რა უხდება ზაფხულს ყველაზე მეტად?

მცხუნვარე მზე, ზღვა, გრილი საღამოები და თბილი ემოციები — ამ ყველაფერთან ერთად კი, რა თქმა უნდა, საყვარელი მუსიკა და მეგობრებთან ერთად გართობა. სწორედ ასეთ ბათუმში ეპატიჟებიან საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მუსიკალური ღონისძიების, შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალის, ორგანიზატორები მსმენელს.

შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალი, რომელიც 2007 წლიდან ტარდება, წელს სრული მასშტაბით ბრუნდება; პანდემიის გამო, გასული ორი წლის განმავლობაში ღონისძიება მრავალი შეზღუდვითა და რეგულაციის დაცვით იმართებოდა, წელს კი ბათუმის ჩოგბურთის კლუბში ისევ ათასობით მსმენელს ელოდებიან. ისტერნ პრომოუშენის ორგანიზებული ფესტივალის მხარდამჭერი წელსაც თიბისი კონცეპტი იქნება.

შავი ზღვის რიგით მე-15 ჯაზ-ფესტივალი წელს, ტრადიციულად, ზაფხულის უქმეებზე — 12, 13 და 14 აგვისტოს — ჩატარდება. ორგანიზატორები კვლავაც დაუვიწყარ სანახაობას გვპირდებიან და მის გამოტოვებას არავის ურჩევენ.

რა დაგხვდებათ ბათუმში 3 დღის განმავლობაში?

პირველი დღე

ფოტო: თიბისი კონცეპტი

ჯაზ-ფესტივალს წელს ორი ევროპული ბენდი გახსნის. პირველი მათგანი Boris Band Combination არის. ჯგუფი ჩეხმა მუსიკოსმა, ბორის ურბანეკმა ჩამოაყალიდა, რომელიც თავის ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ შემსრულებლად მიიჩნევა. იგი უკვე 30 წელზე მეტია, ქმნის და ასრულებს მუსიკას თავის მეგობრებთან ერთად. 1997 წელს ჩამოყალიბებულ ბენდში Boris Band Combination ბორისმა ქალაქ ოსტრავის მუსიკის აკადემიის კურსდამთავრებულებს მოუყარა თავი და მას შემდეგ ევროპის არაერთი ცნობილი ფესტივალის სცენაზეც აღმოჩნდა.

რაც შეეხება მეორე ბენდს, რომელიც 12 აგვისტოს საღამოს ბათუმში დაუკრავს, ეს ტრიო The Next Movement არის. შვეიცარიული ბენდი მსმენელს ჰპირდება, რომ თავისი მუსიკით მათ ტვინს, გულებს და კიდურებს სრულად მოიცავს. მუსიკოსები ამბობენ, რომ მათ შემოქმედებას ყველაზე უკეთ აღწერს "ფეთქებადი გრუვ-პოპი ფანკის საკმარისი სულისკვეთებით". თუკი დარწმუნებული არ ხართ, ეს რას ნიშნავს, შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალის პირველ დღეს ნამდვილად გაიგებთ, რადგან შვეიცარიულ ჯგუფს სასცენო გამოცდილება არ აკლია — როგორც სამშობლოში, ასევე სხვა ქვეყნებში წარმატებული გამოსვლების წყალობით.

მეორე დღე

ფოტო: თიბისი კონცეპტი

არ ვიცი, დაიჯერებთ თუ არა, მაგრამ 13 აგვისტოს საღამოს ბათუმის ჩოგბურთის კლუბში ელ მაქკეი დაგხვდებათ. ცნობილი ამერიკული ბენდის, Earth, Wind & Fire-ის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში სხვა მუსიკოსებთან ერთად ჩამოდის; ისინი ერთად ქმნიან სასცენო შოუს Earth, Wind & Fire Experience. ეს იმ ლეგენდარული ჯგუფის თანამედროვე ვერსიაა — როგორც თავად მუსიკოსი ამბობს, ახალი ბენდი 70-იანების Earth, Wind & Fire-ის მელოდიას ქმნის ჰიპ-ჰოპის საცეკვაო მოძრაობებით.

Earth, Wind & Fire-ს თავისუფლად შეიძლება ეწოდოს ეპოქალური მოვლენა. მსოფლიოში გაყიდული 90 მილიონზე მეტი ჩანაწერით, გრემის 17 ნომინაციით და 6 პრიზით ის ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბენდია, რომელიც ეკლექტურ რეპერტუარს სთავაზობდა მსმენელს. ჯაზი, სოული, ფანკი, დისკო და R&B დღესაც ელ მაქკეის შემოქმედების ქვაკუთხედია.

მაქკეი ფიქრობს, რომ "კარგი მეგობრები, კარგი მუსიკა და კარგი საჭმელი პოზიტიურ ატმოსფეროში" საუკეთესო წვეულებას ქმნის, ასე რომ, ეჭვგარეშეა, ერთგულ და ახალ მსმენელს არც 13 აგვისტოს გაუცრუებს იმედებს.

მესამე დღე

ფოტო: თიბისი კონცეპტი

მაქკეის არ იყოს, დიდი წარდგენა არც ქენდი დალფერს სჭირდება. ნიდერლანდური ჯაზის ლეგენდის კარიერა ათწლეულებს ითვლის, რომლის განმავლობაშიც დალფერმა არაერთ მსოფლიო ვარსკვლავთან ითანამშრომლა. უფრო ზუსტად, ჯაზმუსიკოსსა და საქსოფონისტს უმუშავია ისეთ ლეგენდარულ შემსრულებლებთან, როგორებიც არიან პრინსი და Pink Floyd. სხვათა შორის, სწორედ პრინსთან თანამშრომლობამ მიახვედრა დალფერი, რომ იგი შემსრულებელი უფროა, ვიდრე კომპოზიტორი.

აი, შემსრულებელი კი ალბათ მეტისმეტად მოკრძალებული აღწერაა. დიდწილად თვითნასწავლი ქენდი 12 წლის იყო, პირველად რომ თავის ბენდს გაუძღვა. მას შემდეგ სცენაზე ისეთი თავდაჯერებით იდგა, რომ 18 წლის ასაკში მადონას კონცერტების გახსნაც კი ანდეს. მართალია, თავს უკეთ მაშინ გრძნობს, როცა მუსიკას ცოცხლად ასრულებს, მაგრამ არანაკლები წარმატება ხვდა წილად დალფერის სტუდიურ ჩანაწერებსაც. 19 წლის ასაკში გამოშვებული პირველი ალბომი მილიონზე მეტ ეგზემპლარად გაიყიდა და გრემიზეც კი იყო ნომინირებული. რიგით მე-9 ალბომი Candy Store კი ბილბორდის ჩარტების მოწინავე პოზიციებზეც აღმოჩნდა.

როცა სხვების ზედმიწევნით მიბაძვა აღარ გამოგდის, საკუთარი სტილის ჩამოყალიბებას იწყებო, ამბობს ქენდი. ამ გამორჩეულმა სტილმა წლების განმავლობაში მუსიკოსს მსოფლიო აღიარება მოუტანა. ამდენად, შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალის ფინალურ დღეს შეკრებილების მოლოდინებიც დიდი იქნება.

დაბოლოს...

თუკი ჯაზის მათრობელ მუსიკას ჩოგბურთის კლუბში ვერ მოსწყდებით, შეძლებთ, ივერია ბიჩზე გადაინაცვლოთ, სადაც ეგრეთ წოდებული ჯემ სეშენი დაგხვდებათ და საღამოს სასიამოვნოდ გატარებას გააგრძელებთ.

ბილეთების შეძენა შეგიძლიათ ამ ბმულზე