისთვის, ტემპერატურის მხრივ ლონდონი დღევანდელ ბარსელონას დაემსგავსება. სტოკჰოლმი კი, რომელიც გადაჭიმულია არქტიკულ წრეში — დაემსგავსება ცენტრალური ევროპის ქალაქ ბუდაპეშტს.
მეტიც, სიცხე არ იქნება ერთადერთი პრობლემა. იმის გათვალისწინებით, რომ თბილ ჰაერს აქვს უნარი შეინარჩუნოს მეტი წყლის ორთქლი, ტენიანი სიცხის ტალღების რაოდენობა სავარაუდოდ გაიზრდება.
ასევე: რატომ გვცხელა?
რა გავლენას ახდენს სიცხე ადამიანის ჯანმრთელობაზე?
ბევრი ჩვენგანისთვის, ცხელი მზიანი დღე არის საბაბი, რომ გავიდეთ გარეთ, აუზზე ან სანაპიროზე. და ეს არ არის არსებითად ცუდი: ევოლუციის პროცესში ადამიანის სხეულმა შეიმუშავა სპეციფიკური მექანიზმები, რომ გაუმკლავდეს მაღალ ტემპერატურას და ზოგჯერ მზის შუქის ნაკლებობასაც კი განვიცდით.
"თუმცა, ექსტრემალური სიცხის დროს ადამიანის სხეულში არსებული სისტემები, რომლებიც მას სიცხესთან ადაპტაციის საშუალებას აძლევს, იტვირთება. როდესაც ადამიანი დიდი ხნის განმავლობაში არის ცხელ გარემოში, პირველი რაც ითიშება არის ოფლიანობის უნარი. ჩვენ ვიცით, რომ ოფლიანობას სხეულის მიმართ გამაგრილებელი ეფექტი აქვს. როგორც კი ადამიანი წყვეტს ოფლიანობას, ეს უკვე სახიფათოა", — განმარტა მაიკ მაკგიინმა, CDC-ის გარემოსდაცვითი საფრთხისა და ჯანმრთელობის ეფექტების პროგრამის დირექტორმა Scientific American-თან ინტერვიუში.
საბოლოოდ, როცა თქვენი სხეული უფრო და უფრო ცხელდება, ეს ყველაფერი ცენტრალურ ნერვულ სისტემასა და სისხლის მიმოქცევაზე ისახება, ასევე ტვინზე. სწორედ ასეთ დროს ადამიანი ცუდად ხდება და შეიძლება გონებაც დაკარგოს. თუმცა, ეს მხოლოდ გადახურების აშკარა შედეგებია.
"სინამდვილეში, "სითბური ინსულტი", სითბური დაღლილობა და დეჰიდრატაცია შეადგენს ჯანმრთელობის რისკების შედარებით მცირე ნაწილს, რომელიც დაკავშირებულია ექსტრემალურ სიცხეებთან", — განმარტა გრეგორი ველენიუსმა, ბოსტონის უნივერსიტეტის გარემოსდაცვითი ჯანმრთელობის პროფესორმა და უნივერსიტეტის კლიმატისა და ჯანმრთელობის პროგრამის დირექტორმა.
შესაბამისად, სიცხის ზემოქმედების არასასურველი ეფექტები მოიცავს ისეთ საკითხებსაც, როგორიცაა თირკმელების პრობლემები, კანის ინფექციები და ნაადრევი მშობიარობაც კი. ამან შეიძლება გავლენა იქონიოს ჩვენს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე მრავალი გზით. ცხელი დღეები ასოცირებულია განწყობისა და შფოთვითი აშლილობის, შიზოფრენიის და დემენციის გაზრდილ რისკებთან.
"საინტერესოა, რომ მხოლოდ ექსტრემალური სიცხე არ წარმოადგენს რისკს. ზომიერად ცხელ დღეებშიც კი შეიძლება მრავალი საფრთხე იყოს. ეს განსაკუთრებით ასაკში მყოფ ადამიანებისთვის", — ამბობენ ექსპერტები.
როდის არის ზედმეტი სიცხე
ყველას განსხვავებული წარმოდგენა აქვს იმაზე, თუ რა არის კომფორტული ტემპერატურა. ჩვენ ყველას გვყავს ერთი მეგობარი, რომელსაც ყოველთვის ცხელა, ან პირიქით, რომელსაც ყოველთვის ცივა. თუმცა, როდესაც საქმე ეხება იმას თუ როდის არის ზედმეტი სიცხე აქ განსხვავებები მცირდება.
მიიჩნევა, რომ 35 გრადუსი ცელსიუსი ეს ის ტემპერატურაა, რომლის იქითაც ადამიანის სხეულს სიცხის ატანა უჭირს. თუმცა, როდესაც თეორიის უშუალოდ შემოწმება მოხდა, აღმოჩნდა, რომ ეს ლიმიტი 31 გრადუსია.
"მთავარი საშუალება, რომლითაც ჩვენ ვგრილდებით ეს კანიდან ოფლის აორთქლებაა. ასეთ დროს სხეულს სითბო ცენტრიდან პერიფერიებზე გადააქვს", — განმარტავს ველენიუსი.
ყველაზე მეტად ვის ემუქრება ცხელი ტემპერატურა
"ძალიან ცხელი დღეები საფრთხეს უქმნის ყველას, მაგრამ ეჭვგარეშეა, რომ ზოგიერთ ჯგუფს ეს უფრო დიდი რისკის ქვეშ აყენებს. ამ მხრივ მაღალი რისკის ქვეშ არიან ისინი ვინც გარეთ ფიზიკურად მუშაობენ, მაგალითად სოფლის მეურნეობის მშრომელები და მშენებლები", — ამბობს ველენიუსი.
უბრალო გეოგრაფიასაც კი შეუძლია გაზარდოს სიცხესთან დაკავშირებული ავადმყოფობის რისკები. ზოგიერთ საზოგადოებებში ხეებისა და პარკების ნაკლებობა ამ უბნებს კიდევ უფრო ცხელს ხდის, ვიდრე მიმდებარე ტერიტორიები. ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ ურბანულ ადგილებში, სადაც ყველაფერს დამატებული ცხელა, მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან.
ასევე არ უნდა დავივიწყოთ სამედიცინო ფაქტორებიც. თუ ხართ ხანდაზმული, ან ორსულად, ან გაწუხებთ გარკვეული დაავადებები, როგორიცაა დიაბეტი ან ჰიპერთირეოზი, უფრო სავარაუდოა, რომ სითბოს მიმართ მკვეთრი მგრძნობელობა გექნებათ.
რაც დრო გადის სულ უფრო ცხელი დღეები გველის, გლობალური დათბობა არსად წასვლას არ აპირებს, მეტიც, ის მხოლოდ ახლა ხურდება და ამიტომ საჭიროა სიცხეებს უფრო ინფორმირებული და მომზადებულები დავხვდეთ.
კომენტარები